ნახვაწა

Published on

ზვიად კვარაცხელიას ბლოგი

გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ეს ამბავიც ჩემს ბავშვობაში იქნებოდა ჩამარხული. ხომ არის, რაღაცების ბოლომდე დავიწყება რომ გინდა – ზოგის სამართლიანად და ზოგისაც უსამართლოდ – მაგრამ მაინც გინდა აღარ გაიხსენო.

90-იანების დასაწყისში იყო, სამეგრელო რომ მოოხრდა შინა და უცხო მარბიელებისგან; მერე კიდევ დევნილთა დიდ ნაკადს დაუხვდა ზუგდიდი და ცალკე პრეზიდენტ გამსახურდიას მასპინძლობის გამო, ლამის იყო ოჯახ-ოჯახ აგებინეს ხალხს პასუხი. აი, მაშინ, მე, ჩემი ძმა და და-ძმა თოლორაიები ხუთი-ექვსი წლისები ვიყავით. ერთ ეზოში ვიზრდებოდით და ლუკმას ვიყოფდით, რაც იმათ გაუჩნდებოდათ, ჩვენ გვიტეხდნენ, რასაც ჩვენ გამოგვიგზავნიდნენ, იმათთან ვიზიარებდით. ჩვენი მამები უცხოეთში იყვნენ, რაღაც იმდროინდელი ბიზნესპროექტის მაგვარი უნდოდათ აეწყოთ, მაგრამ კაპიკებს გამორჩებოდნენ ხოლმე, ისიც იშვიათად, თუ გაუმართლებდათ, მაშინ.

სიმინდი და რძის პროდუქტი მაშინ არ აკლდა სამეგრელოს, ბებიაჩემი სოფლიდან შვიდ კილომეტრს გამოივლიდა უტრანსპორტობაში, ადუღებული რძე რომ მოეტანა და მხოლოდ ათი წუთით დარჩებოდა ჩვენსას, – ქალაქში თქვეს, ეგებ ავტობუსი იყოს ხუთზე და წამიყოლოს ცაიშისკენო. ძროხებიც ჰყავდა, ქათმებიც და ისეთი შებოლილი ყველი მოჰქონდა, მისი უკეთესი მაგის მერე აღარც გამისინჯავს.

მენიუს წამყვანი ატრიბუტები, ცხადია, ღომი-ყველი და ლობიო იყო, თანდართული კომბოსტოს მჟავეთი. სკოლიდან დაბრუნებულები გემრიელ და არომატულ სადილს რომ მოვილევდით, ღუმელზე შემოდგმულ ქვაბს მივადგებოდით, სადაც ღვთაებრივი დესერტი გვეგულებოდა.

ალიო ქობალიას „მეგრულ ლექსიკონში“ ნახვაწა ამგვარადაა განმარტებული: „ღომის ქერქი, შერჩენილი ქვაბის ფსკერსა და კედლებზე“. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მოდით, ამ განმარტების შიგანშიც შევიჭვრიტოთ ერთი:

დანა-ჩანგლებით შეიარაღებულები ქვაბის კედლებიდან ვაცლით ქერქს, ზოგი მჭიდროდაა აკრული, მიმხმარია, მაგის ჩამოცლას სხვა გემო და შიშხათი აქვს, სურნელიც სხვანაირი ასდის. ნაკუწ-ნაკუწ იცლება ხრატუნა ნახვაწა, თეფშზე გადმოგვაქვს ან ხელში ვიჭერთ მოზრდილ ნაჭერს და ვაკნატუნებთ. აკნატუნე და რაზეც გინდა ილაპარაკე, წყალს მოგთხოვს თუ პურს! ჰა და ჰა, ერთი-ორჯერ კბილებშუა გაგეჩხიროს ან ღრძილს გაეხახუნოს უსიამოდ, წამსვე მოუნაცვლებ გვერდს და შენია!

თოლორაიებთან ვართ, ადამიანურ დუმილს მთლიანად თრგუნავს ნახვაწას კნატუნი და ხრაშუნი. ვხედავ გამომელია, ვის გინდა თხოვო, ნინიკოსკენ ვაპარებ თვალს, ისიც მამჩნევს, მცირე ნაჭერს გამომიწვდის და ამით კმაყოფილი მეუბნება:

– იცი, ჩემმა კლასელმა რა მითხრა?
– რაო?
– ნახვაწა ისე მიყვარს… ისე მიყვარსო, რომ აი, სნიკერსს მირჩევნიაო.

ამის თქმა იყო და – უაჰაჰაჰა, – აგვიტყდა სიცილი, გაგვცვივდა ხელიდან შერჩენილი ნახვაწები, ცრემლი წაგვსკდა, ერთმანეთს ვაწყდებით ბიჭები, ნინიკო კი გაკვირვებული გვიყურებს, მერე თვითონაც ეღიმება, მაგრამ უკან არ იხევს.

– არა, როგორ თქვა, რას მირჩევნიაო? – არ ვეშვებით.
– დამანებეთ თავი!
– თქვი, თქვი, როგორო, რას მირჩევნიაო?!

უაჰაჰა, უაჰაჰა…

გაჭირვებას და ამ ნაუცბათევად ჩამოვარდნილ კრიზისს რა ვუთხარი, თორემ არც გამახსენდებოდა ეს ეპიზოდი – სევდიანიც და სასაცილოც. ბავშვი რისი ბავშვია, ყველაზე დამთრგუნველი უპურობა, ტკბილეულის გაქრობა თავისი რეალობით – ნახვაწის ყოველდღიური ულუფით – არ გააქარწყლოს, არაფრად აქციოს ფუფუნების საგნები. ის, რაც ყველაზე მეტად ენატრება და უნდა, მაგრამ მიუწვდომელია, ამიტომ რაღაცით უნდა დააკნინოს, იმისი გემო იმ რაღაცაში, მისთვის ხელმისაწვდომში უნდა გააზავოს, გადმოასახლოს…

ეგ იყო ის დრო, დუხჭირი და დაუწყობელი, მაგრამ მის გაუხსნებლადაც რომ ვერ გაგვიძლია?!

მასწავლებელი გე

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...