ერთადერთი წარმატებული ბრძოლა საქართველოს ისტორიაში 1920 წლის შემდეგ

0
386

22 წელი შესრულდა  სოხუმზე მარტის შეტევის დღიდან , რომელიც ქართულმა ჯარმა და მოსახლეობამ არნახული სულისკვეთებით  მოიგერია  – ეს იყო ფაქტიურად ერთადერთი წარმატებული ბრძოლა  საქართველოს ისტორიაში 1920 წლის შემდეგ.

1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა მხარეს მებრძოლი  ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ, მათ  შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს.

ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ მოწინააღმდეგე  ძალები ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ.  განსაკუთრები მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. სეპარატისტთა  ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა და  უდიდესი დანაკარგი განიცადა. აშკარა გახდა, რომ მათი  შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა თავდამსხმელებისგან მთლიანად გაიწმინდა.

მარტო დაღუპულების სახით სეპარატისტთა  მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა.  ამან  მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა  ვერ მოახდინა და 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. 

წინა სტატიასტუდენტური აქციები გრძელდება – თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაზუგდიდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასპინძლობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური