საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დღეს მსჯელობა ევროპარლამენტში გაიმართება. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვები გაიმართება საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატების წინაშე .მოხსენებით წარდგება ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანა გომესი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ესწრებოდა.
მაშინ რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანა გომესმა ასე შეაფასა არჩევნების მიმდინარეობა:
ჩვენ შევშფოთდით იმის გამო, რომ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ზეწოლის შესახებ, სადაც ფიგურირებდა სოციალური დახმარების მოხსნა ან თუნდაც სამსახურიდან გათავისუფლება თუ ადამიანი მხარს დაუჭერდა ოპოზიციის კანდიდატს, გასაგებია, რომ ბევრი ამგვარი ბრალდება შეიძლება არ იყოს დასაბუთებული, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს, რომ გარკვეული შიში ამის მხრივ არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ შესაბამისმა უწყებებმა ამ საკითხებს ყურადღება დაუთმონ და უზრუნველყონ, რომ ამგვარი მუქარა არ განხორციელდეს”, -აღნიშნა მან -რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესებს, საარჩევნო კომისიებში პროცესი პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთი დამკვირვებელი გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი არ იყვნენ დამკვირვებლები და იყვნენ პოლიტიკური პარტიების ან კანდიდატების სუროგატები.
განსხვავებული ვითარება იყო რაიონებში. -განაცხადა გომესმა – მაგალითად, მცხეთაში, მუხრანში და ახალციხეში საარჩევნო უბნებს გარეთ იყვნენ მამაკაცების ჯგუფები, რომლებიც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდნენ და სავარაუდოდ ისინი აშინებდნენ ამომრჩევლებს. ზოგ შემთხვევაში სპორტული და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ ახლო-მახლო. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, შექმნილი იყო პირობები, რომ მოსახლეობას გაეკეთებინა არჩევანი”.
დეპუტატი ანა გომესი აცხადებს, რომ არჩევნების დღე მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში არჩევნების დასრულების შემდეგ განვითარდება. გომესის განცხადებით, სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტარები გააგრძელებენ პროცესების მონიტორინგს. მისი თქმით, მსგავს ვითარებაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს.
„საქართველო იქნება ერთ-ერთ ქვეყანა, რომელსაც პრიორიტეტებს მივანიჭებთ არჩევნების შემდგომი პერიოდის შეფასების გათვალისწინებით, რადგან დემოკრატია საჭიროებს არჩევნებს, მაგრამ მხოლოდ არჩევნებში არ არის საქმე. საქმე ეხება იმას თუ რა ხდება არჩევნებს შორის პერიოდში, როგორ არის დაცული მთავარი პრინციპები, სიტყვის, მედიის თავისუფლება, არის თუ არა ნამდვილი დემოკრატიული პროცესი პარლამენტში და ეს უფრო მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რადგან მკვეთრად შემცირდა საპარლამენტო პარტიების რიცხვი. ეს კი დამატებით პასუხისმგებლობას ანიჭებს მმართველ პარტიას,“ – განაცხადა ანა გომესმა.