ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატები და ახლობლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან საქმის გამოძიების სამართლებრივ შეფასებას

0
396
ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატები და ახლობლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან საქმის  გამოძიების სამართლებრივ შეფასებას . დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზე მათ კიდევ ერთხელ დასვეს გამოძიების მიერ პასუხგაუცემელი კითხვები და გააპროტესტეს ამ გახმაურებული  საქმისთვის თვითმკვლელობის კვალიფიკაციის მინიჭების მცდელობა. 
 
,,ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა  ეს დაზიანებები გამოტოვებულია, –  განაცხადა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა . მისი თქმით, გამოძიება ამტკიცებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი დატოვებულია ავტომობილის უკანა სავარძელზე, ასევე ავტომობილის წინა სავარძლის თავის საყრდენზე. ადვოკატი ეჭვს გამოთქვამს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ავტომობილში სხვა პირების ტანსაცმლის კვალი, ასევე რატომ არ არის ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ან სხვა ტანსაცმლის კვალი ავტომობილში, ამასთან, საიდან აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი წინა სავარძელზე, როდესაც პიჯაკს მხოლოდ უკანა სავარძელზე ინახავდა. 
 
ადვოკატებმა იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ზეც ისაუბრეს.  „იარაღზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი. ეს დნმ იარაღის ლულაზე ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი. პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა ექსპერტიზა ამ ფაქტთან რადიკალური არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში“, – განაცხადა ჩიქოვანმა. 
კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა ეროსი კიწმარიშვილის ძმასთან ზურაბ კიწმარიშვილთან და ადვოკატ გაგი მოსიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
ადვოკატებმა და ეროსის კიწმარიშვილის ძმამ იმ კითხვებზე ისაუბრეს, რომელზეც გამოძიებას ამ დრომდე პასუხი არ გააჩნია. კერძოდ, მერაბ ჩიქოვანის თქმით, გამოძიებას არ შეუსწავლია გარდაცვალების დღეს ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მასალები, ასევე არ მომხდარა სატელეფონო ზარების დამუშავება და აღნიშნული მასალები მხოლოდ მას შემდეგ გამოიკვლიეს, რაც ოჯახმა მოითხოვა. თუმცა, მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა და დეტალური ინფორმაცია ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის ცნობილი ამ დრომდე არ გამხდარა. 
 
ადვოკატის თქმით, დაგვიანებით მოხდა ეროსი კიწმარიშვილის პირადი სივრცის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და სკაიპს ეხებოდა. 
 
„არ მომხდარა მისი პირადი სივრცის შესწავლა. ცნობილია, რომ ეროსი კიწმარიშვილი სახლიდან გასვლამდე კომპიუტერთან იყო და მუშაობდა, თუმცა არ მომხდარა იმის დადგენა თუ რომელ ვებ-გვერდებს სტუმრობდა და რა ოპერაციებს ახორციელებდა ის. ამასთან, მას შემდეგ რაც მოვითხოვეთ ჩვენ მისი პირადი სივრცის შესწავლა და მივაღწიეთ შეთანხმებას გამოძიებასთან, მოხდა ეროსი კიწმარიშვილის ექაუნთის გატეხვა და გარკვეული მასალების წაშლა, მაგალითად, წაიშალა მისი მიმოწერა ალექსანდრე კარპოვთან. ალექსანდრე კარპოვი იყო ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი. კაპროვი ეროსი კიწმარიშვილთან მიმოწერას ადასტურებს ზურა კიწმარიშვილთან, თუმცა აღნიშნული მიმოწერა გამოძიებისთვის ხელმიუწვდომელია, რადგან ის ვიღაცამ წაშალა. ეს საფუძვლიან ეჭვს იწვევს მასალის დაკარგვის“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა

 
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად კი ზურა კიწმარიშვილს ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არ არსებობა მოჰყავს.  „პროკურატურის ინფორმაციით, ფანჯარა იყო ჩაწეული. გასროლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც ავტომობილი იდგა, არც კედელზე და არც იატაკზე სისხლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იდგა“, – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა. 
 
საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება ომბუდსმენიც. .,, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კითხვები არსებობდა, არსებობს და ალბათ იარსებებს კიდეც,' გამომდინარე იქიდან, რომ საქმე დასრულდა,  ჩვენ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას იმასთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ, რამდენად იყო ეს განაჩენი დასაბუთებული.  უნდა ვნახოთ საქმის მასალები, რაზეც აქამდე წვდომა არ გვქონდა და საქმის დასრულების შემდეგ გვებნება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
გუშინ  საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა.
წინა სტატიაკორცხელში ყოფილი პოლიციელი ცეცხლსასროლი ირაღიდან გასროლით დაჭრეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთში მიმდინარე რეფერენდუმის საბოლოო შედეგები სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური