გარდაიცვალა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი კონსტანტინე ოზგანი

0
711

დღეს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში კონსტანტინე ოზგანი, რომელმაც საბედისწერო როლი შეასრულა აფხაზთა და ქართველთა შორის ტრადიციული ურთიერთობების მსხვრევაში და, შესაბამისად მკვეთრად საპირისპირო რაკურსით აღიქმებოდა ერთის მხრივ ქართველებში, მეორე მხრივ აფხაზებისა და ოფიციალური მოსკოვის თვალში. 

კონსტანტინე ოზგანი წლების მანძილზე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს პარტიულ და სამთავრობო ეშელონებში და კრემლის გამთიშველი პოლიტიკის მთავარ გამტარებელს წარმოადგენდა საქართველოს ამ კუთხეში, აფხაზები მას თავიანთი ინტერესების ყველაზე ურყევ დამცველად თვლიდნენ და ეს მოსაზრება არ შეუცვლიათ არძინბას პრეზიდენტობის პერიოდშიც კი, როცა მისი პოზიციები და საზოგადოებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შესუსტდა – თვით არძინბას პრეზიდენტობაც კი დაკავშირებული იყო აფხაზებზე ოზგანის ზეგავლენის შესუსტების მცდელობასთან,  პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე  არძინბას კანდიდატურას სწორედ ამ მიზნით დაუჭირა მხარი.

ქართველებისგან განსხვავებით, აფხაზები  ოზგანში ხედავდნენ ,,თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეს, გულმხურვალე პატრიოტს, რომელმაც მთელი სიცოცხლე აფხაზი ხალხის თავისუფლებას მიუძღვნა და ლამაზი, საინტერესო და დიდი სირთულეებით აღსავსე ცხოვრების გზა განვლო''. 

,,ეს იყო ბრძენი, აფხაზთა ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე, პიროვნული სიმტკიცითა და ეროვნული ლიდერის თვისებებით გამორჩეული მოღვაწე, რომელიც დღევანდელ ლიდერთათვის მიუწვდომელი პოპულარობით სარგებლობდა აფხაზ ხალხში   – წერს ჟურნალისტი ეკატერინე ბებია – გასული საუკუნის 70 -იან წლებში, როცა აფხაზეთში განსაკუთრებით გამწვავდა პრობლემები აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობებში, მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ჩემს ქართველ თანატოლებს დიდ ინტერესს აღუძრავდა აფხაზთა ეროვნული მოძრაობის არსი და მიზნები, ლიდერების მისწრაფებები და განსაკუთრებით აინტერესებდათ  ოზგანის ფიგურა.  მაშინ საქართველოში აფხაზებს ოზგანებსაც კი გვეძახდნენ, რაც სავსებით ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ იგი გამოხატავდა ყველაზე მკაფიოდ და სწორედ იგი იბრძოდა ყველაზე თანმიმდევრულად ამ ინტერესების დაცვისთვის. ჩემთვის არაერთხელ  დაუსვამთ შეკითხვა, ვინ იყო ეს კაცი , რას მიესწრაფვოდა, როგორ ხედავდა აფხაზი ხალხის მომავალს. მახსოვს სემინარზე, რომელიც საქართველოს ისტორიის საკითხებს ეძღვნებოდა, ცხარე პოლემიკა გაიმართა სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის. ერთი ჩემი თანაკურსელი არ დაერიდა შექმნილ  დაძაბულ სიტუაციას და განაცხადა: ჩვენ ქართველებს საკუთარი ლანდისაც კი გვეშინია, ჩვენი უფლებები ვერ დაგვიცავს. ნახეთ, რა უშიშარნი არიან აფხაზები, მიუხედავად მცირერიცხოვნებისა რა შეუპოვრად იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, აი, კონსტანტინე ოზგანი კი ნამდვილი ეროვნული გმირია, იგი მზად არის თავი გასწიროს თავისი ხალხისთვის''.

ერთერთი ლექტორი, რომელიც პირდაპირ გააცოფა ამ რეპლიკამ, აყვირდა: ,, კონსტანტინე ოზგანი ეროვნული გმირი კი არა, ეროვნული ყაჩაღია!'', რაზეც იგივე სტუდენტისაგან მიიღო პასუხი: ,,თქვენ ყაჩაღს უწოდებთ ადამიანს, ვინც თავისი ერის უფლებებისა და თავისუფლებისათვის იბრძვის? წაიკითხეთ გაზეთი ,,ბზიფი"  და დარწმუნდებით, როგორ არის ფალსიფიცირებული თქვენს მიერ აფხაზეთისა და საქართველოს ისტორია!''

კონსტანტინე ოზგანის ცხოვრებისგზა ისევე ეკლიანი იყო, როგორც მისი ხალხისა, მაგრამ მან ეს გზა ამაყად  თავწეულმა განვლო, რადგან სინდისი სუფთა ჰქონდა და მის ღირსებას არასოდეს დასდებია ლაქა. ოზგანის ცხოვრება სამუდამოდ გადაეჯაჭვა აფხაზეთის უახლეს ისტორიას, ამ სახელის  ხსენებას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, ვინც აფხაზეთის სახელმწიფობრიობის   თემას შეეხება.'' – წერს ეკატერინე ბებია აფხაზური პოზიციიდან. 

 

 

 

.

 

 

 

წინა სტატიაზუგდიდელი მძღოლები შიმშილობენ
შემდეგი სტატიამიმების საერთაშორისო დღეს ზუგდიდიც შეუერთდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური