საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “მთავარ არხზე”, გადაცემაში “მთავარი დებატები” ამბობს, რომ მისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. მისი თქმით, ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით და ყველას არ შეუძლია, ბრძოლის წინა ხაზზე იყოს.
“არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც არის ბრძოლა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით; ბრძოლა დაკავშირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან, უსამართლობასთან, ბრძოლა ბოლომდე შეუთავსებოლობასთან და არაღიარებასთან უკანონო რეჟიმის, რომელმაც მოიპარა არჩევნები საქართველოში, ყველა ადამიანს არ შეუძლია და ვერ მოთხოვ, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა”, — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
მიხეილ სააკაშვილი მთავარ მოვლენად მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცის ძირითადმა მოთამაშეებმა, მათ შორის გრიგოლ ვაშაძემაც, ერთობლივად თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე.
“ივანიშვილი უახლოეს კვირეებში ჩალიჩობს, რუსებთან ერთად, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გაამტყუნოს ქართველი სამხედროები 2008 წლის ომში, იქ გაურევენ ვიღაცებს, ეთნიკურ ოსებსაც, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. იმედია, ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ყველა ნაბიჯს დგამენ აქეთკენ. საქართველო, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან არის უზარმაზარი შეტევის ქვეშ და ამ მოცემულობაში, ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ვის რა ტიტული აქვს”, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარ დებატებში”.