ერთი წელი გავიდა 13 ივნისის სტიქიიდან, მაგრამ კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება – მთავრობას არ ეყო ძალა აღიაროს თავისი შეცდომები

0
408

 დღემდე პასუხგაუცემელი რჩება  კითხვები… რატომ არ გადაიკეტა ვაკე – საბურთალოს გზა… რატომ არ გააფრთხილეს დროზე მოსახლეობა წყლისა და ტალახის დაგუბებული მასის კატასტროფული მასშტაბებისა და გარდუვალი საფრთხის შესახებ… რატომ არ იქნა გამოყენებული ვერტმფრენები სტიქიას პირისპირ შერჩენილი ადამიანების გადასარჩენად… რატომ უჩივის დაზარალებული მოსახლეობა დაუსაბუთებელ პროვილეგირებასა და შერჩევითობა სზარალის ანაზღაურების პროცესში… რატომ რჩებიან დღემდე აუტანელ პირობებში  ზოოპარკის ბინადრები, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია აღდგენილ ინფრასტრუქტურაზე, სად არის ქალაქის მერისა და  ზოგადად ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული უხვი დაპირებები, რატომ სდასჭირდა ერთი წელი სტიქიასთან ბრძოლაში დაღუპული მაშველების  ოჯახებისთვიდ სოციალური პაკეტების გაუმჯობესებას… 

….ერთი წელი გავიდა გასული წლის ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან, 13 ივნისის სტიქიიდან, რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, ორი დაკარგულად ითვლება, დაზარალდა ათასზე ადამიანი და ორასმა  ოჯახმა დაკარგა საცხოვრებელი. მომხდარი უკავშირდება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს , რომელიც ახალდაბაში ჩააღწია. მოწყვეტილმა მასამ ვერეს ხეობაში მდინარის დაგუბებაც გამოწვია. დაახლოებით, ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა, სპეციალისტების შეფასებით, ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრები იყო სვანიძის ქუჩა, ასევე ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა-სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, ზოოპარკი და მზიური. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც. 

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო, მისი  შეფასებით, ,,შემაძრწუნებელია თითოეული წუთის გახსენება, რაც დედაქალაქში შარშან ხდებოდა, თუმცა ნამდვილად სანუგეშოა იმ კონსოლიდაციის და გადარჩენილი სიცოცხლეების გახსენება, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა.

„ნამდვილად გვანუგეშებს ასევე ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია, რომელიც მართლაც ისტორიული იყო იმ დღეებში. ალბათ, მადლობის თქმაც უადგილოა და უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატო იმ ახალგაზრდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს. როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, გიჩნდება კითხვა, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში. თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია თითოეული ჩვენგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 65 ოჯახს მთავრობამ საცხოვრისის შესაძენად თანხა უკვე გამოუყო, უდიდესი უმრავლესობა უკვე დაბინავებულია და პროცესი გრძელდება, ბევრი ადამიანის ბინას კი სარემონტო სამუშაოები უტარდება.

„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აღდგა ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადმოგვცა ცხოველები. დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც მომავალში რისკს აგვაცილებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე 8 ადამიანის გადარჩენას შესწირა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სიმბოლურია, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობა მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივას განიხილავს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით მომზადდა.

მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის შემთხვევაშია, ოჯახს ერთჯერადად 100 ათასი ლარი, ხოლო შემდგომში ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა გადაეცემა.
„რა თქმა უნდა, ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, მაგრამ ვფიქრობთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად სამებაში პანაშვიდს გადაიხდიან. 

 

 

წინა სტატიააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაამომრჩეველთა ერთიანი სია განახლდა – გადაამოწმეთ საკუთარი მონაცემები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური