საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისთვის გადამწყვეტად მიიჩნევს მომდევნო რამდენიმე დღეს. მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თითქმის 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით, მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილეს გარკვეული შეხების წერტილები და დეესკალაციის საშუალებები.
საფრანგეთის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ემანუელ მაკრონის თქმით, განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან. მაკრონის თანახმად, მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და ერთობლივი, ინტენსიური დისკუსია დასჭირდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედავად შედეგს მიაღწევენ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს, 8 თებერვალს უკრაინას ეწვევა.
წუხელ მაკრონთან განხილული საკითხები არც პრეზიდენტ პუტინს დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ზოგიერთი იდეა და წინადადება შესაძლოა, იქცეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების საფუძვლად.
,, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთში ახალი წევრების ხარჯზე, რადგან რუსეთის საზღვრებთან ნატოს შემდგომი გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს. „ჩვენ არ ვმოძრაობთ ნატოსკენ, ნატო მოძრაობს ჩვენკენ, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი აგრესიულია, სულ მცირე არ შეესაბამება საღ აზრს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ისა და ნატოსგან მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებში სამი გადამწყვეტი პუნქტია – არ დაუშვან ნატოს შემდგომი გაფართოება, უარი თქვან რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების და დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე და ევროპაში ნატოს სამხედრო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როცა გაფორმდა რუსეთ-ნატოს ფუძემდებლური აქტი. პუტინის თქმით, აშშ-მა და ნატომ ამ საკითხებს გვერდი აუარეს და რუსეთს შესთავაზეს მისთვის მეორეხარისხოვანი წინადადებები. პუტინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ნატოსგან 26 იანვარს მიღებულ პასუხებში რუსეთის მთავარი შეშფოთება იგნორირებულია, მათთან დიალოგს დასრულებულად არ მიიჩნევს. როგორც პუტინმა თქვა, მოამზადებენ პასუხს “იმ ქაღალდზე”, რომელიც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მიიღეს.