ვინ იყო ჯანსუღ მურატია, რომლის სახელი გალის სკოლას მიენიჭა?

0
556

გალის #2 საშუალოს სკოლას გუშინ   გალის რაიონის ადმინისტრაციისა და რაიონული კრების გადაწყვეტილებით ჯანსუღ მურატიას სახელი მიენიჭა. – ამის შესახებ გამოცემა ,,სპუტნიკს''  გალის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განუცხადა და დასძინა, რომ ეს აქცია ,, სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 22 – ე წლისთავს ეძღვნება''. 

ამ ფაქტმა გალის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ის განსაკუთრებით მძიმე წლები, როცა რაიონში სხვადასხვა  აფხაზური დაჯგუფებები იბრძოდნენ თხილის ა და სხვა ბიზნესების გადანაწილებისთვის და ერთმანეთს ეცილებოდნენ გალში დაბრუნებული ქართული მოსახლეობის ექსპლუატაციაში. ეს შიდაბრძოლები განსაკუთრევით გამწვავდა მას შემდეგ, რაც გალის უშიშროების ადგილობრივ განყოფილებაში სამუშაოდ გაამწესეს  ჯანსუღ მურატია, რომელიც თავად აცხადებდა პრეტენზიებს  ქართული საზოგადოებისთვის სრული უკეთურებითა და დაუნდობლობით   ცნობილი ტურანბას მიერ დასაკუთრებულ ,,შემოსვლებზე" და მთელი ძალით ცდილობდა გზიდან ჩამოეცილებინა ყველა ,,ავტორიტეტი" , რომელიც ხელს უშლიდა მას სიტუაციის უკონკურენტო ფლობაში.

მიუხედავად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობისა ოთარ ტურანბას დაღუპვა ქართველი ტერორისტებისათვის დაებრალებინა, თავად აფხაზურ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ტურანბას აფეთქება ისევ აფხაზმა კონკურენტებმა მოუწყვეს. შეგახსენებთ, ავტომანქანა, რომელშიც იგი პროკურორ ბესიკ კოღონიასთან ერთად იჯდა, 2006 წლის 25 დეკემბერს ღამის 3 საათზე  ააფეთქეს გალის ცენტრალურ გზაზე.  იყო ვერსია, რომ  აფეთქება  მოყვა საქმის გარჩევას, რომელიც იმ ღამეს  რუსეთიდან ჩამოსულ კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა, გაიელვა ვერსიამ ამ საქმეში მურატიას დაჯგუფების მონაწილეობის შესახებაც. 

მნიშვნელოვანია, რომ ტურანბა ამ დროს გალის პოლიციის უფროსი იყო და, ამდენად, ეს დაპირისპირება ნაწილობრივ უწყებრივ ხასიათსაც ატარებდა, თუმცა ძირითადად ეს  მაინც კრიმინალთან შერწყმული ხელისუფლების განუკითხავი ქმედების ნიმუში იყო და აფხაზური მედიისა და ხელისუფლების მცდელობა გალის მოსახლეობის დამცველად წარმოადგინონ ჯანსუღ მურატია, საქმეში ჩახედული ქართველების მწარე ღიმილს იწვევს.   ასეა თუ ისე, მაშინ ჯანსუღ მურატიამ შეძლო ოთარ ტურანბას დამარცხება და კარტ ბლანშის მიღება გალის რაიონში, თუმცა ჩამოცილებული მეტოქისგან განსხვავებით, იგი უფრო დიდი წარმატებით  ატარებდა მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას, რის გამოც ისინი, ვისაც თავის თავზე ჰქონდა განცდილი ტურანბას დაუნდობლობა, შედარებით ემადლიერებოდა კიდეც. ტურანბას დაღუპვის შემდეგ მურატია გალის უშიშროების განყოფილებაშიც დაწინაურდა, ჯერ უფროსის მოადგილე გახდა, ხოლო შემდეგ უფროსიც. 

ამასობაში ჯანსუღ მურატიამ ბევრი მტერი გაიჩინა გავლენის სფეროების გადანაწილებაში დაზარალებულთა სახით.   2008 წლის 7 ივლისს გალის კაფეში თანმხლებ პირებთან ერთად მჯდარ მურატიას აფეთქება მოუწყვეს. მძიმედ დაჭრილი მურატია რამდენიმე წუთში დაიღუპა. ასე დასრულდა კრიმინალური გარჩევების გრძელი სერია, რომელიც აფხაზურმა მედიამ მაშინ შეაფასა როგორც  პოლიტიკოსის მკვლელობა, თუმცა მთელმა აფხაზეთმა იცოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიღბის მატარებელი კრიმინალური ავტორიტეტების შერკინების შედეგი. დასასრულ დავძენთ, რომ ჯანსუღ მურატია ოჩამჩირის მკვიდრი იყო,  90 – იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე, იგი დაჯილდოებული იყო ,,ლეონის ორდენით'' ომში გამოჩენილი გმირობისათვის. რამდენად აღიქვამს მას გალის ქართული მოსახლეობა გმირად, რაიონის  ახლანდელ ადმინისტრაციას არ აინტერესებს.  “ჩვენ სიმაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანსუხ მურატიას სახელი, რომელმაც ჩვენს მიწაზე მშვიდობას შესწირა თავი, დავიწყებას არ მიეცემა… მწარედ ცდებოდნენ ისინი, ვისაც გალის რაიონის აფხაზეთიდან მოწყვეტა ჰქონდა განზრახული. გალის რაიონი ყოველთვის იყო და იქნება აფხაზეთი” –ამბობს ნადარაია. 

 

 

 

 

 

 
წინა სტატიაპარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაუკრაინისა და რუსეთის დელეგაციების დემარშები გაეროში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური