მიშას საქმე. რას მიაღწია სააკაშვილმა ხუთ თვეში ოდესის გუბერნატორის პოსტზე

0
448

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთ თვეში რიგი პროექტი განახორციელა, მაგრამ ფრთები ისე ვერ გაშალა, როგორც საქართველოში 

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან, რომელიც ადრე პარტიის საოლქო კომიტეტს ეკუთვნოდა და საბჭოთა სტილშია აგებული,  სიურპრიზი დაგხვდებათ: სარკესავით ელვარებს არცთუ მაღალი ულტრათანამედროვე მინაშენი. მას ახლა გუბერნატორის საზოგადოებრივი მისაღები ჰქვია. შიგნით – მოდური დიზაინია, კომპიუტერები, ლამაზ უნიფორმაში გამოწყობილი პერსონალი. აქ მისული ოლქის ნებისმიერი მცხოვრები მიიღებს იურიდიულ კონსულტაციას, სოციალურ და სხვა სახის დახმარებას კარგად კოორდინირებული რამდენიმე ჩინოვნიკისგან.  აქ დაეხმარებიან პრობლემის ადგილზე გადაწყვეტაში ისე, რომ არ დასჭირდება სირბილი სხვადასხვა კაბინეტებში. ,,ჩვენ გამჭვირვალე ოფისის პრინციპით ვმუშაობთ,  სწრაფად ვემსახურებით, რომ  ადამიანებმა თავი  კომფორტულად იგრძნონ’’ – ამბობს ამ ,,ღიაობის ტაძრის’’ დირექტორი ალექსი სიჩკოვი. მისი თქმით, მისაღებში ყოველდღიურად 250 – ამდე მოქალაქე მოდის ამა თუ იმ დახმარებისა და მომსახურებისთვის.

მინის მისაღები ერთერთი ყველაზე თვალსაჩინოა და გამორჩეული  სიახლეთა შორის, რომელიც რეგიონის ცხოვრებაში შემოიტანა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნიდან ხუთ თვეში. იგი ერთობ სწრაფია და ქმედითი: მყისიერად შეცვალა ოლქის სამართალდამცავთა ვერტიკალის ზემდგომი ნაწილი, თავისი კაცი განაწესა საბაჟოზე, დაანიშნინა თავისი პროკურორი. გარდა ამისა, წამოიწყო  რამდენიმე პროექტი ოლქისთვის ფრიად მნიშვნელოვან ტრანსპორტის სფეროში.

და მაინც მასშტაბური მოდერნიზაცია რეგიონში ჯერ არ შემდგარა. მომხრეები ამაში ადანაშაულებენ  კიევს, რომელიც ამუხრუჭებს სააკაშვილის რევოლუციურ წამოწყებებს. ოპონენტები კი მიზეზს ეძებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ორიენტაციაში თვითგაპიარებაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა მისი ქმედებების მიმართ აშკარა და მასობრივი უკმაყოფილება არ არსებობს. – ოდესელებს ურჩევნიათ იმედებით განეწყონ თავიანთი გუბერნატორის პროექტების მიმართ, დარწმუნებულნი, რომ მათ მალე მოჰყვება ხელშესახები შედეგები.

რეფორმების ვიტრინა

სააკაშვილის მოადგილე ვლადიმერ ჟმაკი ჩვენთან საუბარში  ღრმააზროვნად ამბობს, რომ ,,ადამიანებს ახლა  ყოველდღიური  თუნდაც პატარა გამარჯვებები  უფრო სჭირდებათ, ვიდრე დიდი და გრძელვადიანი პროექტები’’  

სააკაშვილის მთვარ პატარა გამარჯვებად შეიძლება დასახელდეს მის მიერ შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. იგი იქვეა, ოდესის ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს, ,,პლატინუმ ბანკის'' ოფისში, ეს არის საქართველოს იუსტიციის სახლის ანალოგი,ოღონდ უკრაინული ინტერპრეტაციით – ამბობს ცენტრის კოორდინატორი არტურ ამიროვი.

აქ რეცეფციის სამი ხაზია: პირველი ახდენს ხალხის ფილტრაციას პრობლემების ნიშნით,    მეორეში თანამშრომლები მოქალაქეებს განუმარტავენ სახელდობრ ვის მიმართონ აქვე, ცენტრში, მესამეში განისაზღვრება ელექტრონული რიგი კონკრეტულ მოხელესთან მოსახვედრად. თითოეულ მოხელეს უდგას  დისფლეი, რომელზედაც აისახება იმ  მომხმარებლის ნომერი, რომელსაც რიგი უწევს. ყველაფერი სწრაფად, უხმაუროდ და შედეგიანად  ხდება.

ცენტრის მომსახურენი სხედან არა ქაოტურად, არამედ მკაფიოდ განსაზღვრულ ზონებში, სადაც ყველა მომხმარებელს შეუძლია მიიღოს დახმარება გარკვეული სპექტრის პრობლემის გადაწყვეტაში. ერთ ზონაში, მაგალითად, გასცემენ პასპორტებს, ამასთან უკრაინისთვის ფანტასტიურად სწრაფ ტემპებში – სულ ერთ დღეში. ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე ამას თვეზე მეტი  სჭირდება. მართალია, ეს ერთი დღე მაქსიმალური სიჩქარეა და პასპორტს ასეთი სისწრაფით ყმაწვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მშობლების თანხლებით მოვა.   

მეორე ზონაში სამ საათში დაარეგისტრირებთ ბიზნესს. და  ამისთვის არ არის აუცილებელი უსათუოდ ოდესის მოქალაქე იყოთ, აქ მოემსახურებიან  კიევის, ვინიცკის, ივანო-ფრანკოვსკის ოლქების მკვიდრთაც, რამდენადაც საააკაშვილის გუნდმა ამ რეგიონებთან შესაბამისი ხელშეკრულება დადო. 

და კიდევ, აქ შეიძლება მომენტალურად მიიღოთ სრულიად სხვადასხვა ამონაწერები და ცნობები – ამასთან არამხოლოდ ოდესის საოლქო ადმინისტრაციისა და მისი უწყებებიდან, არამედ იუსტიციის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ფინანსთა სამინისტროდანაც კი. მსგავსი რამ უკრაინას არ ახსოვს.

ცენტრი ჯამში მოსახლეობისთვის საჭირო და მოთხოვნადი მომსახურებების 70 პროცენტს ფარავს. მაგრამ მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდებოდა უამრავი უსარგებლო საკანონმდებლო შეზღუდვა რომ მოიხსნებოდეს.  თუმცა ეს უკანასკნელი არ შედის სააკაშვილის უფლებამოსილებებში.

,,ცენტრის შექმნაში  გვეხმარებოდა ქართველი ექსპერტების გუნდი, რომელმაც თავის ქვეყანაში დანერგა მსგავსი მომსახურება და აგრეთვე სხვადასხვა დონორი – ფონდები’’ – ამბობს ამიროვი. ერთერთი ასეთი დონორი არის  United States Agency for International Development (USAID), აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური ორგანო უცხოეთის ქვეყნებისთვის დახმარების სფეროში – მან შეგვიძინა 300 ათასი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა და ტექნიკა.

ცენტრში ყველაფერი საუცხოოა, გარდა თანამშრომელთა ხელფასებისა. საბაზისო ხელფასი დაახლოებით სამი ათასი გრივნაა და მეტს არც მოგვცემენ, რადგან ხელფასის დონე განსაზღვრულია კანონებში სახელმწიფო სამსახურის შესახებ . ოდესის ადმინისტრაციულ ოლქში ნამდვილად უნდათ გაზარდონ ეს დონე, მაგრამ ამას ახალი ადმინისტრაციული ნორმები სჭირდება.

გამარჯვებები პერსპექტივაში

რაც უნდა ეფექტური იყოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სააკაშვილისა და მისი გუნდის საკვანძო პროექტები სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული. გუბერნატორმა ხელი მოჰკიდა ოდესისა და რენის შემაერთებელი ტრასის კარდინალურ განახლებას. ეს ტრასა ახლა საშინელ დღეშია, რადგა   წლებია არ შეკეთებულა.  2012 წელს ტრასის შესაკეთებლად 81 მილიონი გრივნა გამოიყო, მაგრამ ამ ფულის ძირითადი მასა მიზანს არ მოხმარებია, სხვა დანიშნულებით წავიდა, არადა ეს ტრასა შეიძლება ქცეულიყო სატრანზიტო კორიდორად ოდესიდან და მისი პორტიდან მოლდოვისა და რუმინეთის პორტებამდე. ახალი გუნდისთვის ეს პროექტი მარტოდენ გზა კი არ არის, არამედ ქალაქის განაცხადი  გლობალური სავაჭრო – სატრანსპორტო ნაკადების  გამტარობაზე.

,,სავაჭრო ნაკადები უნდა გადავიყვანოთ ჩინეთიდან აზიაში, შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ოდესაში, აქედან რუმინეთის გავლით კი ევროკავშირის ქვეყნებში – ამბობს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის  საზღვაო–სამეურნეო კომპლექსისა და ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი გეორგ ზუბკო, – ოდესა უნდა იქცეს  ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ‘’.

ამჟამად რენის გარშემო დიდი გზის შემოვლითი ნაწილი  იგება – ადრე ნაკადი ქალაქის ვიწრო ქუჩებით გადადგილდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა სისწრაფეს. შემდგომში   თავად   გზის კაპიტალური რეკონსტრუქციაც დაიწყება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთელი გზა   50  ლოტად დაიყოფა, თითოეული ლოტი 5 კილომეტრზეა გათვლილი. ეს არ მისცემს რომელიმე ერთ კომპანიას შესაძლებლობას თავის ნებაზე ატრიალოს საბიუჯეტო სახსრები. – ამბობს ზუბკო – სამუშაოებს აქ აწარმოებენ როგორც სამამულო, ისე უცხოელი მოიჯარეები, მაგრამ უთუოდ   პატიოსან კონკურსში გამარჯვებულნი. ეს ტრასა მოხელის აზრით, გაზრდის რეგიონის საინვესტიციო მიზიდულობას.

სააკაშვილის გუნდის  კიდევ ერთი დიდი იდეა ოდესის საბაჟოა. ახლახან მას სათავეში ჩაუდგა გუბერნატორის ყოფილი მოადგილე იულია მარუშევსკაია. მისი უპირველესი ამოცანაა საბაჟოზე ტვირთების დაყოვნების შემცირება – გვიხსნის ჟმაკი-  თუ ადრე ტვირთს განბაჟების მოლოდინში სამი კვირა უქმად დგომა უხდებოდა, ახლა მიზნად დავისახეთ სამ საათამდე დავიყვანოთ განბაჟების პროცედურის გაფორმებისთვის საჭირო დრო.

მარუშევსკაიასთვის  ნომერ 2 დავალება ახალი ტერმინალია:აქ ახალი ფუნქციები დაეკისრება სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის მეშვეობითაც მოხდება ყველა დეკლარაციის შეფასება და გადარჩევა იმ მიზნით, რომ  შემოწმდეს   მხოლოდ ყველაზე საეჭვო ტვირთები და არა ნებისმიერი, რომელიც მებაჟეს მოესურვება. ეს დააჩქარებს მომსახურებისა და, შესაბამისად, საბაჟოზე ტვირთების გატარების პროცესს. შედეგად გაიზრდება შემოსულობები, რომელთა ნაწილი მოხმარდება ოდესა – რენის ტრასის მოწესრიგებას, ან სხვა პროექტებს, რომელნიც, გუბერნატორის მოადგილის თქმით, ასე სჭირდება რეგიონს. ახლა ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში მუშაობენ რამდენიმე ასეული მილიონი გრივნის  ღირებულების პროექტებზე.

კიდევ ერთი  მცირე რევოლუცია სააკაშვილმა მოახდინა ოლქის რაიონული ადმინისტრაციების მეთაურთა დანიშვნის საქმეშიც. გუბერნატორმა გაათავისუფლა ყველა ძველი ხელმძღვანელი და   მათი შემცვლელები კონკურსის საფუძველზე  შეარჩევინა.- ამაზე ნატალია ვკლადიკინა გვიყვება, მოხალისე, რომელიც კონკურსის ჩატარებაში იყო ჩართული. ეს დიდი სამუშაო იყო: ,,ფილტრების“ სამი დონე, ორი ათას ხუთასზე მეტი პრედენდენტი, 522 გასაუბრება. რაიონის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის მსურველები იყვნენ როგორც ადგილობრივები, ისე ამერიკელები, ისრაელელები და სხვანი , კონგოს წარმომადგენელიც კი. აბსოლუტურად ყველამ გაიარა  ტესტირებები, მათ შორის ისრაელში შემუშავებული ტესტითაც კორუფციისადმი მიდრეკილების დასადგენად. ,,შეირჩა 33 ადამიანი, მათ უმრავლესობას ჰქონდა საერთაშორისო კომპანიებში შეძენილი გამოცდილება“ – ამბობს ვლადიკინა, მათგან  ცხრა შემდგომში  კიევის უმაღლესმა  ხელისუფლებამ დაბლოკა.

ქალაქელებს იმედები აპურებთ

ადგილობრივი მოსახლეობა ჯერჯერობით ფრთხილია სააკაშვილის საქმიანობის შეფასებაში. ოდესელი ოლეგ კუცკი თვლის, რომ ბევრია პიარი და ცოტა –  რეალური შედეგები.

პიარს მიაწერს ოდესელების ნაწილი, მაგალითად, გუბერნატორის გატაცებას დიდი პოლიტიკით – ის მეტისმეტად გულმოდგინედ ეწევა აგიტაციას სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ.

ზოგიერთ ოდესელს გუბერნატორისთვის ზედმეტ  დაწვრილმანებად მიაჩნია  ბრძოლა ქალაქის პლაჟისთვის, რომელიც კიეველ მილიონერ ვასილ ხმელნიცკის ჰქონდა  ,,ანექსირებული“ .  გუბერნატორი უშუალოდ მონაწილეობდა დედაქალაქელი ბიზნესმენის ვილის გალავნის აღებაში, რომელიც პლაჟზე ჩამავალ  გზას უღობავდა   მოქალაქეებს.   ეს გზა ახლა თავისუფალია, თუმცა ხმელნიცკიმ, რომელმაც გუბერნატორის ამ ქმედებას ,, პოპულიზმი და სხვის საკუთრებაში შეჭრა  უწოდა, რამდენჯერმე სცადა კვლავ შემოეღობა ეს სანაპირო ზოლი.

ოდესელი ბლოგერი ირინა მედუშევსკაია დარწმუნებულია, რომ ,,პოროშენკომ სააკაშვილი ოდესაში იმისათვის დანიშნა, რომ აქაურობა  ყოფილიყო  არა იდუმალი ჭაობი, რომელშიც შესაძლოა სეპარატიზმმა დაიბუდოს, არამედ,  წელში გამართული ქალაქი, რომელიც  თავისუფლად სუნთქავს.’’  გუბერნატორმა წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას.  ახლა ქალაქი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი მთელ იმედებს რეფორმებზე ამყარებს, მეორე კი ფიქრობს, რომ არანაირი რეფორმები არ შედგება – ამბობს მედუშევსკაია – და ორივე ნაწილი თავის სიმართლეს აწვება, მაგრამ სწორედ ამაშია ქალაქის გამოცოცხლების არსი –  ადგილიდან დაიძრა ადრე ჩამკვდარი  პოლიტიკური პროცესი.’’

სააკაშვილს უმაღლეს დონეზეც აკრიტიკებენ. ჯერჯერობით – გადაკვრით, მინიშნებებით, კონკრეტული  პრობლემების დასახელების გარეშე.  ,,თუკი მიშა ასე წარმატებული იყო საქართველოში, იქნებ, მითხრათ, რატომ ვერ ბრუნდება იქ? თუ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმებში რაღაც ისე ვერ არის? „ – განაცხადა ამასწინათ პრემიერმა არსენი იაცენიუკმა Politico- სთვის მიცემულ ინტერვიუში, რითაც მიანიშნა იმაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ეს საერთოდ დამახასიათებელია ოდესის გუბერნატორისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის – თითქოს საგნობრივად ვერაფერს უკრიტიკებენ, მაგრამ შექებაც უჭირთ  და გაიძახიან, რომ ,,მიშას იდეები მეტი აქვს, ვიდრე ჰეფი – ენდები. ''

ოდესის პრეზიდენტი

სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს – იგი უნდა იქცეს  ლოკომოტივად, რომელიც წინ გაქაჩავს ხელისუფლების  ავტორიტეტს. ამაზე ღიად ლაპარაკობენ პეტრე პოროშენკოს ექსპერტები და პოლიტიკური თანამოაზრეები მისივე სახელობის პარტიიდან, მათ შორის, მაგალითად, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ბერეზენკო. ,,მას დიდი მიღწევები აქვს როგორც გუბერნატორს, იგი ძლიერი ადმინისტრატორია და უკვე წამოაყენა ოლქი ფეხზე  ''– აცხადებს დეპუტატი.

მაგრამ ოდესელ ჩინოვნიკთა კაბინეტებში კიევიდან მხარდაჭერის  ნაკლებობას უჩივიან,  კულუარებში ამბობენ, რომ სააკაშვილს  არ ეძლევა  გასაქანი მთელი ძალით ამოქმედებისათვის, რადგან, ერთის მხრივ, ხელს უშლის გუბერნატორის შეზღუდული უფლებამოსლებები და, მეორე მხრივ,  წინააღმდეგობა, რომელსაც მას   დედაქალაქელი მაღალჩინოსნები უწევენ.  ამიტომ ყოველი  პრინციპული  ნაბიჯი, მაგალითად ისეთი, როგორიც მარუშევსკაიას დანიშვნა იყო,  მას უდიდეს ძალისხმევად უჯდება. 

,,პრეზიდენტის გუნდში გავლენის არაერთი ცენტრია. ამიტომ გუბერნატორს მათ შორის მანევრირება უხდება – ამბობს ერთერთი ტოპ–ჩინოვნიკი ოდესის ოლქიდან ჩვენგან მისი, როგორც წყაროს დასახელებისგან თავის შეკავების პირობით – და ესეც არ იყოს, რეგიონი მეტისმეტად მცირე მასშტაბია მისთვის''. თავად სააკაშვილი ,,ნოვოე ვრემიასთვის'' მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არას დაგიდევთ მოწონება – არმოწონებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. ,,მე საერთო აზრსა და შეხედულებებს პრეზიდენტთან ვპულობ''.

პოლიტოლოგები თვლიან, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში კარგი პერსპექტივები აქვს, თვით პრემიერის პოსტის დაკავების შესაძლებლობაც კი. მას ძალზე მაღალი პირადი რეიტინგი აქვს და კორუფციის წინააღმდეგ შეუპოვარი  მებრძოლის,  ანტირუსულად განწყობილი  პოლიტიკოსისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურიგებელი მტრის იმიჯი.  

და კიდევ. სააკაშვილი სხვა მხრივაც აწყობს პრეზიდენტ პოროშენკოს – სააკაშვილი ვერ იყრის კენჭს უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამიტომ ვერ შეეცილება პრეზიდენტის პოსტში. 

გუბერნატორის კარიერული პერსპექტივა შეიძლება დააზარალოს მხოლოდ მისმა პირდაპირობამ. მან, როგორც პოლიტოლოგი პეტრე ოლეშჩუკი ამბობს, ,,უკვე გაიჩინა არაერთი მტერი, მათ შორის იაცენიუკი.  და თუ ამის გამო დაკარგა პოროშენკოს კეთილგანწყობაც, მისი კარიერა უკრაინაში შესაძლოა მომენტალურად დასრულდეს''.

ჯერჯერობით კი ოდესის გუბერნატორის საზოგადოებრივ მისაღებში ხალხი არ ილევა. ისინი უწყვეტ ნაკადად მოედინებიან თავიანთი პრობლემების გადაწყვეტის რწმენით. მსოფლიო სახელის მქონე ახალმა გუბერნატორმა იმედებით აღავსო ოდესელები – მათ ცხოვრება წლობით ბნელში იყო ჩაძირული, ახლა კი წინ შუქი გამოჩნდა – ამბობს სიჩკოვი. 

მაქსიმ ბუტჩენკო
НВ №42 ,

13 ნოემბერი, 2015 წ. 

 

წინა სტატიადედაქალაქის მერიას აუდიტის სამსახური ამოწმებს.
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური