ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.
ამრიგად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვერ შეძლო დამტკიცება იმისა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.