ნიკა გვარამია უარყოფს დღეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერების ავთენტურობას და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით გეგმავდა პროვოკაციებს

0
430

.ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამოქვეყნებული მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  არ ადასტურებს მათ ავთენტურობას.

"რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერს, მე არ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა. – გაბაცხდა მან – მე მიყოლებით ასეთი შინაარსი არ მახსოვს, არ მახსენდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი, არის დამონტაჟებული. რაც შეეხება ჩემ საუბარს. რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთანაც და არა მხოლოდ მასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მჭირდება კომპეტენტური ადამიანების აყვანა დაცვაში, ვინც საჭიროების შემთხვევაში კომპანიას დაიცავს არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შემოტევებისგან, არამედ ე.წ. ტიტუშკების შემოტევებისგანაც, რაც ზუსტად ვიცოდით, რომ იგეგმებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მოგვაწოდა წყარომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით. მიუხედავად ამისა, როგორც კი გამოჩნდებოდნენ ჩვენს ეზოში ასეთი ადამიანები, მათ შორის ყოფილი სპეცრაზმელები, რამდენიმე მათგანი იქნებოდა ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ და მოხდებოდა პროვოკაციის მოწყობა. ამიტომაც, ჩვენ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ არც ამ ადამიანების, არც სხვა ადამიანების ჩვენ სივრცეში შემოშვებას, რადგან არის მაღალი საშიშროება, ხელისუფლება არის თავზე ხელაღებული და ამიტომ, პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ თვითონ დავიცავდით ტელეკომპანიას. ჩვენთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ უშიშროების წარმომადგენლები. ერთ-ერთი პირი, მათ შორის ფარულად, სხეულზე დამაგრებული კამერით აწარმოებდა ჩაწერას. მათ შორის წერდა იმ ადამიანებს, ვინც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, თუ რა უნდა ექნათ იმისთვის, რომ შეექმნათ სანახაობა, თითქოს მიმდინარეობს გარკვეულწილად იარაღის ან სხვა რაიმე მსგავსის გამოყენებით, რევოლუციური სცენარის მომზადება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლებამ ამგვარი ვიდეოების დადებით თავადვე დაადასტუროს, მაგრამ როგორც კი ეს ინფორმაცია გახდა ჩვენთვის ცნობილი, ჩვენ შევწყვიტეთ ეზოში შემოყვანა ხალხის და გავაჩერეთ ყოველგვარი საქმიანობა იმ მიმართულებით, რომ დაცვაში რაიმე ცვლილება მომხდარიყო და ახალი წევრი დაგვემატებინა", – განაცხადა გვარამიამ. 

მისივე თქმით, ტელეკომპანიას მართლაც ჭირდება დაცვის გაძლიერება, მან ამაზე რჩევა სააკაშვილსაც კითხა, თუმცა არა იმ შინაარსით, როგორც გამოქვეყნდა. 
"ჩვენ მართლაც გვჭირდება დაცვის გაძლიერება გამომდინარე ამ გახსნილი სივრცის სიდიდისგან. ჩვენ არ გვყოფნის დაცვის ის რაოდენობა, რომელიც გვყავს. ის, რომ მე მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა შეიძლება ვთხოვო, რომ მირჩიოს ვინ შეიძლება დაცვაში იყოს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან როგორც ჩანაწერში ვამბობ მე არ მაქვს შესაბამისი ექსპერტიზა. საუბრები ამასთან დაკავშირებით ყოფილა, მაგრამ არა გამოქვეყნებული შინაარსით. ამ საუბრის აუთენტიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეორე ჩანაწერზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა ერთისა, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო რასაც აკეთებს საქართველოს უშიშროება, ასევე სრულიად სამარცხვინოა, ვინც ამას ახმოვანებს და ეთერში დებს. ეს ეხება პირველ რიგში ადამიანის პირად ცხოვრებას", – აღნიშნა გვარამიამ. 

წინა სტატიასინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უმეტესად თბილსა და უნალექო ამინდს ვარაუდობენ
შემდეგი სტატიაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფ. რიყეში მიმდინარე გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური