ვალერიან გორგილაძე – IRI-ს კვლევის შედეგები ასახავენ არა რეალობას, არამედ IRI-ს სურვილებს, როგორ უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოსახლეობა

0
591

სოციოლოგიური კვლევის შედეგებსა და კვლევის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე “ინტერპრესნიუსი” სოციოლოგსა და პოლიტიკურ ანალიტიკოსს ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

– ბატონო ვალერიან, ამერიკის რესპუბლიკური ინსიტუტის (IRI) ბოლო გამოკითხვა ყველაზე განხილვადი თემა გახლავთ და მასზე თქვენი აზრმა და შეფასებამ დაგვაინტერესა. როგორ შეაფასებდით კვლევის შედეგებს? სავარაუდოდ, რა ტენდენციები გამოიკვეთა?
– IRI-სა და NDI-ს კვლევების შედეგებს მე არ განვიხილავ, როგორც სუფთა სოციოლოგიას. ამ შემთხვევაში ეს ე.წ სოციოლოგიური კვლევა წარმოადგენს ჰიბრიდულ ტექნოლოგიას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს გარკვეული სოციალური რეალობის კონსტრუირება. ეს რეალობა, რომელსაც გვიხატავს ამ შემთხვევაში IRI, ეყრდნობა გარკვეულ ემპირიულ მონაცემებს, მაგრამ მე შემაქვს ეჭვი ამ მონაცემების ინტერპრეტაციაში.
მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, IRI-ს კვლევის შედეგები ასახავენ არა იმას, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ამ თუ იმ საკითხებთან მიმართებაში, არამედ IRI-ს სურვილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ფიქრობდეს საქართველოს მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საქმე პირდაპირ მცდელობასთან, განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და სასურველი განწყობების ფორმირება. ხდება პირდაპირი და საკმაოდ უხეში ჩანაცვლებები პოლიტიკური პარტიების რეიტინგებში. კვლავ მინდა დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება იმასთან დაკშირებით, რომ დღევანდელი ვითარება, რომელიც უკავშირდება ექსკლუზიურ უფლებას პოლიტიკურ სოციოლოგიაზე საქართველოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს.
აბსურდული და შეურაცხმყოფელია ვითარება, როდესაც სუვერენულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი განწყობების და პრობლემატიკის კვლევის ჩატარებას, მონაცემების ინტერპრეტაციას, შედეგების პრეზენტირებას და საზოგადოებრივი დისკუსიის ინიცირებას ახდენენ სხვა ქვეყნების ორგანიზაციები. ეს არ ხდება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, მსოფლიოშიც გამიჭირდება იმ ქვეყნების ჩამოთვლა, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების და ინსტიტუტების რეიტინგებს და ზოგადად, სოციალურ და პოლიტიკური დღის წესრიგს ადგენს უცხოური ორგანიზაცია.
ამასთან დაკავშირებით ვურჩევდი ქართულ მედიას, კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდეს ინდუსტრიული კომიტეტის დაფუძნება, რომლის ეგიდითაც და პატრონაჟითაც მოხდებოდა პოლიტიკური და სოციალური პრობლემატიკის, საზოგადოებრივი განწყობების და მოლოდინების, მათ შორის მედია პრეფერენციების კონსოლიდირებული კვლევა. მხოლოდ ამ ტიპის, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მოუღებდა ბოლოს ამ საუბარს ვირტუალურ რეალობებზე, რომლის კონსტრუირებით არის დაკავებული ხან IRI და ხან კი NDI.
– თქვენ საკმაოდ რთულ თემას შეეხეთ. საერთოდ, გასაკვირი ის არის, რომ 25 წელია, ქვეყანა დამოუკიდებელია და თავისი ერთი სერიოზული სოციოლოგიური ცენტრი არ აქვს. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ კვლევის შედეგები ერთობ წინააღმდეგობრივიაც არის. გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ იმავდროულად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 86%, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 79%. რას შეიძლება ნიშნავდეს კვლევის ამგვარი შედეგები ამ მეტად მნიშვნელოვან თემებზე?
– ამით, როგორც ჩანს, IRI-ს იმის თქმა უნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ამ არასწორ მიმართულებას ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება თუ უშველის. სამწუხაროდ, IRI არაფერს გვეუბნება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება ამ სანუკვარი ოცნებების ასრულება. ამასთან ერთად, IRI აზრით, საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს დაშინებული და აღშფოთებული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის მიმართ, რაც ლოგიკურად უნდა იწვევდეს საქართველოს მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანების გამძაფრებულ ლტოლვას. მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამ მონაცემებს და ამ ტიპის შესაძლო ინტერპრეტაციებს.
– პარტიების რეიტინგებზე რას იტყოდით? IRI-ს კვლევით “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს 36%, “ნაციონალებს” 14%, “თავისუფალ დემოკრატებს” 10%, “ლეიბორისტებს” 6%, “დემოკრატიულ მოძრაობასა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანს” 5-5%. ამ მონაცემებთან დაკავშირებით ასეთი პრეტენზიები არსებობს – მოასწრეს კი კოალიციასთან სულ ახლახან გაყრილმა “თავისუფალმა დემოკრატებმა” ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად გამოკვეთა, ვითარებაში, როცა შალვა ნათელაშვილი მხოლოდ გასართობ შოუებში აქტიურობს, ხოლო ბურჯანაძე პოლიტიკურ ველზე აშკარად ჩანს, როგორ უსწრებს ნათელაშვილი ბურჯანაძეს. . .
– ზემოთ აღვნიშნე, რომ ამ ჰიბრიდულ ტექნოლოგიაში, ჩემი აზრით გამოიყენება ჭეშმარიტი და მცდარი ინფორმაციის ნარევი. ჩემი მონაცემების თანახმად, ოცნების რეიტინგი პრინციპში იმყოფება დაშვებული ცდომილების (+3%) ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას “ნაცმოძრაობის” რეიტინგზე, ოღონდ უარყოფითი ნიშნით (-2%). მაგრამ, ის, თუ რაც ხდება შემდეგ, უფრო ჰგავს კორელაციას, რომელშიც პოლიტიკური პარტიის რეიტინგი დამოკიდებულია ამ თუ იმ პარტიული ლიდერის ვაშინგტონში გამგზავრების ინტენსივობასთან.
“თავისუფალ დემოკრატებს” შეიძლება ჰქონდეს 10% (-2%) რეიტინგი, მაგრამ “თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღემატება ბურჯანაძის “გაერთიანებული დემოკრატების” რეიტინგს. ეს აბსოლუტური ნონსენსია, მით უფრო, რბილად, რომ ვთქვათ, გასაკვირია IRI-ს მიერ ბურჯანაძისთვის მინიჭებული 5% (+7%).
რაც შეეხება “ლეიბორისტების” აირაიულ უეცარ რეიტინგულ აღზევებას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ შალვა ნათელაშვილს ყველაზე თამამ ეროტიკულ სიზმარშიც კი ვერ დაისიზმრებოდა აი-რია-აის მიერ ჯილდოთ ქცეული “ლეიბორისტული პარტიის” რეტინგი. ჩემი მონაცემებით, “ლეიბორისტების” რეიტინგი არ აღემატება 1, 5% (-4.5%).
– კვლევის შედეგებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი პრეზიდენტ მარგველაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსა და ირაკლი ალასანიას აქვთ. პირველ ორს, 62-62%, ალასანიას კი 57%, ხოლო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს 56%. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და თავდაცვის ექსმინისტრ ალასანიას ხშირად აკრიტიკებს, ხოლო პრემიერს აქებს, რა გამოდის – ვისაც ივანიშვილი აკრიტიკებს, ანაც, ვისაც საერთოდ აღარც ელაპარაკება, საზოგადოების თვალში მეტი რეიტინგი აქვთ?
– საერთოდ, ისიც მაინტერესებს, სად გაქრა პოლიტიკური რეიტინგებიდან ბიძინა ივანიშვილი? თუ IRI-ს კვლევის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ წარმოადგენს ქართული პოლიტიკის დომინანტურ ფაქტორს?
რაც შეეხება თქვენს დაკვირვებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსთა მაღალი რეიტინგი უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. მე ვეთანხმები ამ დაკვირვებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაუგებარია, რატომ არ ჩანს რეიტინგში, დღესდღეობით ყველაზე რეიტინგული და პოპულარული პოლიტიკოსი, დავით უსუფაშვილი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა უნდა აწიოს კრიტიკის გრადუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.
– ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია , თუ რა რეიტინგები ექნებათ პოლიტიკური სუბიექტებს 2016 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ. თუ IRI-ს ბოლო კვლევის შედეგებს სასტარტო მონაცემებად ჩავთვლით, თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კარგი შედეგი ექნება? კვლევებიდან ჩანს, რომ მომავალი პარლამენტი დღევანდელზე არანაკლებ ჭრელი იქნება და შესაძლოა, მომავალი მთავრობა კლასიკური გაგებით კოალიციური იყოს..
– პროგნოზები და წინასწარმეტყველებები ჩვენს დროში უმადურზე უმადური საქმეა, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში მოვლენების დინამიკა ძალიან სწრაფად იცვლება.
მიმაჩნია, რომ 2016 წლის ან ვადამდელი არჩევნების ბედს დიდწილად განაპირობებს პროცესი ან პროცესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ვითარდება. მაგრამ, თუ კი დავუშვებთ იმას, რომ შიდაპოლიტიკურ პროცესებში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და ქვეყანა გეგმურად და მშვიდად მიუახლოვდება 2016 წელს არჩევნებს, შემიძლია პირობითად ვიწინასწარმეტყველო გარკვეული მონაცემები არა პროცენტულ, არამედ აბსოლუტურ მაჩვენებლებში.
ასე მაგალითად, “ქართული ოცნების” მხარდაჭერის კოეფიციენტი შეიძლება მერყეობდეს 500 – 550 ათასი ხმის ფარგლებში, “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა 280 – 300 ათასი ხმის ფარგლებში, “გაერთიანებული დემოკრატების” 200 – 250 ათასი ხმის ფარგლებში, “თავისუფალი დემოკრატების” – 170 – 200 ათასი და “პატრიოტთა ალიანსი” 150 – 170 ათასი ხმის ფარგლებში. პროცენტული განაწილება ამ შემთხვევაში იქნება დამოკიდებული ამომრჩეველთა აქტიურობაზე, დანარჩენი პარტიების მაჩვენებლებზე და ა.შ.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი” 

წინა სტატიაფარხად მამედოვი – რამდენადაც მეტად ჩავკიდებთ ხელს და ეფექტურად ვითანამშრომლებთ, მეტად გავაძლიერებთ ერთმანეთს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი დისკუსია ქვეყნის განვითარებას წაადგება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური