ქირსამზა – ქირსეთუთა, ქრისტეშობისთვე (აფხაზების საშობაო – საახალწლო მისტერიები)

0
1353

ნონა ქობალიას ბლოგიდან ,,მთვარის მოზაიკა”

აფხაზების საშობაო – საახალწლო რიტუალები და მისტერიები, ტერმინოლოგიისა და ლოცვის ფორმულების  ჩათვლითაც კი , ძალიან ახლოა მეგრელთა წეს –ჩვეულებებთან  და ეს  უსათუოდ არის დასტური აფხაზების სრულიად განსაკუთრებული სიახლოვისა  მეგრელებთან, რომელთა გულებზე გადის მათი გზა ზოგადქართული სამყაროსაკენ.

 ტრადიციული წლიური სადღესასწაულო ციკლი აფხაზეთშიც დეკემბრის მიწურულიდან იწყება.  თავდაპირველად იგი ზამთრის ბუნიობას უკავშირდებოდა, შემდგომში კი შობის დღეს –ქირსეს – აფხაზურად – ,,ქირსას’’ .

ერთი შეხედვით, უცნაური ჩანს, რომ აფხაზეთში, სადაც ქრისტიანობამ ისე ვერ დაასუსტა  წარმართული ზნე – ჩვეულებები, როგორც დანარჩენ საქართველოში (ამასთან აფხაზთა ნაწილი ისლამს მიიჩნევს თავის რელიგიად), შობა  საერთო – სახალხო დღესასწაულივით აღინიშნება, მაგრამ ფაქტი სახეზეა –   შობადღეს (მართალია, ოდნავ თავისებურად) აღნიშნავენ გუდაუთის თემშიც კი (იმ განსხვავებით, რომ საშობაო ღორს არ კლავენ), მაგრამ სხვა დანარჩენში აფხაზების საშობაო – საახალწლო რიტუალები და მისტერიები, ტერმინოლოგიისა და ლოცვის ფორმულების  ჩათვლითაც კი, ძალიან ახლოა მეგრელთა წეს –ჩვეულებებთან. 

 საინტერესოა და მრავლისმეტყველი  ისიც, რომ დეკემბერს – ქრისტეშობისთვეს, მეგრულად ქირსეთუთას,  აფხაზურ კალენდარში ქირსამზა ( ქირსა – ქირსე– შობა, ამზა – თუთა – თვე) ეწოდება.  აფხაზები ერთმანეთს შობას ულოცავენ სიტყვებით: ქირსა–ბზიალა! ( ქირსე– ჯგირობუა, ქირსე ჯგირ თოლით გიჯინე,  სიტყვასიტყვით: ქრისტე კეთილად გიმზერს) და ეს ყველაფერი უსათუოდ არის დასტური აფხაზების სრულიად განსაკუთრებული სიახლოვისა  მეგრელებთან, რომელთა გულებზე გადის მათი გზა ზოგადქართული სამყაროსაკენ.

ძველად აფხაზები  შობის წინა ღამეს ადრე წვებოდნენ, რომ შუაღამით, შობის დადგომას ფეხზე შეხვედროდნენ. საშობაო  ლოცვა და მისტერიებიც ამ დროს იწყებოდა, რადგან ხსნილი დგებოდა. აბჟუში –  შუასოფელში  შობის დადგომის შემდეგ კლავდნენ საშობაოდ ნასუქ ღორს, ბზიფის მხარეში – თხას ან ხბოს, საკლავის გარკვეულ ნაწილს, უპირატესად შიგნეულს, სახელდახელოდ მოხარშავდნენ,  ღომს ჩაზელდნენ და სხვა კერძებით გაწყობილ  საშობაო სუფრას მიუსხდებოდნენ. ამის შემდეგ ისევ წვებოდნენ და გამთენიამდე იძინებდნენ, თუმცა დიასახლისი და ოჯახის თავი დილამდე განაგრძობდნენ  ფუსფუსსა და მზადებას შობა დილის ლოცვისთვის.  საკლავის თავ–ფეხსა და სხვა ნაწილებს მთელი ღამით   შუაცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში ჩატოვებდნენ, რომ დილისთვის კარგად ჩაქლამულიყო, ღამითვე დაკლავდნენ იმდენ ქათამს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, დააცხობდნენ მაზვარებს – საწირ კვერებს, ჩამოქნიდნენ ( აუცილებლად მამაკაცი) სანთლებს.  ყველაფერს რომ მორჩებოდნენ, გამოაწყობდნენ  სალოცავ ხონჩას  დილის საშობაო ლოცვისთვის.

ლოცვას ასრულებდნენ  საკრალური, სალოცავი  ხის ძირას თავიანთ ეზოშივე ან ხატის ტყეში, უპირატესად, თხილიანში – თხინაში ისე, როგორც მეგრელები ,,დოდგიმირს’’ მუხის ჭალაში . მთელი საწირი ანუ საშობაო სალოცავ ხონჩაზე ნადები ხორაგი  ლოცვის ადგილზევე   უნდა შეეჭამათ, ხოლო ნარჩენები ცეცხლში დაეწვათ, რომ ძაღლს, სხვა შინაურ ცხოველს ან ნადირს  არ წაებილწა საღვთოდ განკუთვნილი. ეს ადათები ახლა მოდერნიზებულია, ტრანსფორმირებული და თავდაპირველი სახით კანტიკუნტად, მხოლოდ  ღრმა სოფლებში და ტრადიციულ, კონსერვატიულ ოჯახებშია შემორჩენილი . 

გარდამავალ ღამეს,  ახალი წლის დადგომამდე მცირე ხნით ადრე,  სრულდებოდა  სამყაროს შექმნისა და განახლების რიტუალური მისტერია, რომელსაც შუასოფლის – აბჟუს ( ოჩამჩირე – ტყვარჩელი) აფხაზები აჟირნიხვას, ხოლო ბზიფელი აფხაზები ხიჩხვამას, ხეჩხუამას  უწოდებენ ( ერთი ვერსიით, ეს ხეშ ხვამაა ( ხელის დალოცვა), მეორით -ღეჯხვამა, ღეჯითხვამა( ღორით ლოცვა)

რა შუაშია სამჭედლო და მჭედელი ახალ წელთან? აფხაზებისა და მეგრელების საზრისით, ადამიანის გაჩენისას ცაზე მისი ბედის ვარსკვლავი ჩნდება, ხოლო სიკვდილის დადგომისას ცას წყდება, ციდან იშლება. (სხვათა შორის, ამას უკავშირდება მეგრული წყევლა – რინამოლასირი – სიცოცხლე წაშლილი, ვარსკვლავწაშლილი).

ამასთან არის დაკავშირებული რწმენა –წარმოდგენა, რომლის თანახმად, მჭედელთა მფარველი ღვთაება შაშვ არის სამყაროს შემქმნელისა და დამმაგრებლის ( ქიანაშ გორჩქინუ დო დამარგებუ) ჰიპოსტასი, ხთონური თვისებების მატარებელი მითოსური პერსონაჟი, ხოლო სამჭედლო – სამსკნელიანი სამყაროს მოდელი, რომელიც დაკავშირებულია ციურ და მიწისქვეშა ცეცხლთან ( გრდემლზე უროს დარტყმისას ატყორცნილი ვარსკვლავური ნაპერწკლები და ქურაში მოგიზგიზე ცეცხლი ზესკნელისა და ქვესკნელის სიმბოლოა, სამჭედლო – შუასკნელისა), მჭედელი – შაშვ  არის შუამავალი ადამიანსა და ზეცაში და ქვესკნელში მობინადრე ღმერთებს შორის,  ის აჭედებს ბედის ვარსკვლავებს ცაზე, მასზეა დამოკიდებული, რამდენად მყარად და დიდხანს დარჩება ეს ვარსკვლავი  ცაზე,  ახალი წლის ღამეს გრდემლზე უროს დარტყმის რიტუალიც ამას უკავშირდება. ამიტომ ლოცავს მთელი სოფელი მჭედლის მხარ – მკლავს, ამიტომ მიჰყავთ ვაჟები სამჭედლოში და შესთხოვენ მჭედელს კარგად მიაკრას ვარსკვლავი ცას, მის სახელზეც დაჰკრას ურო გრდემლზე, ამიტომ დარბიან ბავშვები კარდაკარ, რომ მოაგროვონ და სამჭედლოში მიიტანონ  თითოეული ოჯახისაგან შემოწირული ხორაგი – სახეხუნჯო

საინტერესოა, როგორ ხდება, რომ გუდაუთაში, რომელიც  უფრო შორს არის მეგრელებით დასახლებული ადგილებიდან, ვიდრე ოჩამჩირე,  საახალწლო  მისტერიის საწყისის – მჭედელთა მხარ–მკლავის დალოცვის სახელი  მეგრულ ხეშხვამას, ხეხუნჯობას უკავშირდება (ერთ–ერთი ვერსიით, ღეჯხვამას, ღორის საწირით ლოცვას) მაშინ, როდესაც შუასოფელში მისი სახელწოდებაა აჟირნიხვა – სამჭედლოს ლოცვა – ოჭკადურეშ ხვამა.  

დღესასწაულის დადგომამდე მცირე ხნით ადრე ოჯახის ნაყარი ( გუნორთი, გამნაჭყანი, გამნარყი) , სახლიდან წასული ყველა წევრი ჯინჯუდეში, დიდმამისეულ, ძირ სახლში –  ბუდეში ბრუნდება, რომ ოჯახურ დღესასწაულში დაიდოს წილი.   ოჯახის თავს საგვარეულო სამჭედლოში მიჰყავს შესაწირი საქონელი.  შაშვს –მჭედლების მფარველ ღვთაებას ( წმინდა სოლომოს) მსხვერპლად თხას ან მამალს სწირავენ, ამასთან რიტუალური  თხა უსათუოდ უნიშნო თეთრი უნდა იყოს). მამას უკან მიყვებიან შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ხოლო, თუ ფანიას ( ოჯახის)  უფროსი  ახალგაზრდაა და ჯერ ასე არ გამრავლებულა,  –   ძმისშვილები, ბიძაშვილები, მათი შვილები (ბოლო დროს გამონაკლისის სახით  – მამიდაშვილებიც, დისშვილებიც) .

რადგანაც  ხეჩხუამა -აჟირნიხვა ოჯახურ, საგვარეულო საკურთხეველში – სამჭედლოში, აჟირაში სრულდება მამის ხაზით ნათესავების მონაწილეობით, სხვა გვარის წარმომადგენლები – ოჯახის დედის, ცოლის და რძლების მხრიდან სახლში რჩებიან.  სამჭედლოში ყველანი ქუდმოხდილნი და ქედდადრეკილნი შედიან და აუნთებელი სანთლებით ხელში გარს უვლიან გრდემლს. მლოცველი – მახვამერი ლოცვას აღუვლენს შაშვს.

ლოცვის გასრულების შემდეგ გარეთ გადიან,  დაკლავენ შესაწირ პირუტყვს, უპირატესად თხას, აქვე დაკლავენ თითო ყვინჩილას  ყველა მამაკაცისთვის, და ისევ სამჭედლოში შედიან და ჯამში შეგროვებულ სამსხვერპლო სისხლს გრდემლს შეასხურებენ.  მლოცველი მარცხენა ხელში იღებს ხარგას – თხილის წკირს, ზედ ჩამოცმული სამსხვერპლოს ნეკნებით, გულითა და ღვიძლით, პურის ნატეხით, მარჯვენა ხელში დაიჭერს ჭიქა ღვინოს და თავიდან წარმოთქვამს ლოცვას შაშვისადმი თხოვნით შეიწიროს  ზვარაკი. თითოეული მამაკაცი ანთებს სანთელს, რომელიც ოჯახის მამას წინასწარ აქვს მათთვის ჩამოქნილი, კიდევ ერთხელ შემოუვლის წრეს გრდემლის გარშემო და მორჩილად თავდახრილი დგას, სანამ სანთელი  ჩაიწვება. ყველა დალევს თითო ჭიქა ღვინოს, შეაყოლებს თითო ლუკმას საზვარაკე ხონჩიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებიან სახლში, რომ საახალწლო სუფრას მიუსხდნენ. 

 შემთხვევითი არ არის, რომ ამ ღამეს ხდება შეგირდების კურთხევა ოსტატებად,  ესეც შემოქმედის მარადიული ახალგაზრდობისა და განახლების ძალის სიმბოლური გამოხატულებაა. 

 შობის დილას, სამჭედლოში გამართული რიტუალის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ,  აფხაზები საახალწლო სუფრას უსხდებიან და პირველი ჭიქით, ჯამით  ( ატარით) ახალ წელს ულოცავენ ერთმანეთს: ჭაანბზიალა აშყუს ჭიც! სუფრაზე  ძირითადად მშრალად მოხარშულ ან ბოლში გამოყვანილ საქონლის ხორცსა და წკირზე შემწვარ ქათამს, ხაჭაპურს, ღვეზელს (აჩაშვ), შებოლილ და ახალ სულუგუნს,  არიცვმგვალს (ნიგვზიანი მჭადი), აკვაკვარს (რიტუალური კვერი),  აშვჩაპანს (გებჟალია, გადაზელილი ყველი), აბისთას  (ღომი),  აგვამჩაფას ( საკლავის ნაცარწყალში გარეცხილი და მოხარშული, სიგრძივ დაჭრილი  ნაწლავებისა და ფაშვის ნასერისაგან დაწნული გრეხილი),  აჯიკას  ( მარილში ასვრემილი წიწაკის ფხვნილი), ტკბილეულიდან – აჯანჯუხს ( ჯანჯუხა, ჩურჩხელა), აქალამიშს (ფელამუში) , მაზვარს ( თაფლიანი და ნიგვზიანი ქადა) დებენ. ღვინოებიდან უპირატესობას ანიჭებენ შინ დაყენებულ ღვინოს, წითელსაც და თეთრსაც… ამ ღამეს თავს ხდიან ახალ წელზე შესახელებულ რიტუალურ ქვევრს.  

 აფხაზური ტრადიციით, უწლოვანებს საუფროსო ტაბლაზე არაფერი ესაქმებათ, მათ ცალკე ტაბლასთან სვამენ და უფროსებზე ადრე აწვენენ. სხვათაშორის, საშობაო, საახალწლო და საერთოდ ზამთრის გრძელ ღამეებში  ბავშვებს აფხაზური ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან ძირითადად უყვებიან ამბებს აცანებზე – ქონდრისკაცებზე, აცანგვარაში – ქონდრისკაცების სოფელში მოსულ ბამბის თოვლზე და   თოვლის კაცზე, ეს უფრო ბიცოლების, ოჯახის რძლების საქმეა, რადგან ბაბუებს ასეთ ღამეებში ამისათვის არ სცალიათ, აფშუმარეი–ასასრეი (სტუმარ – მასპინძლობის) მთავარი პერსონაჟები არიან.

 რაც შეეხება ახალგაზრდებს,   ოჯახური სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ კარს გარეთ გადიან, რომ სხვებსაც მიულოცონ უკვე შემოსული ახალი წელი. სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ ,,მეალილეების’’, მალანურების რიტუალური მსვლელობის ძირითად მონაწილეებს. დილით ოჯახის ერთერთი წევრი, უპირატესად, უფროსი მამაკაცი ან უმცროსი ვაჟი, ბავშვი, რომელსაც ბედნიერი ფეხი აქვს, ასრულებს ფერხობის რიტუალს, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით იმეორებს მეგრელებისა და სხვა ქართველი ტომებისათვის დამახასიათებელ მსგავს რიტუალებს – ფერხვას, მეკვლეობას, მაკუჩხურობას, კუჩხიბედინერს. 

 აფხაზებში იციან სუროსა და თხილის ყვავილედის გამოკიდება სახლის წინკარში, ჯარგვლის, ბოსლის, სათხებოს ( მარაკას), ნალიის  ღიობებში,  რომ ხვავი, ბარაქა და მარადმწვანე, უჭკნობი სიცოცხლე დაებედოს ოჯახს.რადგანაც ახალი წელი განახლების მომასწავებელია, საახალწლო რიტუალებში  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენძელას, წელში გატეხილი ზამთრის სიმბოლოს, აუცილებელია  საახალწლო სუფრაზე იდოს ენძელების თაიგული, ენძელებს  მიმოფანტავენ ფაცხის მიწურ იატაკზეც, ზუსტად ისე, როგორც ბაიას – ბაიობისა და მიზიტხუს (მინდორთბატონის) ობაზე ( მეგრულად – დღარ ბაიობას). ახლადამოწვერილი ენძელების გამოძებნა თოვლში მოზარდებს ევალებათ. დეკემბრის მიწურულისთვის ბარის აფხაზეთში ენძელები იშვიათი არ არის, რადგან  ზამთარი აქ არცთუ ძლიერ მკაცრია. 

თხირიშ ქუჩუჩი – თხილის ჩიჩილაკი აფხაზებმაც იციან, მათი საზრისითაც ეს  მზის სადგომი წმიდა ხეა, იქ დღემდე ლოცულობენ არასაზე – თხილის ხეზე, ბოლო დრომდე არსებობდა საღვთო თხილნარები. თხილის ხის თაყვანისცემა – აჯნიხვას,  ამშაპის (მუხის ლოცვის) დონეზე იყო აყვანილი, საგანგებოდ აცხობდნენ მასზე შესახელებულ კვერებს, რომელთაც საწირი ხონჩითა და ანთებული სანთლებით დგამდნენ ხის ძირას და ისე შესთხოვდნენ მფარველობას. თხილის ჩიჩილაკი და ყვავილედი საფერხო ტაბლაზე სწორედ თხილის თაყვანისცემის გადმონაშთია, სხვათაშორის, შესახელებულ კვერებს ჩიჩილაკსაც უცხობენ და საფერხესთან შემოუწყობენ

 ამბობენ, რომ ახალი წლის საკრალურ ღამეს მიცვალებულთა სულები შინ ბრუნდებიან… ( იქ, ჩვენს გადაბუგულ ნასახლარებზე  ვიგულვოთ ახლობლები?)  

აფხაზების ცხოვრებაში  უმთავრესი მორალური კოდექსის – აფსუარას პოსტულატი არის   პატიოსნება და  თავის დაცვა აფხაშიარა – სირცხვილისაგან. შობა – ახალი წელი  განახლების იმედებით არის სავსე.  ფხაშაროუპ – სირცხვილია, რომ  ესოდენ ახლობელმა ადამიანებმა უცხოს მივეცით ჩვენს შორის ჩადგომის უფლება. მაგრამ ალბათ დადგება დრო , როცა უხინჯო გულით ვეტყვით ერთმანეთს: ქირსა ბზიალა, ჭაანბზიალა აშყუს ჭიც!  შობა–ახალ წელს გილოცავთ! ბედნიერებას გისუვებთ: ჰაიცგირგიოუ ჰნეილააიტ!

წინა სტატიაწარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ [Video]
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: სულ ყველაფერს ვყიდულობ, ვყიდულობ და ვყიდი მე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური