ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 36% ცუდად აფასებს, 34% — საშუალოდ, ხოლო კარგად 15% აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ყველაზე ცუდად — 39%-ით თბილისში გამოკითხული ხალხი აფასებს, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში აფასებენ — 16%-ით.
ამასთან ერთად, NDI-მ იგივე კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც დასვა, რომლის მიხედვითაც 18 და 34 წლებს შორის მყოფი ადამიანების 13% პრეზინდეტის საქმიანობას კარგად აფასებს, 34% საშუალოდ აფასებს, ხოლო 36% — ცუდად. დაახლოებით იგივე მონაცემებია 35 და 54 წლებს შორის მყოფ ადამიანებშიც, მათი 13% ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად აფასებს, 35% ცუდად აფასებს, ხოლო ასევე 35% — ცუდად. ოდნავ განსხვავებული სურათია 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში, მათი 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 33% საშუალოდ აფასებს, ხოლო 36% — ცუდად.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ 30% აფასებს სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად, 50% საშუალოდ აფასებს, ხოლო 10% — ცუდად.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.