უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ზედაპირული და ფორმალურია – აცხადებენ კონსტიტუციონალისტები

0
421

საპარლამენტო კომიტეტებში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დეტალური განხილვა  იწყება.

პროექტის მიხედვით,  იცვლება საარჩევნო ოლქის საზღვრები: თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების, ან პირიქით – გაყოფის, ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ცვლილების შედეგად, შეძლებისდაგვარად მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. 

თუმცა  საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს  არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტების დიდი  ნაწილი. ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ მაჟორიტარული ოლქების დაყოფა ხელოვნურად მოხდა და მას კანონთან  არაფერი აქვს საერთო. ამასთან შემუშავებულ ვერსიაში დაშვებულია ნორმიდან 100%-იანი გადახრაც კი მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 10 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

„მთავრობა ცდილობს აირჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული გზა რომელიც მხოლოდ გარეგნულ ელფერს შეუქმნის, რომ თითქოს ფორმალურად შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – აცხადებს  დავით ზედელაშვილი, რომელიც  მთავრობას მთავარი ასპექტების იგნორირებასა და ფორმალური ცვლილებების გატარების მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია  ამბობს, რომ ცვლილები ქაოსს გამოიწვევს. „ეს არის აბსოლუტურად მავნებლური და დამაბნეველი კანონი, ანუ სრულ ქაოსში გადაყავთ ქვეყანა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

 "საარჩევნო კოდექსში"  ცვლილებების პროექტთან ოპოზიციას სხვა პრეტენზიაც აქვს –  გაუთვალისწინებელი რჩება   მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის პირობა, რომელსაც  მმართველი გუნდი იძლეოდა.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ   პირობა აუცილებლად შესრულდება, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ცვლილებების მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება.  მისი თქმით, ,, პროექტი მომზადდა დაჩქარებული წესით, რადგან პირველი რიგის ამოცანა იყო მაჟორიტარული ოლქების დაყოფის სქემის სასწრაფო შეცვლა,  ხოლო რაც შეეხება,  50%-იანი ბარიერის პირობას, ამაზე მუშაობა გაგრძელდება.  

 

 

წინა სტატიაარქიმანდრიტ ილია კარტოზიასთვის მინიჭებული საზღვაო ჯილდო დღეს მის ოჯახს გადაეცა
შემდეგი სტატიადაკავებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური