დავით უსუფაშვილი – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და პარტიული სიის კანდიდატები თითქოს სხვადასხვა სამყაროდან არიან

0
390
რამდენიმე პოლიტიკური ძალის შემთხვევაში, მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენი კანდიდატები და პარტიული სიის წინა ხაზზე გამოყვანილი კანდიდატები თითქოს სხვადასხვა სამყაროდან არიან – ეს განსაკუთრებით ”ქართულ ოცნებაში” შეინიშნება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ”ინტერპრესნიუსისათვის” მიცემულ ინტერვიუში დასმულ კითხვას, რამდენად აქვს იმედი იმისა, რომ მომავალი პარლამენტი უფრო კვალიფიციური და თავის საქმეში ეფექტური იქნება. როგორც უსუფაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, იმედი აქვს, თუმცა ეს იმედი ორი-სამი კვირის წინ უფრო მეტად ჰქონდა.”მე ამის იმედი მაქვს, თუმცა ეს იმედი უფრო მეტად მქონდა ორი-სამი კვირის წინ. მაინც იმედიანად ვარ, მაგრამ ბოლო ხანებში, ცოტა ვშფოთავ, კერძოდ, კანდიდატების თაობაზე. რამდენიმე პოლიტიკური ძალის შემთხვევაში, მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენი კანდიდატები და პარტიული სიის წინა ხაზზე გამოყვანილი კანდიდატები თითქოს სხვადასხვა სამყაროდან არიან. ”ქართულ ოცნებაში” ეს განსაკუთრებით შეინიშნება. ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ერთ-ერთ პრეზენტაციაზე იყვნენ ქალები, ახლა საერთოდ აღარ არიან ქალები – ეს ერთი სერიოზული თემაა, მაგრამ მარტო ამას არ ვგულისხმობ. მე იმას ვგულისხობ, რომ მოქმედ პარლამენტში ყველაზე უფრო არასაპარლამენტო საქმიანობით დაკავებული ადამიანები ანუ ადამიანები, რომელთაც 4-წლის განმავლობაში უბრალოდ არ მოისურვეს პარლამენტარობა… – გადასარევი ხალხი არიან და ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები გავიცანი, არიან პატრიოტები, ზოგი ნიჭიერი ბიზნესმენია, ზოგი სხვა სფეროდან არის, მაგრამ მათ ამ 4-წლის განმავლობაში პარლამენტარობა არ მოუნდომებიათ. ახლა ვხედავ საკმაოდ ბევრს ასეთს, რომელიც ისევ მაჟორიტარულ ოლქშია დასახელებული. მომავალი პარლამენტის ეფექტურობაზე ეს სასიკეთო გავლენას აშკარად ვერ მოახდენს, თუმცა არიან სხვები, რომლებიც პირველად იყვნენ პარლამენტში, მაგრამ სერიოზული შედეგები აჩვენეს. შეიძლება პიარ-ტექნოლოგიურად არასწორ ნაბიჯად ჩამეთვალოს, რადგან კონკურენტი პარტიის კანდიდატი პოზიტიურ კონტექტში უნდა ვახსენო, მაგრამ მაინც ვიზამ ამას, რადგან პარლამენტზე მეკითხებით. მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ისევ მცხეთაში იყრის კენჭს, ოთხი წლის წინ პარლამენტში ქირურგის ოთახიდან შემოვიდა, მან ქირურგის დანა დადო და მოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამ ოთხი წლის განმავლობაში თავისი მიმართულებით იმდენი იმუშავა, რომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პარლამენტარია და ხვალაც თუ იქნება პარლამენტში, ის პარლამენტს ბევრს და კარგს შესძენს. ამას ვერ ვიტყვი ბევრზე, ვინც ახლა სახელდება. ამიტომ მომავალი პარლამენტის ამ ნაწილში შედეგიანობა ეჭვს იწვევს, თუმცა დარწუნებული ვარ, რომ მისი მთლიანი შემადგენლობა უფრო მონდომებული იქნება საპარლამენტო საქმიანობისთვის, ვიდრე ჩვენ ეს ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი. 
წინა სტატიადაკავებულია გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბეჟან გუნავა
შემდეგი სტატიაინდოეთში შეიარაღებული თავდასხმისას 13 ადამიანი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური