პრემიერ-მინისტრი სვანეთში, “ნენსკრაჰესის” პროექტის დაწყების ღონისძიებას დაესწრო

0
504
საქართველოს საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია „K Water“-ი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას დაიწყებენ– ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაწყებას საფუძველი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.
მთავრობის მეთაურმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა და "ნენსკრაჰესის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ნენსკრაჰესი" არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი, ისეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან, სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანია K Water-თან ერთად, რომლის პარტნიორიც საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იქნება. მშენებლობას ისეთი ცნობილი იტალიური კომპანია აწარმოებს, როგორიც არის Salini Impregilo. დღეს ჩვენ ვიწყებთ წინა მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სიმბოლურად, რომ დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები. პირველ რიგში ეს კომპანია ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას", – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, "ნენსკრაჰესის" პროექტის ჯამური ინვესტიცია არის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი, ხოლო სესხის კომპონენტში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის ,,ექსიმ ბანკი“.
"ეს ჰესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი იქნება, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1.2 მლრდ კვტ/სთ.
სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია – ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი", – განაცხადა პრემიერმა. 
მისი განმარტებით, ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 
"ჰესის მშენებლობა ემყარება Build-Operate-Transfer (BOT) მოდელს, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს იგი საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. „ნენსკრაჰესი“ იქნება საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროექტი პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას და მკაცრად არის დაცული ეკოლოგიური ნორმები.
პროექტის დაწყების ღონისძიებას ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, კორეული კომპანია "K Water"-ის პრეზიდენტი გაევონ ჩოი, იტალიური კომპანია Salini Impregilo–ს პრეზიდენტი ლეოპოლდო კარლესიმო დაესწრნენ. 
ცერემონიის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური ჭუბერის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს მიწის ნაკვეთების დაკანონებაში დახმარება სთხოვეს. 
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭუბერის მოსახლეობას განუცხადა, რომ დღესვე დაავალებს იუსტიციის მინისტრს, რათა აღნიშნული საკითხის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი გამოიყოს.

წინა სტატიაფიფა სფფ-ს მოუწოდებს სამთავრობო ჩარევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს
შემდეგი სტატიაოდესის პროკურორად დავით საყვარელიძე დაინიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური