TV პირველმა, მთავარმა არხმა, ფორმულამ და კავკასიამ მაუწყებლობა აღადგინეს.
24 საათის განმავლობაში ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა: “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!”, ამის შემდეგ კი იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 5 და 6 ივლისს დაშავდნენ. ამასთან, ეკრანზე იყო შაბათის აქციის ანონსიც.
მედია უკვე მეხუთე დღეა ითხოვს ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მთავრობის პასუხისმგებლობა დადგეს. პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს ინფორმაცია გაავრცელა, რომ შუალედური ექსპერტიზით, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყო.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე 13 ივლისს დაკრძალეს. მანამდე ის კოლეგებმა სახლიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს. ოპერატორებმა მას სიმბოლურად ვიდეოკამერების დერეფანი გაუკეთეს.