გამოავლინეთ მთავარი პასუხისმგებლები და დაიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა – ლომჯარია შსს-ს

0
223

სახალხო დამცველი 5-6 ივლისის მოვლენებს კიდევე ერთხელ ეხმაურება და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს უმოკლეს ვადებში გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. მისივე განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის მუხლით უნდა დაიწყოს.

“2021 წლის 5-6 ივლისს ვადევნებდით თვალს, თუ როგორ კოორდინირებულად გადაადგილდებოდნენ ძალადობრივი ჯგუფები, იცოდნენ პირთა სხვადასხვა ლოკაციის შესახებ, ასევე სხვადასხვა ჩანაწერში ისმოდა ორგანიზატორთა მოწოდებები, რომ მათ შეეძლოთ მოძალადე ჯგუფების გაკონტროლება (შეჩერება ან გარკვეული მიმართულებით დაძვრა).

ძალადობრივი მოვლენების მასშტაბურობა, ქმედებების ინტენსიურობა და სიმძიმე, ძალადობის ჯგუფური ხასიათი, კონკრეტული პირების მოწოდებები, დაზარალებულ მოქალაქეთა და მოძალადე პირთა რაოდენობა, ცალსახად მიუთითებს, რომ სახეზეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები. შესაბამისად, გამოძიება სხვა მუხლებთან ერთად, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვა”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას არც ერთი პირი არ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ორგანიზებისთვის.

სახალხო დამცველი წერს, რომ 5-6 ივლისის მოვლენებს წინ კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები უსწრებდა, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან.

“მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები წინასწარ იყო განჭვრეტადი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი და ადეკვატური რეაგირება”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულად, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი მოახდინონ საზოგადოების პროაქტიული დეტალური ინფორმირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც სწორედ 5-6 ივლისის ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირი ალექსანდრე ლაშქარავას სხეულის დაზიანებებს, ფსიქოლოგიურ-ემოციურ სტრესსა და დამდგარ შედეგს შორის.

წინა სტატიამედიის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია – შვედეთის საელჩო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური