მერაბ ქვარაია ინტერნეტში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ კადრებს ეხმიანება

0
480

„სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად ყველამ ყველაფერი იცოდა, მით უფრო მათ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ უნდა ცოდნოდა, თუ რა ხდებოდა ციხის შიგნით და ციხის გარეთ. ყველა პატიმარი გრძნობდა და ხვდებოდა, რომ საქმე ჰქონდა ხელისუფლებასთან, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა, იცოდნენ მათი ოჯახის წევრებმა, იცოდნენ ადვოკატებმა, ციხის და ზოგადად ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლებმა, იცოდა იმდროინდელმა მმართველმა პოლიტიკურმა „ელიტამ“ და მათმა ლიდერებმა. ზოგი პირადად იყო მონაწილე და შემოქმედი ამ საშინელების, ზოგმა კი იცოდა „ყურმოკრვით“, ზოგიც გრძნობდა და ხვდებოდა რაც ხდებოდა. სამწუხაროდ, ტოტალური შიშის და „ტელეჰიპნოზის“ ქვეშ ბევრი ვინმე ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, რადგან ასეთ შემთხვევაში თავად, ან მისი ოჯახი ხდებოდა სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი.

 

მართლაც მძიმეა დღეს სანახავად ის, რასაც კადრებში ვუყურებთ, მაგრამ ეს ჩვენი უახლესი წარსულია და გვინდა თუ არა სიმძიმე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს, ჩვენივე ასატანია. მთელმა ამ კოშმარმა და განცდამ, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება მზადაა გადაგიაროს, შეურაცხგყოს, ბინძურად შეგეხოს და ცასა და მიწას შორის არავინაა, ვინც დაგიცავს მისი დაუნდობელი სისასტიკისგან – ათასობით ადამიანზე და მათ ოჯახებზე გადაიარა. ბევრს პირადად შეეხო, ბევრიც სამუდამოდ გაწირა. დიახ, ეს იყო კოშმარი ჩვენს უახლეს ისტორიაში, და დღეს ეს ყველაფერი იქცა კოშმარად „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 

 

სათქმელი აქ არაფერია. თავად დისკრედიტირებულ და უკიდურესობამდე „დევალვირებულ“ „ნაც.მოძრაობას“ ერთადერთი გზა დარჩენია იმისთვის, რომ ზოგადად გადარჩეს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი: თვითაღიარების და საკუთარი პოლიტიკური წარსულის გასამართლების გზა, რასაც ის გასაგები მიზეზების გამო ვერასოდეს გააკეთებს. მართალია და ვეთანხმები აზრს, რომ დროა წინ გავიხედოთ, გავიდეთ ამ საშინელი, დამთრგუნავი რეალობიდან და მომავლისკენ გადავიტანოთ ჩვენი ხედვა. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ვერც წარსულს გავექცევით. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ჩვენს თავს დატრიალდა. მით უფრო, რომ სამწუხაროდ დღესაც არიან „უწმინდურ წიაღში აღმოცენებულები“, რომლებიც მზად არიან იგივე და უარესი დაატრიალონ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. მადლობა ღმერთს, ამის ალბათობა ნულის ტოლია. ასეა თუ ისე, ჩვენ ის ერი აღმოვჩნდით, ვისაც საკუთარ მაგალითებზე უწევს სწავლა, ვისწავლოთ და მივყვეთ იმ გზას, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, და რომელიც ლამის სისხლის ფასად მოვიპოვეთ – ადამიანთა უფლებების დაცვის, ჭეშმარიტად დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ყველაზე მთავარ ღირებულებად გამოცხადების და ღირსეულ საქართველოში შრომისა და ცხოვრების გზას. საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი ჩვენ უნდა ავაშენოთ“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

წინა სტატიაქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტს სთხოვა მონიტორინგი დააწესოს რუსთავი 2 – ისთვის მისი სამართლებრივი დავის განხილვის პროცესზე
შემდეგი სტატიაძარცვა ჰოლივუდური სცენარით – საქართველოს ბანკიდან 10 მილიონი ლარი გაიტაცეს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური