გიგი უგულავა უკანონო პატიმარია

0
428

გიგი უგულავა ამ წუთამდე უკანონო პატიმრობაში რჩება. საქართველოს ხელისუფლებამ უგულვებელყო  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად  ძალადაკარგულად არის გამოცხადებული  ნორმა, რომლითაც უგულავა პატიმრობაში იმყოფება.

ნებისმიერ ასეთ ვითარებაში, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პირის თავისუფლება, რადგან  კანონი ავალდებულებს  შეასრულოს არა მხოლოდ საერთო სასამართლოების დანაწესები, არამედ კანონისმიერი ვალდებულებებიც, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არ არსებობს ამის საჭიროება საერთო სასამართლოების მხრიდან.

სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელსაც აქვს დემოკრატიულობის პრეტენზია, ხელისუფლებას სჭირდება შეგონება, რომ  ტერმინი სასამართლო  მოიცავს არა მხოლოდ მხოლოდ საერთო სასამართლოებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოსაც. 

წუხანდელი ნერვიული ღამის შემდეგ, ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ჯიუტად ამტკიცოს აბსურდი, რომლის ნიმუშია ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის  ეკა ბესელიას მიერ   სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"   გამოქვეყნებული ოპუსი, რომლის თანახმად,  ,,იმისთვის, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს, – და, შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით არასწორი განცხადებები კეთდება''. 

იგივეს იმეორებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი: "ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებასთან. ასეთი რამ საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა თუ ხელთ გვექნებოდა სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც თეთრზე შავად ეწერებოდა, რომ კონკრეტული პირი არის უკანონო პატიმარი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია წარიმართებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურა. მაგრამ ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტულად ერთი ბრალდებულის პატიმრობის კანონიერებაზე და ვერც იმსჯელა, არამედ მან იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება: პირველი – ამ სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა, მეორე – იმის გამიჯვნა, თუ რომელ ნორმაზეა საუბარი, მესამე – დაუყოვნებლივი მითითების გაცემა, რომ დაწესებულებების დირექტორებმა დაიწყონ იმ პატიმრების საქმეების შესწავლა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ხდება, ერთის მხრივ, იურიდიული დეპარტამენტისადმი დავალების გაცემა დასკვნისთვის და მეორეს მხრივ, პენიტენციური დეპარტამენტისთვის მითითების მიცემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ყველა დაწესებულებას და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დაიწყონ იმ პატიმრების პირადი საქმეების შესწავლა, რომელთა მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოხდეს კანონით დადგენილი წესით მისი აღსრულება", – აცხადებს იგი. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ სრულ მობილიზაციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეშლისა და გიგი უგულავას უკანონო პატიმრობაში დატოვების მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი  ,,აგვირგვინებს'' – რეალობაში რა მოხდა: დღეს რამოდენიმეჯერ ვთქვი და ვიმეორებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარე პაპუაშვილმა ნაცების მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ხვალ უნდა ყოფილიყო სასამართლო, სადაც უგულავას საბოლოოდ მიუსჯიდნენ. სწორედ ამიტომ წელავდნენ პროცესს, არ ცხადდებოდნენ ადვოკატები, რომ სასამართლომდე საკონსტიტუციოს გამოეგდო ეს გადაწყვეტილება. რასაკვირველია ეს ბრიფინგები და განცხადებებიც წინასწარ იყო დაგეგმილი საინფორმაციო ველზე პოზიცია მომძლავრებული ერთ-ერთი ტელეარხის მიერ

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით,  გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, პირის პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა 9 თვეზე მეტი ხნის ვადით ანტიკონსტიტუციურია. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქე დღეიდან, უკვე დაცულია სახელმწიფოს მხრიდან თავნებობისგან. აქედან გამომდინარე, იმ წუთიდან, როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. მისი პატიმრობის ყოველი წამი, ყოველი წუთი ეს არის უკანონო პატიმრობა და ახლა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", –  განაცხადა  გუშინ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

 

წინა სტატიაოდესის პროკურორად დავით საყვარელიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიასეზონის გახსნა ზუგდიდის თეატრში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური