მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოლხი კაცების ოქროს საყურე

კოლხი კაცების ოქროს საყურე

Published on

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''

 

მეოცე საუკუნეში, ახალგაზრდული სუბკულტურების გაჩენის კვალდაკვალ, საკაცო საყურემ ახალი დატვირთვა შიძინა, მან დაკარგა სოციალური  მდგომარეობის ამსახველი ატრიბუტის  მნიშვნელობა და უნისექს ატრიბუტად იქცა, იგი  გახდა არსებულისადმი, კონსერვატიულისადმი  მოჯანყე ახალგაზრდების პროტესტისა და ამავე დროს თვითდამკვიდრების მცდელობის ნიშანი.   სწორედ ამით აიხსნება ის, რომ კონსერვატიული საზოგადოების მიერ საყურე ტატუაჟთან ერთად, უკიდურესად ნეგატიურად, ტრადიციების დარღვევად  აღიქმება, თუმცა კი სინამდვილეში ეს ტრადიციის თვალასაზრისით  სრულიადაც არ არის ასე.
 
ეს უნდა ახსოვდეს მას, ვისაც  ამ საყურის ჩამოსაგლეჯად, თუ იმ ორიენტაციის წინააღმდეგ   გაურბის ხელი, რომლის ნიშნადაც ამ ნივთს აღიქვამს. მით უფრო, რომ  არავისა აქვს უფლება იყოს მსაჯული  სხვის პირად ცხოვრებაში.
 
ნუ შევქმნით ტრაგედიას იმისგან, რომ ჩვენი ბიჭები ზოგჯერ ყურში საყურესაც იყრიან.  
იქნებ გავიხსენოთ, რომ არაფერია ახალი ამ ცის ქვეშ…ბოლოსდაბოლოს  მსოფლიოში უძველესი საკაცო საყურე შვიდი ათასი წლით თარიღდება, დავით აღმაშენებლისა და ლევან მეორე დადიანის საყურეები ხომ  სრულიად განსაკუთრებული საკითხია ჩვენთვის.
 

 
,, სქან (ყ)ანჭის – ოქროშ ოუჯე“ – ,,შენს ყაჭს – ოქროს საყურე“ – ასეთი იყო ლოცვის ფორმულა, რომელსაც სტუმარი შეაგებებდა მასპინძელს, თუკი  შინ აბრეშუმის ჭია ესვა. თავისი არსით ეს ფორმულა ატარებს  იგივე შინაარსს, რასაც ფორმულა ,,ჯვარი სწერია''.  ეს მაგიური ფორმულა იყო ღერძი  კვიკვინასთვის – აბრეშუმის, ნართის მფარველი ღვთაებისათვის,  ,,ძაფიშ შური'' – ძაფის სულისთვის აღვლენილ ლოცვებშიც. კვიკვინაზე ჩვენ სხვა დროსაც ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა პასუხი კითხვაზე:  რატომ ოქროს საყურე და რატომ – აბრეშუმის ჭიას? 
 
ამ დალოცვაში ჩაშიფრულია უძველესი ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანს საღვთო დანიშნულების საქმისადმი, საკრალიზებული ნივთისა და არსებისადმი გამორჩეულად ლოიალური დამოკიდებულება და კრძალულება მართებდა. (სხვათაშორის, ამის მაგალითია ამა თუ იმ ღვთაებაზე შესახელებული საზვარაკო ხარ–ძროხის ტაბუირებული სახელი ,,პატენია'' და ასევე შესაწირავი მამლის სახელი  ,,საანგელოზო მუმული''). 
 
რაც შეეხება აბრეშუმის ჭიას, იგი მრავალი მიზეზით ასოცირდებოდა საღვთო საქმესთან, რადგან, ჯერ ერთი, აბრეშუმის პარკი და ჭია იყო იობი – ხატპეპელას (სახელიც თავისთავად მეტყველებს ამაზე)  ერთ-ერთი სახეცვლილება, მეორეც, აბრეშუმისგან იკერებოდა  საღვთო ან ღვთის სწორთა, წარჩინებულთა შესამოსელი და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ლოიალობასა და პატივისცემას იმსახურებდა ყველასგან.
 
ცალკე საკითხია, რომ ოქროს საყურე იყო თილისმა, რომელსაც ,,ცუდებაშე'' – გაცუდებისგან უნდა დაეცვა აბრეშუმი (ამ შემთხვევაში),  უფრო განზოგადებულად კი –  სადიდებულო, საღვთო  ნიშანიც. რაკი   თილისმა ვახსენეთ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კავკასიის მთიელებში ოქროს საყურეს, ოქროს რგოლს უკეთებდნენ დედისერთა ვაჟს ან ვაჟს, რომელიც წინამორბედი შვილის, ბიჭის გარდაცვალების შემდეგ იბადებოდა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ეს ბავშვი განსაკუთრებით იყო მოსაფრთხილებელი და სალოლიავო ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც.
 
თუ  საკაცო საყურის ისტორიას გადავხედავთ, ძველი ეგვიპტე, ანტიკური სამყარო, შორეული აღმოსავლეთი თუ ინდოეთი, ყველა კულტურა თავისებურად ავითარებდა საყურის სხვადასხვა კონცეფციებს.  უპირველესი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ საყურე   მაგიური სიმბოლიზმით სცილდებოდა სამკაულის  ბანალურ შინაარსს და  სამკაულზე არანაკლებ ( თუ მეტადაც არა)   საკულტო, საკრალური დანიშნულება ჰქონდა   სხვადასხვა დროში (შხვადოშხვა შვანს) .
 
 საყურე ( ოყუჯე), ისევე როგორც ბეჭედი ( მარწკინდი), ჩვენს  ტრადიციებში,  ძველი კოლხეთის დროიდან  მოყოლებული,  იყო ერთ–ერთი მთავარი ინსიგნია, სწორედ სამეფო, სადიდებულო ინსიგნია და არა უბრალოდ შესამკობელი, თუმცა უმნიშვნელო არც ეს უკანასკნელი დანიშნულება გახლავთ, რადგან სამკაული მისი მატარებელის  ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, ქვეშევრდომებისგან  განსხვავებულობის და მისი ზეაღმატებულების ნიშანი იყო. 
 
სწორედ ამით აიხსნება  საყურის სიმრავლე  დიდებულთა  უძველეს აკლდამებსა და სამაროვნებში, მათ შორის  ნოსირის სამაროვანში, რომელიც ჩვ. წ – მდე მე–8 – მე–7 საუკუნეებით თარიღდება. გვაქვს უფრო ადრეული ხანის დასტურიც –  ოქროსსაყურიანი და ხატისუღლიანი კაცის რკინისგან ნაჭედი  ფიგურა, რომელიც  ვანის ძველკოლხურ  სამაროვანშია ნაპოვნი ( ძვ. წ. III საუკუნე).  
 
აქვე უნდა გავიხსენოთ  მშვენიერი ქართული ფრესკები და მათზე გამოსახული ჩვენი მეფეები, ერისთავები და წარჩინებულები, რომელთაც საყურე უკეთიათ. ალბათ, სხვაზე უწინარეს გაგონდებათ მეფეთ–მეფე დავითი, რომელსაც გელათის ფრესკაზე სასფეთქლე – საყურე უკეთია, და, რა თქმა უნდა, წალენჯიხისა და ხობის მონასტრების მოხატულობა, სადაც ლევან დადიანი და მისი ბიძა გიორგი ლიპარტიან – დადიანი საყურეებით არიან გამოსახულნი.
თუ ლევან დადიანის საყურე მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, გრიგოლ დადიანის გრძელი საყურე მთელი მშვენებით მოჩანს, ეს არის რგოლზე დაკიდებული მწვანე ფოთოლი, რომელზედაც მიმაგრებულია ლალი და ბოლოვდება მარგალიტით, ამ პატიოსან თვლებსაც   ყველა დროსა და ქვეყანაში სამეფოდ მიიჩნევდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ საყურე უკეთიათ ნაბახტევისა და  ნიკორწმინდის ფრესკებზე მთავრებს – წულუკიძეებსა და აბაშიძეებს.
 
ყველა სამეფო, სადიდებულო საყურე მასიურია, ძვირფასი ქვებით დამძიმებული და ალბათ იბადება კითხვა, რა ყური, რა ბიბილო უძლებდა მათ ტარებას. დავით აღმაშენებლის ჯვარი და ხმალი ნებისმიერ კაცს მოდრეკს წელში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ტარებას დავითის სული სჭირდება, მაგრამ ამავე დროს თითქოს სჭირდება ჩვენი  სათაყვანო, ორმეტრიანი გოლიათის    საკვირველი ფიზიკური ძალაც…არადა,  საყურე, ბიბილო აქ არაფერ შუაშია, რადგან ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი მეფეები უპირატესად ატარებდნენ არა ყურში გასაყრელ, არამედ   ყურის ნიჟარაზე  ჩამოსაცმელ საყურეს.
 
გასაყრელი საყურე ადრე უფრო ქურუმების ანუ ღვთის მონების და წარჩინებულთა მონების პრეროგატივა  იყო, თუმცა კიდევ უფრო შორეულ ხანაში, მაგალითად, შუმერების ძალმოსილების ხანაში, ყურში გასაყრელ საყურე- რგოლს  უკეთებდნენ ღვთაებების, კერპების გამოსახულებებსაც. უძველესი ასეთი საყურე სწორედ შუამდინარეთშია აღმოჩენილი და  4500 წლისაა. იგი,  სავარაუდოდ, ჯარისკაცს ეკუთვნოდა და  ამა თუ იმ ჯარისადმი მისი კუთვნილების ნიშანი იყო.
ევროპელ მეზღვაურებში გახვრეტილი ყური  და მასში გაყრილი რგოლი   ნიშნავდა იმას, რომ მან მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, ოქროს რგოლს ისინი ატარებდნენ სხვა  მიზნითაც – თუკი ზღვაში დაიღუპებოდნენ და ტალღა ნაპირზე გამორიყავდა, ოქროს საყურე მათი ქრისტიანული წესით დაკრძალვის საფასური უნდა ყოფილიყო.
 
მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რამდენ საყურეს ატარებდა მამაკაცი, წყვილს თუ ცალს, რომელ ყურზე ატარებდა და რა ფორმისას, ორივე ყურზე ერთნაირს თუ განსხვავებულს, მაგალითად, სპარსეთის მეფეებს ცალ ყურზე რკინის რგოლი ეკეთათ, მარჯვენაზე უსათუოდ ოქროსი და მარგალიტისთვლიანი. მარჯვენა ყურზე ატარებდნენ საყურეს ჭაბუკები ათენში.
 

საკაცო და საქალო საყურესაც, გარდა იმისა,რომ სადიდებულო ნიშანი და თილისმა იყო,  ჰქონდა თვალისჩინის გაძლიერების ძალა. სხვათა შორის, მთიანი სამეგრელოს– ლაკადას მოხუცი ქალები ბოლო დრომდე მოითხოვდნენ გოგონასთვის ყურის ადრეულ ასაკში გახვრეტას და ამას ხსნიდნენ იმით, რომ ოქროს საყურე ან ყურში გაყრილი წითელი ძაფი ბავშვს თვალს უწმენდს – ,,თოლს გინუწიმინდანს, თოლიშ სარკეს უსინთიერენს''. საინტერესოა, რომ ამას ადასტურებს თანამედროვე აკუპუნკტურაც – ითვლება, რომ ყურის ბიბილოზე არის წერტილი, რომელიც დაკავშირებულია მხედველობასთან. 
 
მაგრამ ჩვენი ბლოგის თემასთან კონტექსტში მთავარია  საყურის, როგორც   სხვათათვის უხილავის დანახვის უნარის მიმნიჭებელი  ძალა. ითვლებოდა, რომ  საყურე ხელს უწყობდა მხედველობის კონცენტრაციას, მზერის ჩაბრუნებას საკუთარ სულში ან მიღმიერ სამყაროში, სწორედ ამით, აიხსნება საყურიანი თუთაშის –  მთვარის ქურუმის სახე  ხალხურ წარმოსახვაში – საყურე თუთაშის გამორჩეული ინსიგნიაა და მისი ღმერთთან კავშირის ნიშანი. 
 
მსგავსი რამ გვაქვს  ხვარამზის პოეტურ ხატშიც:  ,,ყურზე ეკეთა საყურე, უჟღრიალებდა ქარიო“, ამ შემთხვევაში ძალიან შორს ვერ წავალთ, მაგრამ ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ხვარამზე მზის ქალია, ხოლო ქარი, რომელიც მას საყურეს უჟღრიალებს, ცით მონაქროლია, მიღმიერი, მისტიური.
 
რაც შეეხება საყურის ესთეტიკას  მხედველობისა და საყურის კავშირის კონტექსტში, ცნობილია, რომ თვალი ირეკლავს საყურის ფერებს – შესაბამისად,  მისი ბრწყინვალება გადადის თვალზე.რაც უფრო ბრწყინავს იგი, მით მეტად უციმციმებს ქალს თვალები, ხოლო კაცის, მით უფრო მეფის შემთხვევაში, საყურის ანარეკლი მის მზერას დიდებულებას, თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას მატებს და მისთვის ქვეშევრდომისგან თვალის გასწორება მით უფრო ძნელია. 
 
მეოცე საუკუნეში, ახალგაზრდული სუბკულტურების გაჩენის კვალდაკვალ, საკაცო საყურემ ახალი დატვირთვა შიძინა, მან დაკარგა სოციალური  მდგომარეობის ამსახველი ატრიბუტის  მნიშვნელობა და უნისექს ატრიბუტად იქცა, იგი  გახდა არსებულისადმი, კონსერვატიულისადმი  მოჯანყე ახალგაზრდების პროტესტისა და ამავე დროს თვითდამკვიდრების მცდელობის ნიშანი.   სწორედ ამით აიხსნება ის, რომ კონსერვატიული საზოგადოების მიერ საყურე ტატუაჟთან ერთად, უკიდურესად ნეგატიურად, ტრადიციების დარღვევად  აღიქმება, თუმცა კი სინამდვილეში ეს ტრადიციის თვალასაზრისით  სრულიადაც არ არის ასე. ეს უნდა ახსოვდეს მას, ვისაც  ამ საყურის ჩამოსაგლეჯად, თუ იმ ორიენტაციის წინააღმდეგ   გაურბის ხელი, რომლის ნიშნადაც ამ ნივთს აღიქვამს. მით უფრო, რომ  არავისა აქვს უფლება იყოს მსაჯული  სხვის პირად ცხოვრებაში.
 
ესეც გაივლის. საკაცო საყურის მიმღებლობის გრადაციები  ნაცნობია  მთელ ევროპაშიც. დღევანდელობაზე რომ არაფერი ვთქვათ,  ერთი პერიოდი ის მკაცრად აკრძალეს საფრანგეთშიც, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ რომელიღაც ლუდოვიკომ თავად გაიკეთა საყურე და ვეღარავინ გაბედა, რომ ეს მამაკაცისთვის შეუფერებელ სისუსტედ და განაზებად ჩაეთვალა.
 
ნუ შევქმნით ტრაგედიას იმისგან, რომ ჩვენი ბიჭები ზოგჯერ ყურში საყურესაც იყრიან.  
იქნებ გავიხსენოთ, რომ არაფერია ახალი ამ ცის ქვეშ…ბოლოსდაბოლოს  მსოფლიოში უძველესი საკაცო საყურე შვიდი ათასი წლით თარიღდება, დავით აღმაშენებლისა და ლევან მეორე დადიანის საყურეები ხომ  სრულიად განსაკუთრებული საკითხია ჩვენთვის.
 
 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...