სოხუმში ხაჯიმბას მმართველობის დასასრული იწყება?

0
412
გუშინდელი მასობრივი არეულობა სოხუმში დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა დე– ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ  თანამდებობიდან გადააყენა (თუმცა მისი აღდგენის შესაძლებლობაც დაიტოვა )  შსს მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა. მოვლენები სოხუმში შემდეგი ქრონოლოგიით ვითარდებოდა: 
5 ივლისს,  შუადღეს  სოხუმში, სახელმწიფო ფილარმონიის შენობის მიმდებარე  პარკში დაიწყო არასანქცირებული მიტინგი, რომელიც ორგანიზებულ იქნა გაერთიანებული ოპოზიციური ძალების მიერ მოახლოებული რეფერენდუმის  გარშემო შექმნილი  სიტუაციის  გაპროტესტებისათვის. 
,,ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ განვიხილოთ რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხები, ხელისუფლების მიერ რეფერენდუმის დაბლოკვის მცდელობა, რაც  სხვა არაფერია, თუ არა ხალხისთვის თავისუფალი ნების კონსტიტუციურად გამოთქმის შესაძლებლობის წართმევა , სწოედ ეს არის საზოგადოების მღელვარების საგანი“– მიმართა  შეკრებილებს ოპოზიციური  პარტია ,,ამცხარას’’  პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  ყოფილმა გენპროკურორმა  ანქვაბისდროინდელ  ხელისუფლებაში ანრი ჯერგენიამ.   
მისი თქმით,  რეფერენდუმის შედეგებზე  პირდაპირ აისახება ქვეყანასა და საზოგადოებაში  არსებული სიტუაცია და ხელისუფლება ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ხალხის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვისთვის. 
,,რეფერენდუმი ტარდება  მხოლოდ სამართლებრივ სახალმწიფოში, ხაჯიმბას ხელისუფლებამ კი შექმნა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ხალხს თავისი აზრს გამოხატვის საშუალებას ართმევს – მან პრაქტიკულად  უკვე ჩაშალა რეფერენდუმი  და ის დროა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ასეთ რეფერენდუმში ’’ –აღნიშნა  ჯერგენიამ – ქვეყნის არც საგარეო,  არც საშინაო პოლიტიკაში არ გადადგმულა მეტნაკლებად წარმატებული ერთი ნაბიჯიც  კი, პრეზიდენტს არაფერი აქვს საამაყო, მან არ შეასრულა არც ერთი თავისი დაპირება, რომელიც  ასე უხვად გასცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ‘’
,,ხელისუფლება გამუდმებით არღვევს კანონებს, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო: ხელისუფლება, რომელიც  ქვეყნის სათავეში მოდის  არაკონსტიტუციური გზით, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ვერც შემდეგ შეძლებს კანონიერების დაცვას. ხაჯიმბას პოლიტიკა აგებულია  მოტყუებასა და სიცრუეზე   – ამ პირობებში ჩვენს მისვლას რეფერენდუმზე აზრი არა აქვს და ბოიკოტს ვაცხადებთ'' – ჯერგენიას ამ გამოსვლას მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ. 
მიტინგზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა  ოპოზიციის  ძირითადი მოთხოვნები: დაუყოვნებლივ იქნას გადაყენებული შს მინისტრის პოსტიდან ლეონიდ ძიაფშბა, გაიხსნას რეფერენდუმის სპეცუბნები მოსკოვსა და ჩერქესკში, კენჭისყრის უფლება მიეცეთ ვადაგასული პასპორტების მფლობელებს,  და ბოლოს, რეფერენდუმი გადაიდოს  ოქტომბრის ან ნოემბრისათვის. 
ოპოზიციის წარმომადგენლები ამ მოთხოვნებით გაემართნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,   ფილარმონიასთან შეკრებილთა სიმრავლემ აიძულა ხაჯიმბა დაუყოვნებლივ დაეწყო მიტინგის ორგანიზატორებთან  მოლაპარაკება ,,ყველა სადაო საკითხზე შეთანხმების მიღწევამდე''. 
იგი თავის მხლებლებთან ერთად ,,სამი ესკორტით’’ ( რატომღაც ამას ხაზგასმით აღნიშნავს აფხაზური მედია – ოდიში ნიუსი)  გაემართა   შსს შენობაში მოლაპარაკების მაგიდასთან მისაჯდომად და მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად. 
მოლაპარაკება  შსს შენობაში გაჭიანურდა , რამაც გააღიზიანა ფილარმონიასთან მომლოდინე  ხალხი. მით უმეტეს, რომ მათ მიიღეს ცნობა, რომ ხაჯიმბამ კატეგორიული უარი განაცხადა ყველა საკითხზე, მათ შორის ლეონიდ ძიაფშბას გადაყენებაზე. 
შეკრებილებმა  გადაწყვიტეს, აღარ დალოდებოდნენ მოლაპარაკების დასრულებას და შს სამინისტროს შენობისკენ დაიძრნენ, რომ ,,თავად გამოეძევებინათ მინისტრი იქიდან“. მათი შეჩერება მილიციის კორდონმა ვერ შეძლო, წინააღმდეგობამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია და  მიტინგმა მასობრივ არეულობაში იწყო გადაზრდა.
სიტუაცია ვერ განმუხტა პარტია ,,ამცახარას ‘’ ლიდერმა ალხას კვიწინიამაც , რომელმაც შეტევისთვის მზადმყოფ ხალხს განუცხადა , რომ ესაუბრა პრეზიდენტს და მიიღო მისგან პირობა, რომ ხალხისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. ,,იმედია, გადაწყვეტილების მიღება დროში არ გაიწელება;’’ – განაცხადა მან. 
მომიტინგეებთან გავიდა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარიაც, რომელმაც განაცხადა, რომ  ,,ძიაფშბა მზად არის გადადგეს, მაგრამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს’’. 
დრო გაიწელა. მღელვარება იზრდებოდა. მომიტინგეებმა ორჯერ წამოიწყეს შენობის შტურმი, ისინი შენობის მთავარი შესასვლელისკენ მიიწევდნენ, მაგრამ გაძლიერებულმა სპეცნაზმა ორივეჯერ შეძლო მათი შეკავება. 
მესამე შტურმი უფრო ძლიერი აღმოჩნდა – მომიტინგეებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს და  ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა მისი ჩაქრობა მალევე მოხერხდა და ხანძარი შენობაში არ ავრცელებულა. 
ამ შეხლა – შემოხლაში ორივე მხარეს არიან დაშავებულები.
ბოლოს და ბოლოს, ხაჯიმბამ გადაწყვეტილება მიიღო: მომიტინგეებს მიმართა  აფხაზეთის ვიცე პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ. მან  წაიკითხა ხაჯიმბას განკარგულება შსს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ, გამოძიების დასრულებამდე (შეგახსენებთ,  ოპოზიცია ლეონიდ ძიაფშბას, გარდა იმისა , რომ ადანაშაულებს არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაში, ბრალად სდებს, აგრეთვე, რეფერენდუმის დაბლოკვისა და ჩაშლის მცდელობაში  ხალხის დაშინების გზით და, განსაკუთრებით,  შსს  ორგანოების თანამშრომელების მიმართ განხორციელებულ მუქარაში , რომ სამსახურს დატოვებს ყველა, ვინც თავად მივა ან არ უზრუნველყოფს ხალხის გამოუცხადებლობას რეფერენდუმზე თავიანთ უბნებში. ბოლო დღეებში ამას დაერთო  2 ივლისს პარტია ,,ედინაია აბხაზიას“ პოლიტიკური მდივნის ირინა დოჩიას გატაცება უცნობ პირთა ჯგუფის მიერ თავისი სახლის ეზოდან , რაც დღემდე არ არის გამოძიებული )  . ხაჯიმბას განკარგულებით,  მინისტრის  მოვალეობას დროებით შს მინისტრის პირველი მოადგილე ბორის აბიტოვი შეასრულებს.
ღამის 23 საათისათვის, ხაჯიმბას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილებმა დაშლა იწყეს, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელებში გაკეთებულ კომენტარებშიც ჩანს,  ძიაფშბას გადაყენება მათ არ აკმაყოფილებთ და საპროტესტო აქციების საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელებას გეგმავენ.  
გვიან ღამით ხაჯიმბამ მოსახლეობას მიმართა და   სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. 
,, დღეს ისინი ( ოპოზიციის წარმომადგენლები – ,,ოდიში ნიუსი'') მოვიდნენ ჩემთან და თავიანთი მოთხოვნები გადმომცეს.  ისინი თავისას ლაპარაკობენ და  ჯერ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი. მე მოგიწოდებთ, გავუძლოთ ამ ყოველივეს, არ ავყვეთ პროვოკაციას. ჩვენ გვეყოფა ძალა და საშუალება  ჯეროვნად გავართვათ თავი  ამ ამოცანას. 
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება! მე არ შემიძლია თავად მოვიხსნა თავი. შემიძლია მხოლოდ გადავდგე,  მაგრამ კანონს არ  დავარღვევ, რაღა პრეზიდენტი ვიქნები მაშინ! რეფერენდუმს არ გადავდებ! იგი დანიშნულია 10 ივლისს და ჩატარდება კიდეც! სხვაგვარად არ შეიძლება მოხდეს!  ''– ხაზგასმით აღნიშნა მან. 
ამასთან ხაჯიმბამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მიეცეთ  ვადაგასული პასპორტების მფლობელებს: ,,რაც შეეხება პასპორტებს. –  ისინი ამბობენ,  რომ უნდა დავუშვა ამ პასპორტებით ხმის მიცემა და მე ამაზე თანხმობა განვაცხადე. ასეთი პასპორტი სულ 4 ათასია და, თუ ეს 4 ათასი პასპორტი გადაწყვეტს რეფერენდუმის შედეგებს, დე იყოს  ასე ! მე მზად ვარ წავიდე ამაზე. ‘’
დღე დასრულდა იმით, რომ წუხელ, გვიან ღამით  დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ  აფხაზეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გენპროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს არასანქცირებული მიტინგის მონაწილეთა ქმედებებს  –  მასობრივი არეულობის მოწყობას , შსს შენობის შტურმით აღების მცდელობას და პოლიციისა და  სხვა ძალოვანი სტრუქტურების  წარმომადგენლებისათვის  წინააღმდეგობის გაწევას, რასაც რამდენიმე მათგანის სხეულის დაზიანება მოყვა. .  
ასეთი იყო გუშინ სოხუმში განვითარებული მოვლენების ქრონიკა. 
 
 
წინა სტატიაგუშინ სოხუმში ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა მასობრივი არეულობა. ე.წ. შსს შენობას მოლოტოვის კოქტეილებიც დაუშინეს
შემდეგი სტატიაგალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური