პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელებს, რომლებიც გუშინ, 5 ივლისს, პუტინისტების მიერ გამართულ აქციაზე მუშაობდნენ, “თითოეული ჟურნალისტის დასაცავად გაწეული შრომისთვის” მადლობას უხდის.
ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს პროპორციული სამართლებრივი რეაგირება ექნება.
“სახელმწიფო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე. ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი თუ თითოეული მოქალაქე”. – ამბობს ანრი ოხანაშვილი.