ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია განსახილველმა საკითხმა, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასული წლის 14 ივლისის დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უწყების იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ წარადგინა. ნუგზარ სარიას განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, მოხდა გარკვეული ფუნქციების დაზუსტება თვითმმართველობის წარმომადგენლობის და აღმასრულებელ ორგანოებში. ცვლილებები შეეხო რამდენიმე უფლებამოსილებას, კერძოდ, შესყიდვების გეგმისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებას. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მოხდა საკითხის დაზუსტება და რეგულირება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სხდომის ბოლოს მედიისთვის კომენტარი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, გადაწყვეტილებით იზღუდება საკრებულოს უფლებამოსილება. ამასთან, ირღვევა ევროპული ქარტიის მნიშვნელოვანი დათქმა, რომელიც ძლიერ წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს გულისხმობს. საბოლოოდ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით მოხდა. მას მხარი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს.