მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, დემონსტრანტები კი სპეცრაზმით დაარბია, შეაჩერა ანაკლიის პროექტი და სრულად მიიტაცა სახელმწიფო, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო. რეაქცია ამ წერილებზე მთავრობის მხრიდან მწვავე და ხისტი განცხადებებით პასუხობს , თუმცა გასარკვევია, მხოლოდ ქართულ მედიაში გაკეთებული განცხადებების თუ საპსაუხო ოფიციალური წერილების სახით – მთავრობა ან საპასუხო წერილების წერას ვერ ბედავს, ან საგულდაგულოდ უმალავს ქართულ საზოგადოებას
“ როდესაც ჩვენ, პოლიტიკოსებს, ამერიკის კონგრესიდან პოლიტიკოსები გვისვამენ კითხვებს და გვწერენ წერილს, ჩვენი პასუხი ამაზე არის, რომ ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და მათთან გვექნება პირდაპირი, ღია საუბარი – რა მოხდა, როგორ მოხდა”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
,,განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს “ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები” – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე პასუხად
“წუხილით მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ უწყობს ხელს კონგრესმენების ეს განცხადება ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორბის განმტკიცებას… ამაზე ხისტი განცხადება მეტი რა უნდა გავაკეთოთ, როცა მე პირადად ასე მგონია, რომ ეს ხელს არ უწყობს და ხელს უშლის, პირიქით, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ურთიერთობას და თუ რამეს ხელს უწყობს, უწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმ ინტერესებს, რომელიც აღვივებს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში. სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია ამას ადასტურებს, რომ ეს არის კონგრესმენების პირადი პოზიცია და არა ამერიკის შეერთებული შტატების”– ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იმედის კითხვას “უფრო ხისტი ხომ არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოზიცია კონგრესმენების განცხადებების და ტვიტების მიმართ”.