პოლიტიკური ძალები ეხმაურებიან მშვიდობის მემორანდუმის გაფორმების წინადადებას

0
405
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წინადადებას  პოლიტიკურ ძალებისადმი  არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმების შესახებ ადრესატების მხრიდან ართგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.
”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზა, შეუერთდნენ მემორანდუმს  არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.  ”გვსურს, ერთხელ კიდევ დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო პოზიცია საარჩევნო პროცესში კონტრაქციების გამართვასთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ გააკეთა შესაბამისი განცხადება ჩვენმა ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა. კიდევ  ერთხელვაცხადებთ, რომ კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა ჩვენთვის არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა. კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
”ჩვენ ყველა მსგავს ინიციატივას შევუერთდით წარსულში და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, მიუხედევად იმისა, ვინ არის ინიციატორი ან ხელმომწერი. რეალობა გვანახებს ვინ არის ამ პრინციპების ერთგული და ვისთვისაა ეს ერთდღიანი პიარაქცია. თუმცა ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას აკისრია”, – აცხადებენ ”რესპუბლიკურ პარტიაში”.
,,თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ  არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების იდეა არა პრემიერმინისტრს, არამედ მათ ეკუთვნით.
”რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს, ე.წ. ქცევის წესებს. – აცხადებს პარტიის ერთერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე – ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ ევროპარლამენტარებთან კონსულტაციებით. ეს იყო ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სიძულვილის ენის არ გამოყენებას, დაპირისპირებაზე უარის თქმას, ორიენტირის გაკეთებას პროგრამებზე, პლატფორმებზე და საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის პატივისცემას. იმ პერიოდში ამ დოკუმენტს ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა ყველა საპარლამენტო ძალამ მოაწერა ხელი. მე ვფიქრობ, იქ ყველაფერი ნათელია და ახალი ველოსიპედების გამოგონება რა საჭიროა, მე ვერ გავიგე. ამას ელემენტარულად პოლიტიკური ნება სჭირდება”, – განაცხადა დოლიძემ. 
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ”თავისუფალი დემოკრატები” არ არის წინააღმდეგი, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ”ქართული ოცნების” შეთავაზებას – ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, „ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ აფასებს.
”ერთის მხრივ, აბრალებდე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ათასგვარ დაუჯერებელ ამბავს დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, საუბრობდე მემორანდუმზე მშვიდობასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეინიშნება თავდასხმები, პლაკატების ჩამოხევები, კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა და ა.შ. ვფიქრობ, არის ძალიან ცინიკურ-პოპულისტური ნაბიჯების გაგრძელება, თუმცა ჩვენი მხრიდან არც ერთ მსგავს შემოთავაზებას ბოიკოტი არ ექნება გამოცხადებული”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს პარტიაში განიხილავენ და კოლექტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
 
 
 

წინა სტატიანიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ლიდერების სამიტი – პირველად დიდი ბრიტანეთის გარეშე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური