ცოტაა ქვეყნები და ერები, ესოდენ დაახლოვებული, როგორც ჩვენი – პოლონეთისრეზდენტი ანჯეი დუდა

0
265

“ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ”, — განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადამი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ჩემთვის უდიდესი პატივია, გამოვიდე სიტყვით აქ, თბილისის თავისუფლების მოედანზე, ესოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დღეს. ამ დღეს საქართველო ზეიმობს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ქართველმა ერმა მაშინ გააკეთა ფუნდამენტური არჩევანი — მიემხრო თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და დემოკრატიას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა სულ რამდენიმე წელში საკუთარი აგრესიით გადაწურა თანამედროვე და დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის იმედს, ერის მეხსიერებაში ეს აღმატებული მოვლენა მაინც სამუდამოდ აღიბეჭდა. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ქართველებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორი სახელმწიფოს აღმშენებლობა სურდათ და 2021 წელს შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდამეათე წლისთავი.
ამ მოვლენების გახსენებით აშკარად ვაცნობიერებ, რაოდენ ახლო, მოძმე ერია ქართველი ერი პოლონელებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა და თბილისი 2 000–ზე მეტი კილომეტრით არიან (არის) დაშორებული, ცოტაა ქვეყნები და ერები ესოდენ დაახლოვებული, როგორც ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი — თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებულიმა ელიტამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღორძინებული პოლონეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში.

“ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი განწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში, ასევე, კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლების წინაშე. 2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით მოვიგონებთ მათ”, — განაცხადა მან.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოლონელები და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს.

სამწუხაროდ, არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად — ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში.

ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა: “პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობელებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა”, — აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.

“იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშსს!

ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას NATO-ს “ღია კარის” პოლიტიკა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ”, — განაცხადა დუდამ.

წინა სტატიაზუგდიდში დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების ფოტოგამოფენა დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება
შემდეგი სტატია“გაბედოს აბა ამის გაკეთება.. ვერ ეღირსებიან ჩემგან თანხმობას,” – ნიკა მელიას პასუხი კობახიძეს ამნისტიის კანონპროექტზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური