ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც მას აქვს, როგორც ინტერპოლის წევრ სახელმწიფოს, და დააკავოს, ქართველი სამხედროები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ებრძოდა. – იუწყება რუსთავი 2. – საოკუპაციო რეჟიმის შავი სიაშია 76 ქართველი სამხედრო პირი. ამ 76 პირს შორის, რომელთა საერთაშორისო ძებნილებად გამოცხადებას ბიბილოვის რეჟიმი ითხოვს, რამდენიმე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირია, მათ შორის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ქართველი სამხედროები, რომელებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ ამბობენ, რომ ჯარისკაცების დაცვის ბერკეტები ახლა საქართველოს მთავრობის ხელშია. თუმცა გენერალი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ პერსონალურ მონაცემებს თბილისიდან აწვდიან.
იმას, რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები აქვთ, არც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უარყოფენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქართველ სამხედროებს მოსკოვისგან საერთაშორისო თანამეგობრობა იცავს და სამინსტროს მათ დასაცავად ძალისხმევა არ სჭირდება.
უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს და ამბობს, რომ ყოფილი და მოქმედი სამხედროები სახელმწიფომ საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო დიპლომატიური და იურიდიული მეთოდით უნდა დაიცვას.