საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის 15 ახალი სახის წარდგენას ექსპერტები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
გია ხუხაშვილი : „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი 15 ადამიანის სია ცნობადობითა და დებატების წარმოების უნარით რომ შევადაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულს – ე.წ. ახალ სახეებს, 10-0-ს იგებს „ნაციონალური მოძრაობა“.
დარწმუნებული ვარ, ახლა ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო თბილისის ქუჩებში, ერთს ვერ იპოვი, რომ ამ დასახელებული 15 კანდიდატის გვარებიდან დაახლოებით, 5-ის დასახელება მაინც შეძლოს. მათ ნულოვანი ცნობადობა აქვთ – ეს არის პრობლემა. ნაციონალური მოძრაობის ათეულიდან ყველას აქვს მაღალი ცნობადობა და ძალიან დიდი გამოცდილება მედიასთან ურთიერთობისა და საჯარო სივრცეში აქტიური მოქმედებების და ა.შ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ამ სახეებს რომ მოუწევთ დებატებში მონაწილეობა, ბუნებრივია, მათ შანსი არ აქვთ. ერთადერთი უნდა იძახონ სისხლიანი 9 წელი, მაგრამ სხვა არგუმენტის თქმას ვერ მოახერხებენ. ეს კი მათ აყენებს ძალიან რთულ მდგომარეობაში. „მე გეტყვით ამის შემდეგ რაც მოხდება. ახლა შეეცდებიან ამ ადამიანების საჯარო სივრცეში ინტეგრაციას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დამთავრდება, გამოუცდელობის გამო, ე.წ. კოღუაშვილის სინდრომით. თითო-თითო სისულელეს იტყვიან რაღაცას და მოუწევთ გაჩერება. წინა პლანზე წამოვლენ ისევ „ქართული ოცნების“ ძველი სპიკერები. ამით დასრულდება ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს ძალისხმევა, ტაშ-ფანდური წყალში გადაყრილი გამოვა საბოლოო ჯამში“,
„ქართულ ოცნებაში“, სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში, მე პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური ანალიზის სიმპტომებსაც კი ვერ ვხედავ. ყველაფერს უკუღმა აკეთებენ და ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ სწორად? ასე რომ, კანონზომიერია ყველაფერი“.
ირაკლი ალასანია: "სამწუხაროდ, ქართული ოცნების ბრენდი იმდენად დაზიანებულია, რომ ასეთი ფასადური ცვლილებები, რა თქმა უნდა, მათ შედეგს არ მისცემს. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა ამ სამ თვეში ისეთი, რომ საზოგადოება, რომელმაც დაინახა, რომ ქართულმა ოცნებამ ზურგი აქცია და არცერთი დაპირება პრაქტიკულად ვერ შეასრულეს, რომ ეს განწყობა შეცვალონ.“
გიგი წერეთელი: ,,შეიძლება ახლადწარდგენილი ადამიანები ზოგიერთ ძველზე უფრო სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ”ქართული ოცნების” წინა სია იმდენად ჭრელი იყო, იდეოლოგიურადაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები სხვა ტალღაზე იყვნენ მოსული. დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია. ზოგიერთს გარკვეული საქმიანობიდან ვიცნობ, თუმცა ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გარდატეხას მოახდენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ გუნდის მოსვლით იმდენად გაუმჯობესდება ამ ოთხი წლის განმავლობაში გაფუჭებული საქმეები, რომ ხალხი უკეთესად დაიწყებს ცხოვრებას. განახლებულ ”ქართულ ოცნებაში” არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. ზოგი მათგანი პოლიტიკური ლიდერიც იყო, მაგრამ აბსოლუტურად ფერმკთალი და უპრინციპო. ასე რომ, მგონია, არაფრის შემძენი ისინი არ იქნებიან, ერთადერთი ეს ხალხი ნავსაყუდელს ეძებს – ისეთი ადამიანები, რომლებმაც ფეხი ვერსად მოიკიდეს, ახლა ბიძინა ივანიშვილის ფულის იმედად არიან – იქ ასეთებიც იქნებიან”
თავად ახალ სახეები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მოქმედების თავისუფლებას ელიან. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს: ,,ივანიშვილმა 2012 წელს შეძლო შეუძლებელის გაკეთება – ჩამოაყალიბა ის გუნდი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და, შესაბამისად, მის აზრს და მის პოზიციას რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობისა და სხვა ადამიანებისთვის, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. არ მაქვს განცდა ნამდვილად, რომ სხვა ფორმით ჩარევა არსებობს. ბევრი ვიღაც ბევრ რამეზე საუბრობს და აქედან დიდი ნაწილი არასერიოზული არის ხოლმე. არანაირი არაფორმალური მმართველობა არ მიგრძვნია ჩემი უშუალო საქმიანობის პროცესში".
მათ ოპტიმიზმს არ იზიარებს თინათინ ხიდაშელი, რომელმაც ,,ქართული ოცნება" შიგნიდან ნახა. იგი ასე მიმართავს ქართული ოცნების ახალ წევრებს ფეისბუქ გვერდიდან: კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჯოჯოხეთში! ( welcome to hell )