გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ზვიად სიჭინავა განცხადებას ავრცელებს [Video]

0
629
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სიჭინავა განმარტავს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ODISHINEWS უცვლელად გთავაზობთ: “დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული რაც მხოლოდ ახლა შევძელით. ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს.
მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რომლის განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არა ერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე, ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემს მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს”, – აცხადებს სიჭინავა. გავრცელებულ ვიდეოში ზვიად სიჭინავა აფხაზეთის, როგორც ცალკე ქვეყნის და სოხუმის, როგორც აფხაზეთის დედაქალაქის  სადღეგრძელოს სვამს. “მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები”, – ამბობს სიჭინავა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
იხილეთ გავრცელებული ვიდეო
წინა სტატიაანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში გამოცხადდება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი ხვალიდან 2.4414 ლარი იქნება, 1 ევროსი – 2.7634 ლარი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური