ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო გახდება

0
390

“საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 2022 წლის მარტიდან გახდება სავალდებულო.

ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მისი ტქმით, B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

ცნობილი ხდება, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებს თეორიული გამოცდისა და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ.

“იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები გამოცდის პირობებში, შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება სრული გამოცდის ჩაწერა, აუდიო -ვიდეო გადაღება და თუკი გასაჩივრდება კონკრეტული მხარის მხრიდან გამოცდის შედეგები, მას საშუალება ექნება, გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს”, – ამბობს დარახველიძე.

შს მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა 18 წლამდე ასაკის პირებთან დაკავშირებულ შეზღუდვაზე. კერძოდ, დარახველიძემ თქვა, რომ აქამდე არასრულწლოვნებს მართვის მოწმობის აღების შემდეგ შრომით საქმიანობაში ჩართვა ეკრძალებოდათ, თუმცა ახალი კანონპროექტით, ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

 “18 წლამდე ასაკის პირებს მოგეხსენებათ, რომ დღეს აქვთ უფლება აიღონ მართვის მოწმობა. თუმცა მათ ეკრძალებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა. ეს შეზღუდვა წარმოდგენილი კანონპროექტით იხსნება და სრულად ექნებათ საშუალება მათ შორის კურიერად თუ მძღოლად მუშაობის იმ პირებს, რომლებმაც 18 წლამდე აიღეს მართვის მოწმობა”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

დარახველიძემ ასევე წარადგინა “შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამოცდის ჩაბარების საფასური განისაზღვრება.

“ვინაიდან დაემატა გამოცდის ახალი პროექტი, B და BE კატეგორიისათვის იქნება 90-ლარიანი გადასახადი. დანარჩენი გადასახდელები, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან, ამ შემთხვევაში არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება. ამ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საშუალება ექნება, გაიაროს თეორიული გამოცდა და 5-ჯერ ექნება დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. რაც შეეხება ყველა სხვა კატეგორიას, ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარებისათვის გადასახდელი წესდება 150 ლარის ოდენობით და თუ პირი ვერ ჩააბარებს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში საშუალება ექნება, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე”, – თქვა დარახველიძემ.

წინა სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
შემდეგი სტატიაალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევაში, პირს შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური