ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ,,კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება რიგგარეშე არჩევნებია, რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ხელისუფლებაში ფართო სახალხო კოალიცია მოვა”
..მე ძალიან ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით. ნაციონალურმა მოძრაობამ არამხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა, ნაციონალურმა მოძრაობამ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველა რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით აიღო 35%-ზე მეტი, პარტიამ აიღო პრაქტიკულად ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობა აიღებდა მინიმუმ 50%-ს – ეს ყველამ იცის ძალიან კარგად და იმიტომაც არ მიშვებენ საქართველოში…”
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ლიდერი იქნება ის, ვინც მივა და ჩაის დალევს.
“ლიდერი არის ის, ვინც, საბოლოო ჯამში მივა და დალევს ჩაის, ან — სტაფილოს წვენს. სტაფილოს წვენს ვინც დალევს, ის იქნება საქართველოს ლიდერი. მე სტაფილოს წვენი არ მიყვარს”, — განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამავე გადაცემაში ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე, ან სხვა რომელიმე ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიაჩნია იმ გაგებით, რაზეა აქ საუბარი
,,ესენი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა იმდენად “გააპუსტიაკა” ივანიშვილმა, იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვნები, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან, მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვურეკავდი, ვრეკავდი უკრაინის საკითხებზე მუდმივად, ბელარუსზე, შუა აზიაზე, კუბის საკითხებზეც კი და იმ საკითხებს ვაგვარებდი და ამას რომ ვაკეთებდი, ეს იყო ბუნებრივი, იმიტომ რომ ავტორიტეტი გვქონდა.
ახლა ჩვენ მსჯელობთ საელჩოს რომელიღაცა განყოფილების მოადგილემ რა თქვა, იმიტომ რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ, ჩვენ დავიწიეთ ამ დონეზე, ამიტომ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე რეაგირებას, პრაქტიკულად, კელი დეგნანმა რაც თქვა, ყველაფერი სწორად თქვა, რომ იყო ხმების მოსყიდვა, იყო დაშინება. ყველაფერი თქვა ამ ქალმა. თუ ჩვენ თვითონ არ ვმობილიზდით, თუ ჩვენ თვითონ არ ვიყავით ბევრნი, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები? ეს არ მოხდება…”
მიხეილ სააკაშვილი,ასევე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომ ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან მისი ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება. .
,,რაც შეეხება გერმანიის ელჩს, გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად საქართველოს ისტორიულ პერსონებზე ლაპარაკისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, თავის ისტორიასთან მიმართებაში. არ მგონია, რომ სარკასტულ ტონში მისი გასარჩევი იყოს ქართული მოწამეობრივი და არამხოლოდ მითიური ფიგურა, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ გაყიდა.
ამ თემებზე თამაშს და ღადაობას ჩვენ არ მოვითმენთ და ამას უნდა ამბობდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, ან ყოფილი პრეზიდენტი, ამას უნდა ამბობდეს ჩვეულებრივად მთავრობაც. ეს ნორმალურია. ამაზე საუბარი ნორმალურია. ჩვენ არავისი ვალი არ გვაქვს, ნამდვილად. ჩვენ ვართ თანასწორი წევრი ევროპული თანამეგობრობის.”მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გამოეხმაურა გერმანიის ელჩის საქართველოში, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომ ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან მისი ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება. მიხეილ სააკაშვილი ამავე გადაცემაში ასევე ამბობდა, რომ ამერიკის ელჩზე, ან სხვა რომელიმე ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიაჩნია.”