დღეიდან, 1-ლი მარტიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, ასევე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.
ცნობილია, რომ აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები უნდა ჩაწეროს, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.