ცხინვალის მილიციამ ,,ქართული ოცნების” მიერ ამნისტიით გათავისუფლებული მარეკ დუდაევი და მისი კრიმინალური ჯგუფი დააკავა

0
390
 
19 ივნისს, ღამით ლენინგორში დაკავებულ იქნა  მამაკაცების ჯგუფი კრიმინალური ავტორიტეტის მარეკ დუდაევის მეთაურობით, რომელმაც   ,,ხარკი დააკისრა“ რაიონს. ამის შესახებ ,,ეხო კავკაზა''  იუწყება.
ოპერაცია ცხინვალელმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს. ჯგუფის დაკავებას წინ უძღოდა კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელიც ერთერთი ყველაზე გავლენიანი კონტრაბანდისტია რაიონში. 
მარეკ დუდაევი 2004 წელს დააპატიმრა საქართველოს  შს სამინისტრომ. დაკავებისას მან მიიღო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით  მიყენებული რამდენიმე ჭრილობა, მაგრამ  სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ოფიციალური ვერსიით, დუდაევი დაკავებულ იქნა, როგორც ეჭვმიტანილი  საქართველოს რკინიგზის თბილისი – მცხეთის მონაკვეთზე მომხდარ დივერსიასთან კავშირში, თუმცა გასამართლდა და სასჯელი დაეკისრა სხვა ბრალდებით. 2005  წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი გაასამართლა ყაჩაღობების, ძარცვის, გამომძალველობისა და მკვლელობების ბრალდებით და  მიუსაჯა პატიმრობა 23 წლის ვადით. მაშინ სამხრეთ ოსეთმა ეს  ბრალდებები შეაფასა როგორც ,,უსაფუძვლო და შეთითხნილი“  და მრავალი წლის მანძილზე მოითხოვდა მის გათავისუფლებას.  
2013 წლის 7 ივნისს მარეკ დუდაევი ამნისტიით გამოუშვეს საპატიმროდან. 
,,ოდიში ნიუსი'' შეგახსენებთ , რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს შსს ხელმძღვანელების აზრით, მარეკ დუდაევის გათავისუფლება სერიოზული შეცდომა იყო. 
როგორც   შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობდა,  „მას ჰქონდა უმრავი მკვლელობა ჩადენილი, ასევე ყაჩაღობები. ჰქონდა მოწყობილი ტყვეთა ბანაკები, სადაც უფასოდ ამუშავებდა ქართველ მოსახლეობას. ექცეოდა როგორც ყმებს. აუპატიურებდა ქალებს, იყო იქაურობის სრული ბატონ-პატრონი. ჩვენ 20 კაცში არ გავცვალეთ დუდაევი, იმდენად ამაზრზენი დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი.“
შეგახსენებთ იმასაც, რომ პატიმარ დუდაევის მიმართ დამოკიდებულება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ შეიცვალა. ჯერ კიდევ თებერვალში, უჩა ნანუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისსა და ცხინვალს შორის მომხადარიყო პატიმრების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“.
„რაც შეეხება მარეკ დუდაევს. მან მოიხადა უკვე 9 წელი. მე ვფიქრობ ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მომხდარიყო რეაგირება. ეს პროცესი, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მოლაპარაკების დაწყებას და ქართულ-ოსური დიალოგის გაღრმავებას'' – აცხადებდა ომბუდსმენი.
 ქართულ – ოსური დიალოგი ამით არ გაუმჯობესებულა, მაგრამ ცხინვალის მოსახლეობამ  და ხელისუფლებამ, რომელიც მარეკ დუდაევს ლამის ეროვნულ გმირად აცხადებდა,  ახლა უკვე თავად გამოსცადეს კრიმინალური ავტორიტეტის მიერ  ქართველებზე ნაცადი მეთოდების სიმძიმე. ,,გმირების ადგილი აქ არ არის" – აცხადებენ ირონიულად ცხინვალის ხელისუფლებაში 
წინა სტატიაპროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადემოკრატია ,,ქართულად”: ევროპის სახალხო პარტია პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მერაბიშვილის არჩევნებამდე განთავისუფლებას ითხოვს, ,,ქართული ოცნების” მინისტრი თვლის, რომ მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური