მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ბერთიშ ყოთამა'' ( ბელტის სროლა) და კრატერები მთვარეზე

,,ბერთიშ ყოთამა” ( ბელტის სროლა) და კრატერები მთვარეზე

Published on

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის  მოზაიკა'' 
 
ცაში ბელტის ასროლის რიტუალში დევს  კოლხი ვარსკვლავთმრიცხველების – მერცხულეების საზრისი იმის შესახებ, რომ ლაქები მთვარეზე მიწიდან ატყორცნილი საგნების დაცემით წარმოიშვა. 1959 წელს, როცა პირველად მოხერხდა მთვარის იმ მხარის დასურათება, რომელიც დედამიწიდან უხილავია, აღმოჩნდა, რომ კრატერები მხოლოდ ჩვენსკენ მოქცეულ ნახევარსფეროზეა გაჩენილი, ესეც  დასტური იმისა, რომ კრატერი  დედამიწიდან გატყორცნილი ნამსხვრევების ნაკვალევია.  ვინ იცის, ,,ბერთიშ ყოთამა“ ამ ცოდნის ანარეკლია.

 
 
ახალმთვარიანობას, მთვარის წელიწადის დასაწყისში, ორშაბათ დღეს, მთვარის დღეს – თუთაშხას  მეგრელები აღავლენდნენ ლოცვას, რომელსაც თუთაშხა ბედინერი, ოთუთაშხურე ერქვა. ამ ლოცვას ერთვოდა სხვადასხვა მისტერია, რომელიც აერთიანებდა და მოიცავდა მთვარის შესახებ თუთაშური ცოდნის გაუცნობიერებელ დანაშრევებს. ამ მისტერიების ორგანული ნაწილია   ბერთიშ ყოთამა – ბელტის რიტუალური ასროლა ცაში, რომელიც მხოლოდ ოთხაშურობას სრულდებოდა (თუ არ ჩავთვლით ბელტის შეხლას კდელზე ახალი წლის ღამეს, რითაც ცალკერძ კაცის სულისა და საქონლის ბალახივით გახშირებას შესთხოვდნენ ღმერთს, ცალკერძ  აძლიერებდნენ სახლის თავადაცვისუნარიანობასა და სიმტკიცეს:  ძველი ციხე–სიმაგრეები ხომ დიხა – ჯიხა– თიხისაგან იგებოდა. რით არ არის ოთხაშურობის ბელტის სროლაც მთვარის გაძლიერებისა და გავსების  ხელშემწყობი რიტუალი) .
 
ოთუთაშხურე ლოცვას ბენდიდა – ოჯახის დედა, ქალი მლოცველი აღავლენდა, რაც ცოტა უჩვეულოა მეგრული ლოცვებისთვის, რომელთაც, როგორც წესი, ბენკოჩები, ოჯახის მამები, მლოცველი კაცები ასრულებენ, თუ არ ჩავთვლით  საკუთრივ ქალთა საიდუმლო (,,სალამოსო") ლოცვებს, რომლებიც  უშუალოდ ქმარ–შვილის გაძლიერებასა და ჯანმრთელობაზე იყო მიმართული.
 
ოთუთაშხურე ლოცვისთვის მზადებას დიასახლისი ახალმთვარეობის მეორე დღეს ანუ ბნელი მთვარის მეორე დღეს, გამთენიას იწყებდა.  ეს იყო ერთ–ერთი  იმ ორი დღისგან, როცა მთვარე არ ჩანს დედამიწიდან, რადგან მთვარესა და დედამიწას შორის მზეა ჩამდგარი და ყველა და ყოველი ახალი მთვარის, ნამგალა მთვარის დაბადების მოლოდინშია.
 
დიასახლისი ამ დღეს მთლიანად თეთრად იმოსებოდა და თუნდაც მგლოვიარე ყოფილიყო, ძაძებს ზანდუკში ან თვალისგან მოფარებულ ადგილას გადამალავდა.
სალოცავ ტაბლაზე, იქნებოდა ეს კალათი, გობი თუ ხონჩა, ყველა სხვა საწირთან ერთად,  თუ ოჯახს ამის საშუალება ჰქონდა, აუცილებლად უნდა დებულიყო ვერცხლის ძაფი ან ვერცხლის სხვა რამ ნაკეთობა, უპირატესად ვერცხლის პატარა რომბისებური ფირფიტა, რადგან 
ვერცხლი მთვარის საკულტო მეტალია, მისი სიწმინდის სიმბოლიკა, ვერცხლის ფირფიტა კი თავისი ბუნებრივი ვიბრაციით მთვარესთან იდუმალმეტყველების საშუალება.
 
მლოცველი დედა, ბენდიდა ადრიანად გაუშვებდა ბავშვებს მინდორში, რომ თოვლში გამოექექათ ბალახიანი ბელტები, უფრო ადრეულ ხანაში ეს გაცილებით იოლი იყო, რადგან ხალხი მთვარის კალენდრით ცხოვრობდა და ახალი წელიც გაზაფხულზე დგებოდა, როცა მინდორში მოლი იყო მოძალებული.
 
ასე იყო თუ ისე, ბალახიანი ბელტები მომარაგებული იყო და კერის გარშემო დალაგებული იმ დროისათვის, როცა ცას ახალი,  ნამგალა მთვარე და ვარსკვლავები დააჩნდებოდა. ბენდიდას ნიშანზე მთელი სახლეული გარეთ გადიოდა, რომ იგი  მთვარესთან პირისპირ დარჩენილიყო. ბენდიდა  კარებს მიხურავდა, სანთელს აანთებდა, დაიჩოქებდა, სალოცავ ტაბლას წაღმა დააბრუნებდა და დაილოცებოდა – თუთაშ ჯღვერი, სქანი ბედინერი დუს უხვამანქი ჩქიმ ქომონჯი დო სქუალეფიშ სასინთელოთ, ფუძე–ნერჩი ქომითხილე ირი ჭირშე, ფათარაკიშე, სინჩხეშე, ჩხურუშე, უბადო შეხვამილაფაშე, სი დომითხილე, თუთაშხა ბედინერი, ჩქიმი სქი გააბრალი, წი მუდა კოჩიდუნი, იდა ჟირ კვერით გიხვამანქი, წანას მაჟირა თეზმა რდასუნ თეშ გააბრალი ჩქინ უდეს კოჩ დო ოსური. – მთვარე წინამავალო, შენს ბედნიერ თავს შემოგვედრი ჩემი ქმარ–შვილის ჯანმრთელობას, ფუძე–  ნერჩი დამიცავი ყოველი ჭირისგან, ფათერაკისგან, სიცხისგან, სიცივისგან, ცუდის შეხვედრისგან , ჩემი ძე გაამრავლე, წელს რამდენი კაცი იყო, იმდენი ორი კვერით გილოცავ, გაისად ორგზის გაამრავლე ჩემს სახლში კაცი და ქალიო.
ლოცვის გასრულების შემდეგ დიასახლისი კარს გააღებდა და  ოჯახის წევრებს შინ მოიხმობდა. თითოეული აიღებდა თითო ბალახიან ბელტს და ცაში აისროდა: ღმერთო და თუთაშხა ბედნიერო, ამ ბალახავით გაამრავლე ამ ოჯახში ადამიანი და საქონელიო.
 
ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ მივიწყებული თუთაშური მითოსური ცოდნის დანაშრევები. მთელი ეს რიტუალი მთვლემარე, მიძინებული ცოდნით არის გაჟღენთილი. 
მლოცველი ქალის თეთრი სამოსელი მთვარის ქურუმების – მამრი თუთაშების რიტუალური სამოსლის ფერისა გახლდათ, თუ უფრო ახლო წარსულში გადმოვინაცვლებთ,    მთვარის ქურუმი ქალებისა მას შემდეგ, რაც მამა–მთვარე ანტიკური სამეზობლოს ზეგავლენით დედა–მთვარე გახდა.
 
რაც შეეხება თავად ბელტის ასროლას ცაში, მის მისტიურ საბურველში დევს  შორეული მითოსური პლასტი, კოლხი ვარსკვლავთმრიცხველების – მერცხულეების საზრისი იმის შესახებ, რომ ლაქები მთვარეზე წარმოიშვა მიწიდან ატყორცნილი საგნების დაცემით. სხვათაშორის, ამ თუთაშური ცოდნის კვალი ჩარჩენილია ზღაპარში, ,,რატომ აქვს მთვარეს ლაქები'', რომლის თანახმად, მენახირემ ფუნა ესროლა მნათობს.
 
მნიშვნელოვანია და ჟრუანტელის მომგვრელი ის, რაზეც შეჯერდნენ გვიანი ხანის ასტრონომები – მათი საზრისით, მთვარე წარმოიშვა ცის ნატეხისგან ( ცაშ ნოტეხი), რომელიც კოსმოსში რიკოშეტით აიტყორცნა დედამიწიდან უცნობი ციური სხეულის დაცემის შემდეგ. სხვა ჰიპოთეზით, კრატერები მთვარის ზედაპირზე მიწიდან ატყორცნილი ნატეხების დაცემის შედეგად გაჩნდა.
და ბოლოს, 1959 წელს, როცა პირველად მოხერხდა მთვარის იმ მხარის დასურათება, რომელიც დედამიწიდან უხილავია, აღმოჩნდა, რომ კრატერები მხოლოდ ჩვენკენ მოქცეულ ნახევარსფეროზეა გაჩენილი,  თუ რამე , ესეც დედამიწიდან გატყორცნილი ნამსხვრევების დასტური და მთვარისაკენ მიწის ბელტის რიტუალური ასროლის ახსნა შეიძლება იყოს.
 
ვინ იცის, ,,ბერთიშ ოთამა“ ამ ცოდნის ანარეკლია.
 

სიახლეები

სასამართლომ ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა...

მედია- ტრამპი და ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში ომი ორ კვირაში უნდა დასრულდეს

ებრაული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის...

მიხეილ სააკაშვილი თარგამაძეზე-მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება

ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტ საბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა. 2004...

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი...