პრეზიდენტის დღე

Published on

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუბილარია, იგი 1969 წლის 4 სექტემბერს არის დაბადებული და ალბათ ბევრ მილოცვას მიიღებს მათგან, ვისაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვს მის, როგორც პიროვნებისა და პრეზიდენტის მიმართ და, შესაძლოა, მათგანაც, ვინც მასზე განსხვავებული აზრისაა, მაგრამ მისი სახით პრეზიდენტის ინსტიტუტს სცემს პატივს, თუმცა ამ უკანასკნელთა რიცხვი ალბათ დიდი არ იქნება.. . 

საქართველოში, სამწუხაროდ,  ჯერაც არ ჩამოყალიბებულა არათუ პრეზიდენტის დაბადების დღის აღნიშვნის,  საერთოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემის ტრადიცია, თუმცა კი ეს უკვე მეოთხე პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტი საქართველოში დევნის ობიექტია, საკმარისია აღინიშნოს, სად და რა ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემოქმედია, როგორ იდევნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მრავალი  წლით დაააჩქარა ქვეყნის აღმშენელობა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რაც შეეხება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, მოწმენი  ვართ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების წარმომადგენლებისა და,  რაც ყველაზე აბსურდულია,  გაურკვეველი ფუნქციის მქონე არაოფიციალური მმართველის  არაერთი მცდელობის ,,ნებისაებრ" მართონ და თავიანთ  ჩრდილში მოაქციონ იგი, რაც  საბოლოო ჯამში   პრეზიდენტის ინსტიტუტის დამაკნინებელი და შესაბამისად, ქვეყნის საზიანო მოქმედებაა.

საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღე  კარგი მიზეზია  იმისათვის, რომ გადავხედოთ,  რა ტრადიციებია ჩამოყალიბებული ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. ბევრ  პოსტსაბჭოურ ქვეყანაში პრეზიდენტის დაბადების დღე საბჭოთა ეპოქის ძველი პარტიული ლიდერების დაბადების დღის მსგავსად ფაქტობრივად გაფეტიშებისა და მაამებლობის დემონსტრაციად  არის ქცეული, რაც ნებისმიერმა დემოკრატიულმა, ან დემოკრატიულობის ამბიციის მქონე  ქვეყანამ უნდა უკუაგდოს, მაგრამ არსებობს სხვა მაგალითიც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დამკვიდრებული,   აქ პრეზიდენტის დაბადების დღე ტრანსფორმირდა პრეზიდენტის დღედ, რაც ამ ინსტიტუტისადმი  პატივისცემის  ჯანსაღ გამოხატულებად არის ქცეული. ყოველი წლის თებერვლის მესამე ორშაბათი აშშ – ში დასვენების დღეა. ამ დღეს ქვეყანა პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს.

პრეზიდენტის დღედ წოდებულმა ზეიმმა ამ ქვეყანაში სათავე აიღო 1782 წელს, 22 თებერვალს, როცა ვირჯინიის შტატში  პირველად  აღინიშნა   საზეიმოდ ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღე, ვირჯინიას მალე სხვა რამდენიმე შტატმაც მიბაძა, ხოლო სამი წლის შემდეგ ოფიციალურად   გამოცხადდა საერთო ეროვნულ დღესასწაულად. ამ დღეს იმართებოდა მეჯლისები, აღლუმები, საზეიმო სადილები, მდინარეების გასწვრივ ანთებდნენ კოცონებს. 

მეოცე საუკუნის 70 – ან წლებამდე  ეს დღე ექსკლუზიურად ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული და აღინიშნებოდა 22 თებერვალს, მაგრამ პრეზიდენტ ნიქსონის შეთავაზებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეს დღე განზოგადებულიყო როგორც პრეზიდენტის დღე და ვაშინგტონის სახელთან ერთად დაკავშირებოდა აშშ -ს მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სახელსაც, ამან კი დღის წესრიგში დააყენა დღესასწაულისათვის სხვა, ,,ნეიტრალური'' თარიღის განსაზღვრა. სწორედ ეს გახლავთ თებერვლის მესამე ორშაბათი, რომელიც უქმე დღედ გამოცხადდა.

პრეზიდენტის დღეს ვაშინგტონის სახლ – მუზეუმში იმართება ტრადიციული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სტუმრებს უმასპინძლდებიან  ,,კერძით ,,მამა- ფუძემდებელი" – ეს გახლავთ სიმინდის მოხალული ფქვილისგან თაფლისა და ერბოს შერევით მოზელილი ხმიადი. თუ საქართველოს სინამდვილეს დავუბრუნდებით, ამგვარი ნაცხობი  სამეგრელოში ცნობილია ,,ქუმუს'', დანარჩენ საქართველოში –  ,,ქუმელის"  სახელით.

რაც შეეხება პრეზიდენტის დღეს საქართველოში, ალბათ მაინც ისტორიამ უნდა განსაზღვროს ვინ იყო ჩვენი ვაშინგტონი და ვინ – აბრაამ ლინკოლნი ( აქ საქმე მხოლოდ ნუმერაციაში არ არის) , უფრო სწორად გვასწავლოს ჩვენი ვაშინგტონის და ლინკოლნის დაფასება. 

 

 

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...