,, რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი დაუწერია"' – ასეთი პოსტი შეაგება ფეისბუქმომხმარებელმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ლაშა დამენიას განცხადებას, რომელიც მან smo news – თან საუბარში გააკეთა დღეს.
ლაშა დამენია ცდილობს არც მეტი, არც ნაკლები, თავად სანდრა რულოვსს გადააბრალოს მოგებული არჩევნების წაგება ზუგდიდში: ,,ზუგდიდში კანდიდატი დროულადაც არ იქნა წარდგენილი და წინ მხოლოდ ერთი თვე გვქონდა მისი წარდგენიდან. ამას ისიც ემატებოდა, რომ სანდრა რულოვსი საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”. მას უწევდა სწორედ ამის გამო სხვადასხვა რეგიონში მოძრაობა, ზუგდიდი კი განზე რჩებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანია არასრულფასოვანი იყო, რამაც ასახვა ჰპოვა შედეგებზეც.''-
ასე გამოეხმაურა იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ,,არჩევანისთვის'' მიცემულ ინტერვიუში იმის შესახებ, რომ “სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება“.
თავი დავანებოთ იმას, რომ ლაშა დამენია ამ განცხადებაში თავის თავს ეწინააღმდეგება, ზუგდიდს ახსოვს მისი ხმაურიანი განცხადებები იმის შესახებ, თუ რა მანქანებით ცდილობდა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ზუგდიდში, თუმცა კი, არათუ ასეთი ენთუზიაზმით, გაკვრითაც არასოდეს გაუცია პასუხი უხერხულ კითხვებზე, რომელიც შტაბის უუნარობას თუ შეგნებულ წაყრუებას ეხებოდა.
დიახაც, ამომრჩეველს აღელვებდა ის , რომ შტაბის რეაქცია საარჩევნო უბნებში მომხდარ ინცინდენტებზე და ქართული ოცნების მხარდამჭერების თავგასულობაზე ან ძალიან დაგვიანებული, ან ძალიან სუსტი იყო, დიახაც, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის, ბიულეტენების ჩაყრის, რასაც ხედავდა რიგითი ამომრჩეველი, მაგრამ ამ ფაქტების დოკუმენტირება ადგილობრივმა ლიდერებმა ან ვერ შეძლეს, ან არ მოახდინეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და თავიანთი სისუსტის გამართლებას ყოვლად მიუღებელი, უღირსი სვლებით ცდილობენ.
როგორც ჩანს, ბოკერია – უგულავას გუნდმა რაღაც ისეთ მალამოს მიაგნო, რომელიც კორცხელში ივანიშვილის დაკუნთული ბიჭებისგან მიღებულ ტრავმებს უკვალოდ აქრობს.
დრო რომ ჭრილობებს კურნავს, ცნობილია, მაგრამ იგი ღირსებას ვერ ახუნებს – ეს უღირსი განცხადება ბადებს ეჭვს, რომ ამ მალამოში დრო კი არა, რაღაც სხვა ინგრედიენტი გაურიეს.