მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ გადავრჩეთ სიცხეში - გზამკვლევი

როგორ გადავრჩეთ სიცხეში – გზამკვლევი

Published on

ზაფხულს წელს დააგვიანდა, მაგრამ მაინც მოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ცხელი დღეებით. არსებობს მარტივი, მაგრამ ქმედითი რჩევები ასეთი კლიმატის იოლად გადასატანად.
 
სვით წყალი, ოღონდ ზომიერად
 
წყლის მიღება ორგანიზმისთვის ნებისმიერ ამინდში სასარგებლოა. ის პასუხისმგებელია სისხლის მიმოქცევაზე, უჯრედებამდე მკვებავი ნივთიერებები მიაქვს და მათ ზედმეტისგან ათავისუფლებს. იმავდროულად, სიცხეში ჩვენ ბევრ სითხეს ვკარგავთ ოფლის სახით, ეს გაგრილების ბუნებრივი მექანიზმია. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის წყლით დროულად მომარაგება.
 
კითხვაზე, თუ რამდენი წყალი უნდა დავლიოთ, ცალსახა პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დღეში სულ ცოტა ორი ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. ამ რეკომენდაციის ავტორები თავის რჩევას იმით ასაბუთებენ, რომ სხეული ძირითადად წყლისგან შედგება (მისი მასის 52-60%) და მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის სწორედ ამდენი წყალია საჭირო. სინამდვილეში, ეს უსაფუძვლო დასკვნაა. არსებობს რეკომედაციები, რომლებშიც მითითებულია, რომ ამ ორ ან ორნახევარ ლიტრ წყალში შედის არამხოლოდ წყალი, არამედ სხვა სასმელიც, მათ შორის საკვები, რომელიც ასევე შეიცავს წყალს.
 
ამიტომ, წყლის იძულებით სმა აუცილებელი არ არის, თუმცა მისი ხშირად მიღება რეკომენდებულია. სამუშაო მაგიდაზე იქონიეთ გრაფინი წყლით, ხოლო ხელით სატარებლად მოსახერხებელი ბოთლი. ჩააგდეთ წყალში ლიმონი, პიტნა ან კიტრის პატარა ნაჭრები – ასეთი წყალი უფრო სასიამოვნო დასალევია.
 
ზომიერად მიიღეთ საკვები
 
სიცხეში, ორგანიზმი მთელ ენერგიას მიმართავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მხარდაჭერისკენ, როგორიცაა მაგალითად თერმორეგულაცია, ამიტომ არ არის საჭირო მისი გადატვირთვა ცხვრის მწვადების მონელებაზე. მაგრამ კალორიები, რა თქმა უნდა, მაინც გვჭირდება. ზაფხულში, ბევრს ჭამის მადა საღამოს, აგრილების შემდეგ, უჩნდება. ღამე ჭამის თავიდან ასაცილებლად, საკვები მთელ დღეზე გაანაწილეთ: ნოყიერი საუზმე, დაბალანსებული სადილი და მსუბუქი ვახშამი.
 
მიიღეთ სითხით მდიდარი პროდუქტები: მწვანილში, გარდა ვიტამინებისა, ბევრი წყალია (ამ მხრივ რეკორდსმენია – ისპანახი). სასარგებლოა ბოსტნეული და ხილი, დაწყებული კიტრიდან დამთავრებული საზამთროთი. სასიამოვნოდ გაგარილებთ და დაგანაყრებთ ნატურალური იოგურტი (შაქრის შემცველობის გარეშე), რომელშიც დაახლოებით 85% წყალია.        
 
სიცხე კარგი საბაბია მსუბუქ კერძებზე გადასასვლელად, მაგალითად უმ პროდუქტებზე. ეს მხოლოდ  წყალმცენარეები არ არის, არსებობს უამრავი გემრიელი ვარიანტი სასარგებლო
რაციონისთვის – ყველანაირი სახის ცივი წვნიანით დაწყებული, შესანიშნავი დესერტებით დამთავრებული.
 
ზედმეტი ალკოჰოლი არ მიიღოთ
 
ცივი თეთრი ღვინო, ლუდი და ყინულიანი კოქტეილები – ტიპური საზაფხულო სასმელია. ალკოჰოლი გახალისებს და გადუნებს, მაგრამ იმავდროულად მას წნევის აწევაც შეუძლია, ხოლო დიდი დოზით მიღების შემთხვევაში გული, სისხლძარღვები და ღვიძლი ზედმეტად დაიტვირთება, ის ხელს უშლის ასევე თერმორეგულაციას. სპირტიან სასმელს შარდმდენის ეფექტი აქვს, შესაბამისად მისი ზომაზე მეტად მიღება გაუწყლოვნების რისკს შეიცავს. იმავდროულად, სიმთვრალეში, ალკოჰოლის ეფექტის გამო სითბური (მზის) დარტყმის მიღებაც შეიძლება (თავის ტკივილი, გულისრევა, გახშირებული გულისცემა). მოკლედ, მცხუნვარე მზის და გართულებული ცხოვრების პირობებში, მოთმენა და სასმელზე უარის თქმა სჯობს.
 
ჩვეულებრივ, რეკომენდებულია ერთი სასმლის მიღება საათში და საღამოს განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ ან ოთხჯერ. ერთ სასმელში იგულისხმება დაახლოებით 150 მილილიტრი თეთრი ღვინო, ნახევარი პინტი ლუდი ან 30 გრამი ძლიერი ალკოჰოლური სასმელი ცალკე ან კოქტეილებთან გაზავებული. სინამდვილეში, კოქტეილები რეკომენდებული არ არის, რადგან ბევრ შაქარს შეიცავს. მათ ნაცვლად აირჩიეთ აპერიტივები არატკბილ გაზიან სასმელთან ერთად. გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად კი სჯობს ის მონაცვლეობით დალიოთ წყალთან ან სხვა არაალკოჰოლურ, შაქრის დაბალი შემცველობის მქონე სასამელებთან ერთად.
 
გახდას ნუ ჩქარობთ
 
სიცხეში, ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები ტანსაცმლის ჩაცმას, მაგრამ ეს კარგი სტრატეგია არ არის (თუ რა თქმა უნდა, სახლში არ ხართ), და ეტიკეტი აქ არაფერ შუაშია. თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც სხეულს ფარავს, იცავს კანს მზისგან. ასეთ ტანსაცმელს სასათბურე ეფექტი არ აქვს და ოფლს კანის ზედაპირიდან აორთქლების შესაძლებლობას აძლევს – სწორედ ასე მუშაობს თერმორეგულაცია. თუმცა ქსოვილის შემადგენლობა მნიშვნელოვანია: ის უნდა იყოს ნატურალური და არა ძალიან მჭიდრო. ასე რომ აბრეშუმის მაისური ან ბამბის შარვალი ასეთ დროს ბევრად კომფორტულია, ვიდრე პოლიესტერის მაისური და ჯინსის შორტი. მზეში არ დაგავიწყდეთ თავსაბურავიც. ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი ფეხსაცმელი გადამალეთ. სიცხეში ფეხი ოფლიანდება და შუპდება, ამიტომ, თუკი ამას დრესკოდი გთხოვთ აირჩიეთ მსუბუქი ტყავის ფეხსაცმელი, ასევე ესპადრილი, სანდლები და გრილი კედი.
 
კონდიციონერთან ფრთხილად იყავით
 
გაყინვის რისკი ამ დროს მთავარი პრობლემა არ არის. ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ კონდიციონერები ნაგვიანდება, რასაც თავისი წვლილი შეაქვს ეგრეთ წოდებული საოფისე სიმპტომების გაჩენაში. ეს შეიძლება იყოს სურდო, თავის ტკივილი და ასთმის გამწვავებაც კი.
 
თუ კონდიციონერის ფილტრი გამართულად არ მუშაობს, მასში ნელ-ნელა გროვდება ბაქტერიები და სოკო, რომლებიც შემდეგ შენობაში ბრუნავს, ვიდრე მას არ გაანიავებ. ეს ზრდის საფრთხეს, რომ რაიმე ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციით დაავადდეთ. ამიტომ ექიმების რეკომენდაციაა კონდიციონერში ფილტრი დროულად გამოცვალოთ.
 
სიცხეში მდგომარეობის შემსუბუქება სხვა გზებითაც შეგიძლიათ. ყველაზე ცხადი – კარის და ფანჯრების გაღება და ოთახში ორპირის ანუ ჰაერის მოძრაობის მოწყობაა. ორპირისგან არ ცივდებიან, თუკი ოთახს სწორად ანიავებთ.
 
კანს მოუარეთ
 
კანის მოვლა აუცილებლობაა და არა ფუფუნება. თანაც, ყველა სეზონის დროს კანს თავისი მოთხოვნები აქვს. მაგალითად, ზაფხულში სახის კანი ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ მსუბუქი საშუალებებით, რომლებიც სპირტს არ შეიცავს. მზის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ კანს უფრო მეტი დატენიანება სჭირდება, მაგრამ არა თერმული წყლის შესხურებით ყოველ 20 წუთში, რადგან ქუჩაში როცა ხართ, ის სახეზე მტვერთან გაზავდება. იმავდროულად, დერმატოლოგები აცხადებენ, რომ თერმული წყლის ზედმეტი მოხმარებით, თქვენ კანს "გამოაშრობთ". გამოიყენეთ დამატენიანებელი ლოსიონი, ზემოდან კი წაისვით მსუბუქი კრემი ან გელი. დაიმახსოვრეთ, რომ ამის გაკეთება საჭიროა შხაპის მიღებიდან ან სახის დაბანიდან 5 წუთის განმავლობაში. თუ არ იცით რა ტიპის კანი გაქვთ, აუცილებლად გაარკვიეთ, თორემ სწორ პროდუქტს ვერ შეარჩევთ. ქალებისთვის სასარგებლოა დეკორატული კოსმეტიკა მზისგან დამცავი საშუალებით (SPF 15-დან და ზემოთ) – ის სულ ცოტა დაიცავს მათ კანს B ჯგუფის ულტრაიისფერი სხივებისგან.
 
სიცხის დროს დაგეხმარებათ სწორად შერჩეული დეზოდორანტი ან ანტიპერსპირანტი: პირველი ანეიტრალებს სუნს, მეორე ბლოკავს ოფლის გამოყოფას. თუ თქვენ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ, ზაფხულში ტანისთვის სჯობს მსუბუქი ლოსიონი შეარჩიოთ: მჭიდრო ტექსტურები სიცხეში არაკომფორტულია.
 
იყიდეთ მზისგან დამცავი საშუალება
 
ნუ შეეცდებით მზიანი დღეების მაქსიმალურად გამოყენებას, D ვიტამინის წლიური მარაგის მიღებას და უსაზღვროდ გარუჯვას. მათთვის, ვისაც ღია ფერის კანი აქვს, D ვიტამინის ნორმის შენარჩუნებისთვის საკმარისია მზეზე 10-15 წუთი გაჩერება კვირაში სამჯერ. რაც შეეხება რუჯს, გახსოვდეთ, რომ ეს მელანინის წარმოებაა, კანის დამცავი რეაქცია ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებაზე. მცხუნვარე მზეზე საათობით დარჩენა იწვევს კანის გამოშრობას, მის ნაადრევ დაბერებას, ელასტიურობის დაკარგვას, აჩენს კიბოს ზოგიერთი სახეობით დაავადების მაღალ რისკს. და ეს ყველას ეხება, რადგან მზისგან დაცვა ჯანმრთელობის საკითხია და არა მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა.
 
რუჯი მიიღეთ დილით ან ადრე საღამოს: მზეზე ყოფნა რეკომენდებული არ არის დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე. ამ დროს გამოსხივება ყველაზე ძლიერია. ზოგიერთებს ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვთ მზის დამცავ საშაულებებზე, მათ სკეპტიკურად უყურებს და მიაჩნია რომ ეს სიფრთხილე გადაჭარბებულია. ბევრი სახის და ტანის "ჩვეულებრივი" კრემიც უკვე შეიცავს SPF-ს (მზისგან დამცავ ფაქტორს), შესაბამისად ზაფუხლში მოსახერხებელია სწორედ ასეთი კრემების გამოყენება. აბრევიატურასთან მითითებული ციფრი აღნიშნავს კანის მდგრადობის ზრდას დამწვრობის მიმართ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივის არ არის: მაგალითად, SPF 30 თქვენს კანს SPF 15-ზე მეტად იცავს, მაგრამ არა ორმაგად.
 
დერმატოლოგები გირჩევენ "დამცავის" განახლებას ორ საათში ერთხელ, ასევე ყოველი ბანაობის შემდეგ (თუ რა თქმა უნდა ინსტრუქციაში არ წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება). იმავდროულად, დამცავი კრემი ღრუბლიან ამინდშიც გამოიყენეთ და აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ კარგი ხარისხის მზის სათვალე, რადგან შუშის შემცვლელი დაბურული პლასტმასი ულტრაიისფერ სხივებს არ ბლოკავს, არამედ მხოლოდ ქმნის დაცვის ილუზიას.
 
ზომიერად ივარჯიშეთ
 
ჯანმრთელობისთვის ზღვარგადასული ვარჯიში ზოგადად მავნებელია, არათუ სიცხეში. არ არის საჭირო ორგანიზმის ზედმეტად გადატვირთვა. ამიტომ სწრაფი ვარჯიშები შეცვალეთ ზომიერი კარდიოვარჯიშებით (მათ შორის სპორტული სიარულით და ცურვით) ან იოგით. ცალკე საკითხია ღია ცის ქვეშ ვარჯიში. აქ ორმაგი სიფრთხილეა საჭირო. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას დღისით, და არ დაგავიწყდეთ ტანსაცმლის სწორად შერჩევა და მზისგან დამცავი საშუალებები. წყლის თხილამურებზე დგომა დილით ან საღამოს (მზის ჩასვლისთვის) ნორმალურია, მაგრამ პლაჟზე ბურთით თამაში მცხუნვარე მზის ქვეშ – არა. სასარგებლოა ფეხით სეირნობა, მაგრამ საღამოობით. და არ დაგავიწყდეთ წყალი: ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.
 
დაისვენეთ!
 
მოერიდეთ გადაღლას, ღამეების თენებას და დილამდე გართობას. ეს არცერთ სეზონზე არ ვარგა, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან ცხელი ღამეების გამო, დასვენებაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. საძინებელში ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება გადაგარჩენთ: მიჩნეულია, რომ ადამიანებს ყველაზე კარგად სძინავთ +18 გრადუს ტემპერატურაზე.
 
ძილი – ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პირობაა. ძილის ციკლის დარღვევა ორგანიზმის მუშაობის მოშლას იწვევს, მით უფრო თუ ამას ღამის წვეულებებზე მიღებული ალკოჰოლიც ემატება. არასაკმარისი ძილი და გადაღლა სიცხეში ორგანიზმისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ამიტომ, რეკომენდებულია ცხელი დღის შემდეგ მშვიდ გარემოში ყოფნა და დროულად დაძინება, დილით, ვიდრე ძალიან არ ცხელა, ვარჯიში და საუზმე, ხოლო სიცხეში დროის გრილ შენობაში გატარება.
 
წყარო: IMEDINEWS.GE

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...