რატომ დუმს პრეზიდენტი? რა პოზიცია აქვს დღევანდელი აქციის მიმართ? – ეს კითხვები რამდენიმე დღეა დაისმის სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მრავლისმნახველ მოქალაქეებს აოცებთ გიორგი მარგველაშვილის დუმილი ქვეყანაში განვითარებული პროცესების მიმართ.
დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ სცადა, თუმცა მისმა განმარტებებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა – რატომ აფიქსირებს მრჩეველი ასე გაუბედავად პრეზიდენტის პოზიციას, ან რა აიძულებს პრეზიდენტს ასე ირიბად, მრჩევლის მეშვეობით გაუგზავნოს ხალხს ერთობ ამორფული და არამკაფიო მესიჯი?
მარტოდენ იმედების გამოთქმა, რომ ყველაფერი მოგვარდება, არ არის ის, რასაც პრეზიდენტისგან უნდა ელოდეს ხალხი, ვისზე ამყარებს პრეზიდენტი ამ იმედებს, ვინ წყვეტს ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების საკითხს, ვინ არის ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი? რატომ ახდენს პრეზდენტი (ისიც თავისი მრჩევლის პირით) ხალხის ფაქტობრივ გადამისამართებას ვიღაც სხვაზე თუ რაღაც სხვა უწყებაზე, გინდ ჩრდილოვანი და გინდ დე-ფაქტო მთავრობა ერქვას მას? ვისი თუ რისი მძევალია იგი?
შეგახსენებთ პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელ განცხადებას მედიისათვის:
,,საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშუალებებს, ბუნებრივია, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ”რუსთავი 2”-ს, რადგან ის არაერთხელ იყო გარკვეული საფრთხის ქვეშ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. დღესაც ძალიან რთული სანახავია, როდესაც აქტიური, კრიტიკული ტელევიზიის სიუჟეტების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ შავ კვადრატს.
”ძალიან დიდი იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ”რუსთავი 2”-თან, მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდეს ტელეკომპანია, არ დაზრალდნენ ჟურნალისტები და მათ თავისუფლად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, არ დაზრალდეს მაყურებელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს არჩევანი სხვადასხვა ტიპის ტელევიზიებს შორის, სხვადასხვა ტიპის გადაცემებს შორის და ჰქონდეს ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.