ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ელჩი, ასევე, შეეხო “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტას და “ნაციონალურ მოძრაობის” რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება. ელჩის შეფასებით, ეს ინიციატივები ხელს არ უწყობს პროცესს და შეშფოთებას იწვევს.
“ამ კვირაში მოხდა ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი მხრივ, პარტიებმა შეიტანეს განაცხადები მანტადების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, იყო ნაბიჯი, რომელიც გაურთულებდა პარლამენტის წევრებს ინდივიდუალურად მიეღოთ გადაწყვეტილება. ამან ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესს, რომელზეც მე ადრეც ვსაუბრობდი, ცოტა ადგილი დარჩა ფართო მოლაპარაკებისთვის.მმართველი პარტიის მხრიდან ორი კანონპროექტის წარდგენა, ერთი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნისა და მეორე პარტიის დაფინანსების შესახებ, არ უწყობს ხელს პროცესს და გულახდილად რომ გითხრათ შეშფოთებას იწვევს, რადგან ძალიან აშკარა მიმართულება აქვს მთავარი ოპოზიციური პარტიების მიმართ”, – თქვა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება მეორე კანონს, ჰარცელმა აღნიშნა, რომ ნახეს წარმოდგენილი არგუმენტები, რომ დაფინანსება შეუწდეთ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შედიან. მისი თქმით, არსებობს ამაში გარკვეული ლოგიკა და შესაძლოა იყოს კამათი, რომ პარტიები, რომლებიც ფინანსდებიან უნდა შევიდნენ პარლამენტში, თუმცა მისი თქმით, საჭიროა უფრო ფართო არგუმენტაციის წარგდენა.