ირაკლი მელაშვილი: რას ნიშნავს ქალაქი, რომელსაც არ აქვს თვითმმართველობა?

0
416
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი უკურნებელ პოლიტიკურ სენს უწოდებს გაუთავებელ ექსპერიმენტებს თვითმმართველობის სფეროში .
 
,,მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ახალი ინიციატივა – გავაუქმოთ თვითმმართველობა ქალაქებში. ნაბიჯი, რომელიც არ ჯდება იმ ქვეყნის განვითარების ლოგიკაში, რომელსაც დეკლარირებული აქვს დასავლური ღირებულებები, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მართვის დასავლური პრინციპების დამკვიდრების სურვილი.- ამბობს  იგი – ჯერ კიდევ წინა საუკუნის შუა წლებში ევროპა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა პრინციპზე, რომ განვითარებული თვითმმარველობის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ქვია, თვითმართველობა კი სწორედ ის რგოლია, სადაც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში საზოგადოების ჩართულობის ყველაზე მეტი ხარისხი მიიღწევა.
 
დასავლეთის სამყაროში, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე აღარ კამათობს, რომ ნებისმიერი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნის განვითარებაში ლოკომოტივის ფუნქცია სწორედ ურბანულ ცენტრებს აკისრიათ.
 
რას ნიშნავს ქალაქი, რომელსაც არ აქვს თვითმმართველობა? მას არ ჰყავს არჩევითი მმართველობა, ანუ ქალაქის მერს მოსახლეობა კი არ ირჩევს, მას მართველს, ადმინისტრაციის უფროსს უნიშნავენ. ასეთ ქალაქს არც თავისი საკრებულო ჰყავს. ის მხოლოდ წარმომადგენელს ირჩევს თემის ორგანოში, შესაბამისად ქალაქის პრობლემების გადაწყვეტით დაკავდებიან არა ამ ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლები, არამედ ფორმალურად სათემო მუნიციპალიტეტის ორგანოები, რეალურად კი – ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკები. სწორედ მათი გადასაწყვეტი იქნება, თუ რა გაკეთდეს არათვითმმართველ ქალაქში, იმ ჩინოვნიკების, რომელთა დიდ ნაწილს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა ექნება ამ ქალაქის რეალურ პრობლემებზე. არა იმიტომ, რომ ეს ჩინოვნიკები აუცილებლად ცუდი ხალხი და არაპროფესიონალები არიან, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია, თბილისში, კაბინეტში მჯდომმა ადამიანმა, ერთნაირად კარგად იცოდეს, რა სჭირდება ზუგდიდს, გორს, ოზურგეთს, თელავს, მცხეთას და ა.შ. შეუძლებელია, მან ეს უფრო კარგად იცოდეს, ვიდრე ზუგდიდელმა, თელაველმა, გორელმა, ოზურგეთელმა, თელაველმა თუ მცხეთელმა.
 
როცა ურბანულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ისიც კარგად ესმით ყველგან (საქართველოს გარდა), რომ ქალაქს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი შემოსავლები, საკუთარი ქონება, არ აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი განვითარების პრიორიტეტები, დაგეგმოს და განახორციელოს ინფრასტრუქტურული თუ ნებისმიერი სხვა ტიპის პროექტები. ასეთ ქალაქს ისევ ხელგაწვდილი მოუწევს სიარული ნებისმიერი სასიკეთო წამოწყებისათვის აუცილებელი დაფინანსების მოსაპოვებლად.
 
ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა გამოიწვევს იმას, რომ ქალაქს აღარ ექნება იურიდიული პირის სტატუსი, აღარ ექნება საშუალება, განკარგოს ქონება, დადოს ელემენტარული ხელშეკრულებები, იმუშაოს ინვესტიციების მოსაზიდად, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქალაქების განვითარებას.
 
ხშირად გამიგია, რა დროს თვითმმართველობაა, როცა ადგილებზე ასეთი საკადრო პრობლემებიაო. უცნაური ლოგიკაა, რამდენი წელი დასჭირდება ცენტრალურ ხელისუფლებას ერთი მარტივი ჭეშმარიტების გასაგებად _ თუ რეგიონებში არ იქნა კარგად ანაზღაურებადი, საინტერესო და შემოქმედებითი სამუშაო, არც ერთი კვალიფიციური კადრი იქ არ გაჩერდება. რა პატრიოტული მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდეს მთავრობა, თუკი ნიჭიერ, ენერგიულ და კრეატიული აზროვნების ადამიანს საკუთარი ნიჭის გამოყენების საშუალება რეგიონშივე არ მიეცა, მაშინ ის იქ არ გაჩერდება. ამიტომ, ადგილზე კვალიფიციური კადრების დამაგრება შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ რეგიონებში არ გაჩნდება შესაბამისი ფუნქციები, სამუშაო, რომლის პირობებიც მაღალკვალიფიციური კადრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამისათვის თვითმმართველობები კი არ უნდა შეამცირო და მას ფუნქციები კი არ უნდა შეუკვეცო, არამედ პირიქით _ უნდა გაუზარდო.
 
ისე, ერთიც არის. თუკი კვალიფიციური კადრების არარსებობაა ერთ-ერთი არგუმენტი თვითმმართველი ქალაქების გასაუქმებლად, ალბათ, მაშინ შეგვიძლია ერთი რიტორიკული კითხვაც დავსვათ: რამ უფრო აზარალა ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო _ არაკვალიფიციურმა მერებმა და გამგებლებმა, თუ ასეთივე პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, მინისტრებმა და ა.შ.? არა მგონია, თუ ამ კითხვას მოსახლეობას დავუსვამთ, მათი უკმაყოფილება მაინცა და მაინც თვითმმართველობისკენ აღმოჩნდეს მიმართული. ჰოდა, ბატონო პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო, თქვენივე ლოგიკით, ხომ არ გვეფიქრა ცენტრალურ ხელისუფლებაში ბევრი თქვენი პოსტისა და თანამდებობის გაუქმებაზე?- წერს ირაკლი მელაშვილი.
წინა სტატიასანამ მთავრობა შრომის უსაფრთხოების ნორმებზე მსჯელობს, დღეს კიდევ ორი მუშა დაშავდა
შემდეგი სტატიასაბერძნეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური