ერთი სახელმწიფოს ისტორიის, ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზევე, ერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის – სხვადასხვა ინტერპრეტაციით სწავლება ხელს უშლის კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ამძაფრებს გაუცხოვებას და მნიშვნელოვნად აფერხებს სამშვიდობო პროცესებს.
თამუნა შონია, გალი – ზუგდიდი.
„ შემთხვევით ხელში ჩამივარდა აფხაზი ისტორიკოსის ტარას შამბას წიგნი, რომელშიც ვნახე ასეთი თავი ,,ვინ არიან ქართველები“ და როცა შინაარსს გავეცანი, ძალიან ცუდად გავხვდი, გული კინაღამ გამისკდა. ისტორია არის მეცნიერება, შეიძლება ვიდაროთ სხვადასხვა წყაროებთან და ავტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ისტორიის გადაწერა საკუთარი მიზნებისთვის მოსარგებად, რომელი მხრიდანაც არ უნდა კეთდებოდეს ეს – არის გამოუსწორებელი დანაშაული შთამომავლობის წინაშე’’, – აღშფოთებას ვერ მალავს კონფლიქტოლოგი თინათინ ასათიანი.
„მსგავსი წიგნით სწავლება – იქნება ძალიან მძიმე დაღი ბავშვებისათვის, გახდება სერიოზული ტრამვისა და დიდი დაპირისპირების საფუძველი. ეს არაფრით წაადგება ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობის გამოსწორებას. ნებისმიერ კონფლიქტში სიძულვილის ენა, ნეგატიური სტერეოტიპები სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს – ამის მერე ხელის განძრევაც არ არის საჭირო, დისკრიმინაცია წავა სკოლებში. ჩვენ არ გვინდა ძალადობა“, – დასძენს კონფლიქტოლოგი.
გალის დაბალი ზონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ისტორიის მასწავლებელი ნოდარი, რომელმაც უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო გვარის გამხელისაგან თავი შეიკავა, ყვება, თუ რამდენად არის დამახინჯებული აფხაზეთის ისტორია, რომელსაც იგი იძულებით ასწავლის ბავშვებს.
,,აფხაზეთის გათავისუფლება – ასე ეწოდება თავს სადაც აღწერილია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საომარი ფაზა. ამ თავში განსაკუთრებული აგრესიულობით მოიხსენიება საქართველო და ქართველები. ასევე ბაგრატ მესამის მეფობის პერიოდი, მთლიანად არის შეცვლილი და ბაგრატი მოიხსენიება, როგორც აფხაზი მეფე, რომელიც იბრძოდა ქართლის დასაკავებლად. ასევე ვასწავლით, როგორ გამოჩნდნენ და დასახლდნენ პრიველად აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველები და მეგრელები მეათე საუკუნეში’’.
,,განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან გააფხაზებული ქართველები. არის მომენტები, როდესაც ბავშვებიც ვერ ეწყობიან ერთმანეთს. აფხაზი მოსწავლეების ნაწილს ესმის მეგრული და ქართულიც. ისინი ამბობენ, რომ ყველაფრის მერე რაც ქართველებმა ჩაიდინეს ვერასდროს იცხოვრებენ გვერდიგვერდ’’.
,,მე ვიცნობ სასწავლო პროგრამას, რომელსაც გადიან აფხაზი და ქართველი მოსწავლეები აფხაზეთის სკოლებში. სწორედ სასწავლო პროგრამის გავლენით არასწორი მიმართულებით ვითარდებიან ბავშვები, ახალ თაობას პირდაპირ უნერგავენ ქართველების მიმართ სიძულვილს. ენგურს გამოღმა არც ერთი მასწავლებელი არ იკადრებს თქვას, რომ აფხაზები არიან მონსტრები. ჩვენ არ ვსპეკულირებთ ისტორიით’’, – გვიამბობს ზუგიდიდის #2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ეკა ანთია.
,,ჩვენ აფხაზეთის ისტორიას აფხაზი მასწავლებელი, მეხუთე კლასიდან გვასწავლის. გვასწავლიან, რომ ქართველები არიან მკვლელები, ბოროტმოქმედები და არავის ინდობენ. ძალიან გვიჭირს ისტორიის მათი ვერსიის მოსმენა და სწავლა’’, – ყვება IWPR- თან საუბრისას აფხაზეთში ერთ-ერთი ქართული სკოლის მოსწავლე, 17 წლის გიორგი, რომლის გვარს მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ვასაჯაროებთ.
,,ჩვენი სკოლა ერთადერთია, სადაც საერთო აკრძალვის მიუხედავად ახლაც მიმდინარეობს ქართული ენის წავლება.მახსოვს, ერთხელ გალიდან კომისია მოვიდა შემოწმებაზე, ჩვენ უცებ გადავმალეთ ქართული და დავიდეთ აფხაზეთის ისტორიის წიგნები, – იხსენებს გიორგი.
განსხვავებულ სურათს ხატავს აფხაზეთიდან დევნილი ვიკა კვირკველია, რომელიც ზუგდიდში, დევნილთა #1 საჯარო სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ საგნებიდან ყველაზე მეტად საქართველოს ისტორია უყვარს.
,, სამწუხაროა, რომ ჩემი თანატოლი, ჩემივე ბიძაშვილი სწავლობს ენგურს გაღმა იმ 31 სკოლიდან ერთ-ერთში, სადაც საქართველოს ისტორია დამახინჯებულად ისწავლება. ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა, ერთმანეთს ვუყვებით ისტორიას ჩვენივე სასწავლო პროგრამების მიხედვით. თუმცა ჩვენი მონათხრობი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ არ გვძულს აფხაზები და გვინდა მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება’’.
დევნილთა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა შონია ამბობს, რომ აფხაზეთის დაბალი ზონის ტერიტორიაზე 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებს. აფხაზეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 31-ივე სკოლაში აკრძალულიასაქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება.
,, მთავარი პრიორიტეტია აფხაზეთის ისტორია. იქ ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი წიგნებით ასწავლიან. რაც სამწუხაროდ ქართველ მოსწავლეებსაც კი წარმოდგენას უცვლის საქართველოზე, რადგან რეალობა ძალიან არის დამახინჯებული. მასწავლებლები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ ასწავლონ ბავშვებს მშობლიური ქვეყნის ისტორია. ქართული მხარე არ ქმნის მტრის ხატს აფხაზებისგან. არ აყალიბებს სტერეოტიპებს და არ ცდილობს შუღლის კიდევ უფრო გაღვივებას. თუმცა კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და გაუცხოვების დასაძლევად სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მხარის მონდომება არ არის საკმარისი’’.
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკადემუსი'' ( დირექტორი მადონა ჯაბუა) რამდენიმე წელია მუშაობს. ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელის მაია კალანდიას აზრით ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა აპოლიტიკური, სახალხო პროექტებით არის შესაძლებელი.
,,ქართველებსაც მიგვიძღვის აფხაზების წინაშე დანაშაული, ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღიარება. აფხაზებს ამის მოსმენა ძალიან მოსწონთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვუგზავნიდეთ მათ სამშვიდობო მესიჯებს. აქტიურად უნდა ვიყენებდეთ სახალხო დიპლომატიისა და სოციალური ქსელების შესაძლებლობებს. მაგალითისთვის ჩვენ შევქმენით ფორუმ-თეატრი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების სიყვარულის ისტორიაზე. გადავიღეთ ფილმიც, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ორ დღეში 550 აფხაზმა ნახა. ეს იყო მართლაც წარმატებული პროექტი, რომელმაც რამდენიმე ათეულ აფხაზს რადიკალურად შეაცვლევინა შეხედულებები ქართველების მისამართით. ის რაც ათეულობით წლის განმავლობაში ინგრეოდა ერთ დღეში ვეღარ ააშენებ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება’’,- მიაჩნია მაია კალანდიას.