ოკუპირებულ აფხაზეთთან პირობით საზღვარზე ახალი პრობლემა მწიფდება

0
490

ოკუპირებულ აფხაზეთთან პირობით საზღვარზე სავარაუდოდ ახალი პრობლემა მწიფდება. აფხაზურ მედიაში ბოლო დროს ზედიზედ ქვეყნდება წერილები, სადაც ავტორები – პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები პირდაპირ თუ არაპირდაპირ უტევენ საზღვარზე ქართველების გადაადგილების ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს – პროდუქტებისა და სხვა საქონლის შეტანას აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან პირადი მოხმარების თუ წვრილი ვაჭრობის მიზნით. ამ წერილებზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ,,კონტრაბანდასთან ბრძოლის გამკაცრების აუცილებლობა “ მხოლოდ საბაბია იმისათვის, რომ გალის მოსახლეობას ისე გაურთულდეს და გაუძვირდეს საზღვარზე,  მაგალითად, რამდენიმე ტომარა პურის ფქვილის გადატანა, რომ საზღვარზე გადაადგილებამ აზრი დაკარგოს. საბოლოო ჯამში ეს ,,ანტიკონტრაბანდული’’ კამპანია  შორსმიმავალ მიზანს ისახავს – ნიადაგის მომზადებას  გალის მოსახლეობის გაუცხოებისა და იზოლირებისათვის არაოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტების შემცირების გზით, რაც ორგანულად ჯდება ,,პრეზიდენტ’’ ხაჯიმბას არაერთ განცხადებაში  აფხაზეთში დარჩენილი ქართველებისთვის საზღვრის გადაკვეთის ლიმიტირების აუცილებლობის შესახებ.  ქვემოთ გთავაზობთ ასლან კობახიას წერილს, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა  ,,აფსნი პრესში’’ და  ატარებს ყველა ნიშანს, რომელიც ამ თემისადმი მიძღვნილ სხვა პუბლიკაციებსა და განცხადებებს ახასიათებს.

 

,,უკანასკნელ ხანებში აფხაზეთში სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ არ იქნება ცუდი თუ  ვაჭრობა საქართველოსთან ოფიციალურ სახეს მიიღებს.

დავიწყოთ იმით, თუ რას წარმოადგენდა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე.

2008 წლამდე ეს იყო ერთერთი ყველაზე სახიფათო ადგილი აფხაზეთში: გამუდმებული ტერორისტული აქტები, საქართველოს ხელისუფლების პერმანენტული მცდელობები გაეძევებინა აფხაზური ადმინისტრაცია გალის რაიონიდან…თუმცა მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიერ ამ პროცესში განცდილი კოლოსალური დანაკარგებისა, ქართველებმა ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ დაასუსტეს აფხაზური ხელისუფლების პოზიციები საზღვრისპირა ტერიტორიაზე.

2008 წლიდან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. რუსმა მესაზღვრეებმა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე თავის თავზე აიღეს მდინარე ენგურზე გამავალი საზღვრის დაცვა, თითქოს დადგა დრო,  აფხაზეთის ხელისუფლებას კონტროლქვეშ მოექცია საზღვარზე მიმდინარე პროცესები, თუმცა ბევრი რამ კონტროლს მიღმა დარჩა.

უფრო მეტიც. კონტრაბანდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელ ომისშემდგომ პერიოდში, სამგზის გაიზარდა და ქვეყნისათვის სახიფათო მასშტაბები მიიღო.

არ ვიცი, რამდებად ზუსტია მონაცემები, რომელიც გაახმოვანა  ერთერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, რომლის უშუალო მოვალეობას კონტრაბანდასთან ბრძოლა შეადგენს, მაგრამ, მისი თქმით, სოხუმის ბაზარი 40 პროცენტით საქართველოდან შემოტანილი კონტრაბანდული საქონლით მარაგდება. რა თქმა უნდა, დაისმის კითხვა, როგორ ვებრძოლოთ კონტრაბანდას, რომელიც ემუქრება ქვეყნის ეკონომიკას და მის ფიზიკურ უსაფრთხოებასაც  კი, რადგან   სხვა საქონელთან ერთად სწორედ საქართველოდან შემოდის  საკვები პროდუქტების უდიდესი პარტიები.

როგორ ვენდობით ქვეყანას, რომელმაც ჰაერში ააფეთქა ბავშვებითა და ქალებით სავსე ვერტმფრენი? ან კი ახსნა ვინმემ, რამ გამოიწვია ტყვარჩელის მკვიდრთა მასობრივი მოწამვლა საკვები პროდუქტებით, რომელსაც ამ ორი წლის წინათ ჰქონდა ადგილი? რა ვქნათ? რამდენ ხანს შეიძლება თვალი მოვუხუჭოთ ქართულ კონტრაბანდას?
დროა გადამწყვეტი ბრძოლა გამოვუცხადოთ კონტრაბანდას მტრული ქვეყნიდან. ამისათვის ჩვენს სახელმწიფოს ყველა რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია – ვის შეუძლია წინ აღუდგეს ხელისუფლებას, რომელსაც თითქმის ორიათასიანი რუსულ – აფხაზური სასაზღვრო – საბაჟო დაჯგუფება ექვემდებარება? ან იქნებ რაღაც არ მესმის? იქნებ  რუს მესაზღვრეებს აფხაზეთის საზღვრებზე არ ევალებათ ბრძოლა კონტრაბანდასთან, რასაც ისინი წარმატებით ართმევენ თავს რუსეთის ფედერაციის თვალუწვდენელ საზღვრებზე?

რუსეთის სასაზღვრო ჯარების დაჯგუფება აფხაზეთში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას საზღვრის აკრძალულ ადგილებში გადაკვეთის მცდელობისას  დაკავებულ პირებზე, მაგრამ რაღაც არ მაგონდება, რომ ვინმესთვის ჩამოერთმიოთ თუნდაც ერთი კილოგრამი კონტრაბანდული საქონელი. არა მგონია, მსგავსი რამ ხდებოდეს მდინარე ფსოუზე გამავალ საზღვარზე ან თუ ხდება, მესაზღვრეს რუსეთის კანონების მთელი სიმკაცრით არ მოეთხოვის პასუხი კონტრაბანდის გატარებისთვის.

და მაინც ვთვლი, რომ ენგურზე არსებულ განუკითხაობაში რუს მესაზღვრეებს ნაკლებად მიუძღვით ბრალი. ისინი ხომ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ვიქცევით ჩვენ. რატომ გაიკლავენ თავს, თუკი საზღვარზე დისლოცირებული აფხაზური სამსახურები, ნაცვლად იმისა, რომ ადგილზევე შეასრულონ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა, პრეზიდენტს უტალახებენ კარებს თხოვნით დააკანონოს კონტრაბანდული ვაჭრობა საქართველოსთან.  და მე არ მჯერა მათი გულისამაჩუყებელი ტირადებისა, რომ უნდა შევიბრალოთ ხალხი, რომლისთვისაც ეს არის ოჯახის რჩენის ერთადერთი გზა.

რეალობა ისეთია, რომ ბევრი კომერსანტი დაურიდებლად გაემგზავრება მტრულ ქვეყანაში, ოღონდ კი იაფად შეიძინოს საქონელი და თუნდაც მანეთის მოგება ნახოს.

მე პირადად ვიცნობ რამდენიმე კანონმორჩილ ბიზნესმენს, რომელიც იძულებული გახდა ხელი აეღო თავის ბიზნესზე აფხაზეთში, რადგან ძნელია კონკურენცია გაუწიო ადამიანებს, რომელნიც არ იხდიან გადასახადებს.  

დღეს საკითხი ასე დგას: ან დავაკანონოთ კონტრაბანდა ან გადამწყვეტი ბრძოლა გამოვუცხადოთ მას.

 ჩვენ მეორე გზა უნდა ავირჩიოთ  – უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც მკაცრ კოორდინირებას გაუწევს  საზღვარზე მოქმედ ყველა პასუხიმგებელ სტრუქტურას. ხელისუფლება დაუნდობელი უნდა იყოს კონტრაბანდის ხელშემწყობი ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ. სხვა გზას ვერ ვხედავ –  აბა ვის დაუკანონებია ნარკოტიკები ნარკომანიის დასამარცხებლად?

და ბოლოს, კონტრაბანდის დამარცხების შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს შემოსავლებს, რომელთაც დღეს კარგავს იმის გამო, რომ საქონელი შემოდის შემოვლითი გზებით ან აღურიცხავად და არა ოფიციალური  საკონტროლო – გამშვები პუნქტების გავლითა და  შესაბამისი განბაჟებით.

ასლან კობახია

: http://aiaaira.com/~AoXc8

წინა სტატიამერკელმა გამორიცხა საბერძნეთისთვის ვალების სრული ჩამოწერა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა მიიღო კანონი “სახელმწიფო ენის შესახებ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური