,,ისეთი სანთლები უნდა იყოს გამოყენებული, რაც კადლის მხატვრობის ან ფრესკების დაზიანების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს'' – ასეთი გამოსავალს სთავაზობს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მიკუთვნებულ მონასტრებში მლოცველებს. ჟურნალისტებთან ვარძიაში მომხდარ ხანძარზე საუბრისას მან განაცხადა, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამონასტრო ცხოვრების გამკაცრებაზე.
”ის, რაც ვარძიაში მოხდა, ძალიან სამწუხაროა და პირველადი გაწმენდის სამუშაოების შემდეგ გამოჩნდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. დიდი იმედი მაქვს, რომ ფრესკები აღდგენადია. საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება და მასში ჩაერთვებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი წამყვანი სპეციალისტები. რაც შეეხება საპატრიარქოსთან ურთიერთობას, დიდი ხანია თანამშრომლობის ფორმატი გააქტიურებულია და ეს არ ხდება იმის გამო, რაც ვარძიაში მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს აქვთ შექმნილი ერთობლივი საბჭო, რომელიც მსჯელობს იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გავრცელდა სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა არქიტექტორულ თუ მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებული თვითნებური ჩარევის გამოსასწორებლად და არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე გამოსწორებული მდგომარეობის. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება გამკაცრებაზე, თავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და სამონასტრო ძეგლებზე”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.