ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის წევრები ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეებს შეხვდნენ

0
406

დღეს, 31 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის წევრები ანი წითლიძე, ლელა ქებურია და თენგიზ გუნავა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეებს შეხვდნენ და  მათ პრობლემებს გაეცნენ.

დახლებთან მდგარმა მოვაჭრეებმა მათი კითხვების პასუხად განაცხადეს, რომ   მათი ფინანსური მდგომარეობა დღითიდღე უარესება, რადგან იგი მყიდველთა შესაძლებლობების პირდაპირპროპორციულია – ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარი ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა პრობლემების წინაშე დადგნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. 

მოვაჭრეები  უჩივიან მყიდველთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, ხალხს ფული არა აქვს, ლარის გაუფასურების შედეგად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც პროდუქტების გაყიდვით ირჩენენ თავს და ისინიც, ვინც დამოკიდებულნი არიან ყოველთვიურ პენსიაზე, რომელიც  უკვე არავის არაფერში ყოფნის. გაძვირებულია პროდუქტები, გაძვირებულია წამლები, ეს ყველაფერი კი მათ ისედაც გაჭირვებულ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. ლარის გაუფასურების შედეგად თითქმის ყველა დასახელების შესასყიდ პროდუქციაზე, როგორც იმპორტირებულზე, ისე ადგილობრივზე  ფასმა მნიშვნელოვნად  იმატა და აღარ დაკლებულა, მიუხედავად იმისა, რომ  ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ბუნებრივია, ვერც ისინი უკლებენ ფასებს უკვე ბაზარში მოსული მყიდველებისათვის.  ,,თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს აქ დგომას აზრი არა აქვს, სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე ყველას ერთად გვიღებს ბოლოს – მოვაჭრეებსაც და მყიდველებსაც, ყველაფერი მოჯადოებულ წრეში ტრიალებს – ჩვენ იმიტომ ვზრდით ფასებს, რომ აუცილებელი პროდუქტებისა და წამლების ყიდვა შევძლოთ, მაშ რითვის ვდგავართ აქ ყინვასა და სიცხეში?, ისინი კი ამ ფასებში ვერ ყიდულობენ.

გარდა იმისა, რომ  მოვაჭრეები მყიდველების ნაკლებობას უჩივიან, ისინი უკმაყოფილონი არიან ბაზრის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ყოველთვიური გადასახადის მაღალი ოდენობით, რომელიც ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო გაიზარდა, მაგრამ არ დაკლებულა,  მიუხედავდა იმისა, რომ მთავრობა ლარის კურსის გამყარებაზე საუბრობს.  

საუბარი შეეხო ბაზრის გარეპერიმეტრზე მოვაჭრეების პრობლემებსაც – ჩვენ გვესმის მათი, მაგრამ მათაც უნდა გაგვიგონ, რომ ეს პრობლემას გვიქმნის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით –   მყიდველი ისედაც ცოტაა და ეს ჩვენ არახელსაყრელ მდგომარებაში გვაყენებს, ვინღა შემოვა ბაზარში, თუკი ქუჩაშივე იყიდის ყველაფერს, რაც სჭირდება. მათ სთავაზობენ ადგილებს ბაზრში – რომ მიიღებდნენ ამ წინადადებას, ყველანი თანაბარ პირობებში ვიქნებოდით – მყიდველი მიდის იქ, სადაც საქონელია. 

ერთიანი ნაციონალური მოძაობის ზუგდიდის ოფისის წევრებმა მოვაჭრეებს გააცნეს  მათი  გუნდის მთავარი პრიორიტეტები, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველი  სწორედ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ბრძოლაა, როგორც მათ აღნიშნეს, ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალია   მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რისთვისაც პარტია მაქსიმალური პირობების შექმნას გეგმავს.  

 

 
 

 
 

 
 

წინა სტატია“უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ”, – სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები მთლიანად პასუხისმგებლობას ამაზე აკისრებენ ივანიშვილის,“ – ირაკლი ალასანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური