მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კალაძე პოლიციას ცესკოზე თავდასხმის მაქსიმალურად "რბილი" ძალის გამოყენებისთვის მადლობას უხდის

კახა კალაძე პოლიციას ცესკოზე თავდასხმის მაქსიმალურად “რბილი” ძალის გამოყენებისთვის მადლობას უხდის

Published on

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე პოლიციას მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათ კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასმა “მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით” მოიგერიეს. 

“მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდაცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით”, – თქვა კალაძემ.

ის  პროტესტის მონაწილეებს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, არეულობა და შტურმი მოსახლეობას არ უნდა. 

ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან “მყისიერი თავდასხმა” ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

“შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა კობახიძემ მომიტინგეთა დარბევის პარალელურად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...