,,დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც დაძლევენ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ ”- პრემიერ-მინისტრი თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მხრიდან კრიტიკას ეხმაურება

0
406
თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია ამ წუთებში სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება. იზორია სამინისტროში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მივიდა. 
 
დღეს დილით პრემიერი ჟურნალისტებთან საუბარში შეეხო ახალი თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის კრიტიკულ შეფასებებს 
,,დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელისა და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს,რომლებიც  თავდაცვის მინისტრად უშიშროების სამსახურის კადრის ლევან იზორიას დანიშვნას პრემიერის შეცდომად და სისტემურად არასწორ გადაწყვეტილებად აფასებენ. 
 
შეგახსენებთ,  ხიდაშელმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა პარტნიორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოს, მაგალითად, სამხედრო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მაინცდამაინც ვარსკვლავები არ უნდა ეკეთოს? – ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით. ჯერ ალასანია – სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ცუდი ტენდენციაა. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერის ამ გადაწყვეტილებას  სისტემურად არასწორ ნაბიჯს უწოდებს. იგი 
 ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს დროებითია და შესაძლოა იმ ვითარებით არის განპირობებული, რაც შეიქმნა. ”თუმცა, მმართველი გუნდისთვის, პრემიერისთვის ეს თემა, რომ თავდაცვის მინისტრი აღარ იქნებოდა თინა ხიდაშელი, დიდი ხანია ცნობილი იყო და მათივე სურვილიც იყო, რომ ეს ასე მომხდარიყო, ამიტომ შეიძლებოდა უკეთ მომზადება ამ საქმისთვის. მაგრამ მე უფრო ღრმად არ ჩავალ რამოდენიმე მიზეზის გამო, ზოგ მიზეზს უბრალოდ არც კი დავასახელებ, მაგრამ არის კიდევ სხვა მიზეზები. მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, უშიშროების საბჭოს წევრი ვარ მეც და ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრიც. ჩვენ ერთად მოგვიწევს ძალიან სერიოზულ საქმეებზე მსჯელობა. ცხადია, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მექნება ის ურთიერთობა, რაც უნდა მქონდეს. თავად ლევან იზორიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, უნივერსიტეტის პირველი წლებიდან. მას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აქვს სერიოზული კვალიფიკაცია, მაგრამ თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე მე მგონია, რომ ეს სისტემურად არასწორად დანახული მომავალია და არასწორი ნაბიჯია. 
 ჯარი და თავდაცვის უწყება ეს არის ის სფერო, სადაც ყველას ინტერესშია ნაბიჯების სწორად გადადგმა. ამიტომ, მე ოპონენტი ვარ ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების”, ოპონენეტი ვარ პრემიერის ამ არჩევნებზე, მაგრამ არ მიხარია ის, რასაც ვამბობ.  – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
 
წინა სტატიარატომ არ უნდა დავით უსუფაშვილს ,,ხარაგაულები ბევრგან განმეორდეს” და რატომ უნდა გადაიკეტოს ადგილობრივი თვითმმართველობა ,,ქართული ოცნების” აზრით პოლიტიკური ოპონენტებისათვის
შემდეგი სტატია,,პალმის “ჟმოტები” ნუ გამოგვეხმაურებიან. ქუჩას საჩუქრად მოჰყვება დაჟანგული პროჟექტორი” – როდის გახდა დღევანდელი ხელისუფლებისათვის მისაღები არაბი შეიხი, რომელიც აცხადებს, რომ ,,მიხეილ სააკაშვილი მისი ძმაა”(Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური