არის თუ არა პარტიის თავმჯდომარის საკითხზე უკომპრომისობა ბელადომანობა და კერპთაყვანისმცემლობა? რა განსხვავებაა ბელადსა და ლიდერს შორის? პასუხი ამ კითხვაზე საქართველოში გაცემულია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩაიშალა მცდელობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უარყოფისა ხალხისაგან, რომელმაც არ მიიღო ლოზუნგი ,,ყველა – მინუს ერთი'' და ჯერ ქვეყნის მართვა ჩააბარა, ხოლო, როცა საარჩევნო ბიულეტენები თავზე გადაახიეს და სიკვდილის მანქანა აამოქმედეს – მთაწმინდაზე აიყვანა იგი. მაგრამ როგორც ჩანს, ამბიციურ ადამიანებს უჭირთ განშორება ილუზიასთან, რომ ხალხი შეიძლება დააფრთხო კერპთაყვანისმცემლის დამღით და დიდი ხნით მოახვიო თავს მიუღებელი, სწორედ ამ ამბიციებით აიხსნება გარკვეული ჯგუფის ამჟამინდელი მცდელობაც ბელადობასთან ბრძოლის სახელით მოახდინონ ლიდერისგან დისტანცირება და მის მიერ შექმნილი, თავის მხრებზე ნატარები პარტიის უზურპაცია.
,,გაგულისებით ამტკიცებენ, ეგენი ბელადომანები არიანო, ზუსტ მეცნიერებებს არ ცნობენო, პარტიის თავჯდომარეს ცარიელ სკამს უნახავენო…– წერს ზაალ სამადაშვილი, რომელიც ეხმაურება ოთო კახიძის გუშინდელ გამოხდომას და არაპირდაპირ, მაგრამ იოლად ამოსაკითხ მინიშნებას მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელი სკამის საჭიროების შესახებ. – 'არადა, ცარიელი სკამი, რომლის შესახებაც საუბრობენ – არ არსებობს. რომ არსებობდეს კიდეც, არავის ჭირდება. მას, ვის სახელსაც სკამთან აკავშირებენ, კუთვნილი ადგილი ადამიანების გულებში აქვს დამკვიდრებული, როგორც ბრძოლის, დაუღალავი გარჯის და გამარჯვების სიმბოლოს. რეალობა ასეთია,მოსწონთ თუ არა ეს მათემატიკისა და სოციოლოგიის უბადლო მცოდნეებს. ''
,,დღს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას აჩვენებს იქნება თუ არა ერთიანი და რა გზას აირჩევს – გახსნის თავის კარს თუ არა. გაიგონებს ასობით ათასი მისი ამომრჩევლის ხმას თუ არა. – წერს დავით დეფი გოგიბედაშვილი – და თუ კი ენმ-ის პოლიტიკოსები ჩემს ხმას ისმენენ ვიტყვი – მიხეილ სააკაშვილთან ყველანაირი ფორმით მათი გამიჯვნა მომავალი თაობებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და სიბილწე. ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს.ასეთი ამბები ისტორიული სირცხვილისთვისაა ყოველთვის განწირული და მომავალში შანსი არასდროს აქვთ.''
და ბოლოს, არჩილ გამზარდია, რომელსაც ნამდვილად ვერ უწოდებ მიხეილ სააკაშვილისა და საერთოდ ენმ – ს მხარდამჭერს წერს: სააკაშვილის მიმართ რა შეფასებაც გინდა მქონდეს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მისივე შექმნილი პარტია, მისივე შექმნილი აქტიორები პარტიაში, მისივე დადებული რეიტინგის ფონზე, რა ფორმით შეიძლება გამართლდეს სააკაშვილის მოცილების მცდელობა პარტიიდან. წესით, ასეთ დროს, გადის ხალხი და ქმნის სხვას, მაგრამ სააკაშვილს აახიო პარტია, გაუგებარია.''